
კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან, ევროკომისია მალე სანქციების მე-19 პაკეტს წარადგენს, რომელიც მიზანში ამოიღებს კრიპტოს, ბანკებსა და ენერგეტიკას. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის პრეზიდენტთან ჩვენი ერთობლივი ძალისხმევების გაძლიერებაზე შევთანხმდით, რათა დამატებითი ზომებით რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა გავზარდოთ.
ევროკომისია მალე სანქციების მე-19 პაკეტს წარადგენს, რომელიც მიზანში ამოიღებს კრიპტოს, ბანკებსა და ენერგეტიკას. რუსეთის ომის ეკონომიკა, რომელსაც წიაღისეული საწვავისგან მიღებული შემოსავლები ინარჩუნებს, უკრაინაში სისხლისღვრას აფინანსებს. ამის დასასრულებლად ევროკომისია რუსეთის წიაღისეული საწვავის იმპორტის გაუქმების დაჩქარების წინადადებით გამოვა", - წერს ფონ დერ ლაიენი.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სანქციების მორიგ პაკეტს სკეპტიკურად უყურებს და ამბობს, რომ რეალურად რუსეთის ეკონომიკაზე არავითარ უარყოფით გავლენას არ ახდენს.
„როგორც წინა 18-მა სანქციამ აჩვენა მსოფლიოს, რუსეთმა, მათ შორის დასავლეთის ქვეყნებმა, ჩინეთმა, ინდოეთმა მაინც ნახეს შავი ხვრელები, რომ ყოფილიყო სავაჭრო-ეკონონიკური ურთიერთობა რუსეთთან. შეიძლება რაღაც სირთულეებით, მაგრამ მაინც მოახერხეს.
ის, რომ სამხედრო მრეწველობისთვის განკუთვნილი მიკროსქემები, სხვადასხვა ელექტრონული ხელსაწყოები გადიოდა გარკვეული ევროპული ქვეყნებიდან რუსეთში, თავად დასავლელი ანალიტიკოსები და გამომძიებელი ჟურნალისტები აღიარებენ.
ამ ფონზე, რა აზრი აქვს ასეთ ფიქტიურ სანქციებს, გინდ 19 იყოს და გინდ 39 პაკეტი, როცა არ მუშაობს? ვერანაირ გავლენას ახდენს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო პოტენციალზე, პირიქით, რუსეთი უფრო გაძლიერდა. თვითონ ნატოს ხელმძღვანელობა ამბობს, რომ მათ არ აქვთ იმ მასშტაბის პოტენციალი, რუსეთს იარაღის წარმოებაში დაეწიონ. ეს ხომ კატასტროფა და თვალთმაქცობის ზენიტია?
სანქციებს აწესებენ, მაგრამ, არ მუშაობს. ამ დროს კი, საქართველოს თავხედურად ამუნათებენ რიგი დასავლელი პოლიტიკოსები, რომ ჩვენ დავაწესოთ რუსეთზე სანქციები. არ ვიცი თავიანთ თავებს იტყუებენ, ევროპელ ამომრჩევლებს ატყუებენ თუ რაშია საქმე?
ამიტომ, რაც არ უნდა ქაღალდზე დაიწეროს, ნამდვილად არ მუშაობს. მაგალითად გუშინ რუსეთის პრემიერმა გამოაცხადა, რომ იწყებენ მასშტაბურ სარკინიგზო-სატრანსპორტო მაგისტრალის მშენებლობას. ვის წარმოუდგენია, რომ ქვეყანა, როცა ამხელა სანქციების ქვეშ არის, მას ჰქონდეს ამის დრო და საშუალება? გამოდის, რომ ყველაფერი ტყუილია და არაფერი შედეგი არ აქვს",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".