
უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. სამშვიდობოები ფაქტობრივად საოკუპაციო ძალები იქნებიან და რუსი სამხედროებისთვის ლეგიტიმური სამიზნეები გახდებიან, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დიპლომატებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ევროპა ე.წ. სამშვიდობოების, ფაქტობრივად კი, საოკუპაციო ძალების შექმნას განიხილავს, ასევე საუბრობენ უკრაინის თავზე მფრინავი ობიექტების ჩამოგდების, ფრენების აკრძალვისა და საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ. ევროპა უკრაინაში თავისი კონტინგენტების გაგზავნასაც განიხილავს, რომლებიც, როგორც უკვე ვთქვით, ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებად ჩაითვლებიან", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ასევე, ლავროვის თქმით, „კიევი „ომის პარტიის" პოზიციებზე დაყრდნობით მოქმედებს".
„ევროპაში, ასევე ამერიკაში, არიან პოლიტიკოსები, განსაკუთრებით კი კონგრესში, რომლებიც ამ პარტიას მიეკუთვნებიან", - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორსა და ანალიტიკოს, ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ რუსეთის მუქარის მიუხედავად სამშვიდობოები უკრაინის ტერიტორიაზე მაინც განთავდებიან. ნიკა ჩიტაძე ასეთ შემთხვევაში რუსეთის მხრიდან მნიშვნელოვანს არაფერს ელოდება.
„ჩემი აზრით, ყველაფრის მიუხედავად სამშვიდობოებს მაინც გაგზავნიან. ეს არის სერგეი ლავროვის მხრიდან შანტაჟის ენა. ჯერ ერთი, საოკუპაციო ძალები რუსეთისთვის უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსდებიან, თან იმავე სახელმწიფოს ნებართვით. ეს არის უკრაინის კომპეტენცია, სად განთავდებიან სამშვიდობო თუ სხვა სახის ძალები. ეს არის რეალობა.
ასე რომ, რუსეთის შანტაჟის მიუხედავად მაინც არ დაიხევენ უკან. ასეთ შემთხვევაში რუსეთის მხრიდან მნიშვნელოვანს არაფერს ველოდები, რადგან მგონია, რომ ბოლომდე დასავლეთს არ გადაიკიდებს. ამიტომ არ ველოდები, რომ როგორც კი სამშვიდობოები განთავსდებიან, ეგრევე მიზანში ამოიღებენ",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
ამასთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ ევროპარლამენტი კიევში თავის მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის უკრაინასთან ყოველდღიური თანამშრომლობისთვის. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მეცოლამ უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ევროპარლამენტის პრეზიდენტის თქმით, კიევში მისი ვიზიტის მიზანია უკრაინასთან თანამშრომლობის გაძლიერება.
„ჩვენ ვხსნით ევროპარლამენტის მუდმივ წარმომადგენლობას აქ, კიევში, რათა ვიყოთ წარმოდგენილი უკრაინაში და ვიმუშაოთ აქ, თქვენ გვერდით ყოველდღიურად", - განაცხადა მეცოლამ. მისი თქმით, ეს იყო ევროპის ვალდებულება უკრაინელების წინაშე, რომელსაც ის ასრულებს.
„ჩვენ ვართ აქ, თქვენთან და აქ ვართ იმისთვის, რომ დავრჩეთ. ასევე ვაცხადებთ: თქვენ არასდროს ივლით მარტო. როდესაც მშვიდობა დამყარდება, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენ გვერდით დგომას აღდგენისა და აღმშენებლობის პროცესში", - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რომელიც უკრაინის დედაქალაქში დღეს ჩავიდა.