
„კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. ბრალდებული გირაოს გადახდას არ აპირებს და ვრცელ განცხადებაში სხვებსაც მოუწოდებს, რომ მისი გირაო არავინ გადაიხადოს. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ხოშტარიამ პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული ჩადინა და შესაბამისი რეაგირება მოხდა.
ელენე ხოშტარიამ სახაზინო ადვოკატზეც უარი განაცხადა და მასთან იზოლატორში მისულ უფლებადამცველს არ შეხვდა. ხოშტარია არც სასამართლო პროცესს დასწრებია. გირაოს გადახდის ვადად კი 20 დღე განისაზღვრა. ხოშტარიამ მოგვინებით წერილი გაავრცელა, რომ ის გირაოს არ გადაიხდის.
„დღეს გარეთ თქვენთან ერთად ბრძოლა, ძალიან კარგად მესმის, თუ რა მნიშვნელობის არის, ამიტომ არავინ ჩათვალოს, რომ ციხეში ყოფნა ჩემი არჩევანია. ჩემი არჩევანია, არასდროს ისეთი არაფერი გავაკეთო ამ ბრძოლაში, რისიც ჩემს სინდისთან და თქვენთვის ახსნა არ შემეძლება.
გირაოს გადახდა და ამით გამოსვლა არ არის თავისუფლებაზე გამოსვლა, ეს არის ციხის კარის გაღებისთვის ხარკი, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ გადავიხდი. იმიტომ კი არა, რომ თავმოყვარეობას შემილახავს, იმიტომ, რომ ვერანაირი ბრძოლისთვის ვერ მოგიწოდებთ და ვერც ვიქნები ტყუილსა და ფარსში მონაწილეობის გზით. ჩემი პატიმრობა უკანონოა ისევე, როგორც უამრავი თავისუფალი ადამიანის. ოღონდ, პატიმრობა არ არის ბრძოლის გაჩერება, ამას ნამდვილად გპირდებით. გავიმარჯვებთ სახელოვნად! ბოლომდე!
P.S.: ვინმეს მიერ ჩემი გირაოს შეტანა იქნება ჩემთვის გულში დანის ჩარტყმა, არავის ვაძლევ ამის უფლებას", - ნათქვამია ელენე ხოშტარიას მიერ იზოლატორიდან გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია მიმდინარე წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება".
შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს.
პოლიტიკური შეფასებები
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აქცენტი ხოშტარიას ბრალდებაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ამ უკანსკნელმა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული ჩიდინა.
„ელენე ხოშტარიამ ჩაიდინა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული. ელენე ხოშტარია არის ზუსტად ის ადამიანი, რომელიც უარს ამბობს დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობაზე და გაცხადებული მიზანი აქვს, რომ შეუზღუდოს მოქალაქეებს არჩევნების გზით ნების გამოვლენა და ჩაშალოს დემოკრატიული არჩევნები.
რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუციის პრესსპიკერი მხარდაჭერას უცხადებს ასეთ ადამიანს, ეს არის სხვა არაფერი თუ არა ძალადობისთვის მწვანე შუქის ანთება. ფაქტობრივად, ჩვენ რაც მოვისმინეთ პრესსპიკერის მხრიდან, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის და დანაშაულის გამართლება და პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულისთვის მწვანე შუქის ანთება
პაპუაშვილი შეეხო ხოშტრიას იმ წერილს, სადაც გირაოზე საუბრობს.
„მას რომ რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული მილიონებიდან 0,001% საქართველოს ბიუჯეტისთვის გაემეტებინა, ის 5000 ლარი მოხმარდებოდა საქართველოს ბიუჯეტს, მაგრამ მას ეს რუსული ბიუჯეტიდან მიღებული ფული, ეტყობა, ენანება საქართველოს ბიუჯეტისთვის", - განაცხადა პაპუაშვილმა.
„ფაქტი იყო, რომ ეს ადამიანი მიზანმიმართულად ცდილობდა, რაღაცნაირად დაეკავებინათ. დააზიანა სხვისი ქონება, დააკავეს. ასეთი ამოცანა და მიზანი არავის არ ჰქონდა, უბრალოდ მიზანმიმართულად დაარღვია კანონის ისეთი მუხლი, რამაც დაკავება გამოიწვია."- განაცხადა კულტურის მინისტრის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა.
„კოალიცია ცვლილებებისთვის" სხვა წევრები კი ხოშტარიას გადაწყვეტილებას ეთანხმებიან, ამბობენ რომ სასამრთლო ფარსში მოანწილეობა თავის მოტყუებაა.
„სასამართლო ფარსში" მონაწილეობის მიღება თავის მოტყუებაა. „ეს არის ფარსი, რაც „ქართულმა ოცნებამ" დადგა. როგორც საარჩევნო ფარსი არსებობს, ასევე, არსებობს სასამართლო ფარსი, რომელიც, ფაქტობრივად, არ წარმოადგენს სამართალს და სამართლიანობას, ამიტომ ამ პროცესებში ნებისმიერი თანამონაწილეობა არის თავის მოტყუება და ივანიშვილის რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება, ფარსში თანამონაწილეობა.
მეორე საკითხი, რაც მნიშვნელოვანია და რაც ელენეს ფაქტორითაც გამოჩნდა, ივანიშვილმა უკვე დაიწყო იდენტურად იმ მეთოდების გამეორება, რაც რუსეთში იყო. კარგად გვახსოვს ომის დაწყების დროს, როგორ დააკავეს რუსეთში ადამიანები უბრალოდ, სუფთა ფურცლის [ხელში დაჭერის] გამო. იგივე არის ამ შემთხვევაში, ბანერზე მარკერით მინაწერის გამო აკავებს ადამიანს და 5 წლამდე სასჯელით ემუქრება",- განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა, „კოალიცია ცვლილებებიდან".