რეზონანსი
17.09.2025

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანის ფაქტზე უკრაინის ორი მოქალაქის დაკავების შესახებ უკრაინის საელჩო ინფორმირებულია.

როგორც სუს-ში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, დაკავების შესახებ კანონით დადგენილი წესით ეცნობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც თავის მხრივ აცნობა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელს, კერძოდ, ანდრი ბილიკს.

„მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ერთ-ერთი მოწმე პირდაპირ მიუთითებს უკრაინის სპეცსამსახურებზე, როგორც დანაშაულის შემკვეთზე, აღნიშნული ორი პირის დაკავებისთანავე, ჯერ კიდევ იმ ეტაპზე, როცა გამოძიება მხოლოდ ერთი მუხლით იყო დაწყებული, კანონით დადგენილი წესით ეცნობა საგარეო საქმეთა სამინისტროს. ჩვენთვის ცნობილია, რომ სამინისტრომ ასევე დაუყოვნებლივ აცნობა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელს, კერძოდ, ანდრი ბილიკს. ამ უკანასკნელს დადასტურებული აქვს შესაბამისი ოფიციალური გზავნილის მიღებაც“, – აცხადებენ სუს-ში.

უკრაინის საელჩომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია: „ყოვლისმომცველ ზომებს ვიღებთ, რათა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისგან მივიღოთ ნებართვა უკრაინელ მოქალაქეებთან შესახვედრად და დაკავების გარემოებების გასარკვევად“.

ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს. როგორც 11 სექტემბერს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, მიმდინარე წლის 10 სექტემბერს უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავმა MERCEDES-BENZ-ის მარკის სატვირთო ავტომანქანამ უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით, თურქეთიდან გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და საბაჟო-გამშვები პუნქტის, „სარფის“ გავლით ქვეყანაში შემოვიდა. მისი შეჩერების და გადამოწმების შედეგად ავტომანქანაში ნაპოვნია წინასწარ საგულდაგულოდ შენიღბულ სამალავებში მოთავსებული 2.4 კილოგრამის ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“.

სუს-ის ინფორმაციით, ოპერატიული მასალების მიხედვით, უკრაინიდან შემოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერების დანიშნულების ბოლო ადგილად იკვეთება თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×