რეზონანსი
17.09.2025

ევროკომისიამ დღეს საბჭოს ევროკავშირსა და ისრაელს შორის ასოცირების შეთანხმების გარკვეული სავაჭრო დებულებების შეჩერების შესახებ წინადადება წარუდგინა, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

წინადადება ასევე ითვალისწინებს სანქციების დაწესებას „ექსტრემისტი მინისტრებისთვის“, დასავლეთ სანაპიროზე მოძალადე ახალმოსახლეების და „ჰამასის“ წევრების წინააღმდეგაც.

ევროკომისია ასევე აჩერებს ისრაელის მიმართ ორმხრივ მხარდაჭერას, სამოქალაქო საზოგადოებისა და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალის, მუზეუმის, „იად ვაშემის“ მხარდაჭერის გარდა.

„კერძოდ, ეს გავლენას ახდენს 2025-2027 წლებში დაგეგმილ დაფინანსებაზე, თანამშრომლობის მიმდინარე პროექტებს და ევროკავშირი-ისრაელის რეგიონული თანამშრომლობის ფონდის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ევროკომისიამ წინადადება ისრაელის მიერ შეთანხმების მე-2 მუხლის დაცვის გადახედვას მოჰყვა, რომლის თანახმადაც ისრაელის მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემის არსებითი ელემენტების დარღვევას. ეს ევროკავშირს აძლევს უფლებას, ცალმხრივად შეაჩეროს შეთანხმება.

„კერძოდ, ეს დარღვევა ეხება ღაზაში სწრაფად გაუარესებულ ჰუმანიტარულ სიტუაციას ისრაელის სამხედრო ჩარევის, ჰუმანიტარული დახმარების ბლოკადის, სამხედრო ოპერაციების გააქტიურებისა და ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილების შემდეგ, წინ წაეწია დასახლების გეგმა დასავლეთ სანაპიროს ე.წ. E1 ზონაში, რაც კიდევ უფრო ძირს უთხრის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ევროკომისია განმარტავს, რომ შეჩერება ეხება შეთანხმების ძირითად სავაჭრო დებულებებს და პრაქტიკაში ნიშნავს, რომ ისრაელიდან იმპორტირებული საქონელი დაკარგავს ევროკავშირის ბაზარზე შეღავათიან წვდომას. შესაბამისად, ამ საქონელს დაეკისრება იმ დონის გადასახადები, რაც ვრცელდება ნებისმიერ სხვა მესამე ქვეყანაზე, რომელთანაც ევროკავშირს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არ აქვს.

გადაწყვეტილება საბჭომ კვალიფიციური უმრავლესობით უნდა მიიღოს და ის ძალაში მიღების დღიდან შევა. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შეჩერების შესახებ ევროკავშირი-ისრაელის ასოცირების საბჭოს ეცნობება. შეჩერება ძალაში ასოცირების საბჭოსთვის შეტყობინების გაგზავნიდან 30 დღის შემდეგ შევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×