წლის დასაწყისიდან ფასები მუდმივად იზრდება და ჯერ არც ერთხელ არ შემცირებულა
გვანცა წულაია
16.09.2025

ბოლო პერიოდის ინფლაცია მზარდია და მომდევნო თვეებში კვლავ მატებაა მოსალოდნელი. ასეთი პროგნოზი აქვს ეკონომისტებს და სხვადასხვა ანალიტიკურ ცენტრებს. რთული სათქმელია რა მაჩვენებელზე იქნება მომდევნო თვეებში ფასების საერთო ინდექსი, თუმცა მოსახლეობას, რომ გაძვირებული პროდუქტები უკვე პრობლემად ექცა, აშკარაა. 

მთელი წლის განმავლობაში ინფლაცია ეტაპობრივად იზრდებოდა და აგვისტოში მისმა მაჩვენებელმა 4.6% შეადგინა, რაც მიზნობრვიზე 1.6%-ით მეტია, თუმცა უფრო პესიმისტური პროგნოზი აქვთ ეკონომისტებს და სხვადასხვა ანალიტიკურ ორგანიზაციებს. როგორც „თიბისი კაპიტალში" ვარაუდებენ, ინფლაცია მომდევნო თვეებში კიდევ მოიმატებს და 5%-ს გადააჭარბებს.

„სამომხმარებლო ინფლაცია ზრდას განაგრძობს და აგვისტოში 4.6%-ს მიაღწია, რაც კვლავ პროგნოზებთან თანხვედრაშია. „თიბისი კაპიტალის" უცვლელი პროგნოზით, ინფლაცია მომდევნო თვეებში მცირედით კიდევ მოიმატებს და 5%-ს გადააჭარბებს, თუმცა წლის ბოლოსთვის, საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, შემცირდება და, დაახლოებით, 4.5%-ს მიაღწევს. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ სეზონურად შესწორებულმა და გაწლიურებულმა თვიურმა ინფლაციამ ერთი პროცენტული პუნქტით ნაკლები - 3.5% შეადგინა", - წერია „თიბისი კაპოტალის" ანგარიშში. 

ინფლაციის დაჩქარებას ვარაუდობენ ეკონომისტებიც და ფიქრობენ, რომ ზამთრის თვეები საკმაოდ რთულად გასამკლავებელი იქნება. როგორც ეკონომიკის დოქტორმა ირაკლი მაკალათიამ "რეზონანსთან" აღნიშნა, მომდევნო თვეებში იმაზე გაცილებით მაღალი ინფლაცია ექნება საქართველოს, ვიდრე გასულ წელს ჰქონდა. 

„საერთოდ,პროგნოზირება ძალიან რთულია, თუმცა დინამიკაში რასაც ვაკვირდებით აგვისტოში დაფიქსირებული  4.6% თითქოსდა საგანგაშო მაჩვენებელი არ არის, რადგან მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოსაა, მაგრამ ყურადღებაა იმაზე გასამახვილებელი, რომ წლის დასაწყისიდან ფასები მუდმივად იზრდება. ეს პრობლემატური საკითხია და შესაბამისად, იმის ალბათობა მაღალია, რომ ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ გაიზარდოს. თანაც სტატისტიკურადაც რომ შევხედოთ, საბაზო ეფექტიც გამოიწვევს ამას, სხვა ფაქტორებს თავი რომ დავანებოთ, რადგან წინა წელს გვქონდა დაბალი ინფლაცია და შესაბამისად, მასთან შედარებით უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებელი გვექნება. საბაზო ეფექტიც იქნება ის, რომ მომდევნო თვეებში ბევრად მაღალი ინფლაცია გვექნება, ვიდრე შარშან", - განუცხადა „რეზონანსს" ირაკლი მაკალათიამ. 

არსებული ინფლაცია მოსახლეობის მოწყვლად ფენებს უკვე პრობლემებს უქმნის, მით უფრო ისეთ ქვეჯგუფში როგორიცაა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები საერთოდაც ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება. სწორედ ამ საკითხზე გააკეთა აქცენტი ეკონომისტმა პაატა ბაირახტარმა და აღნიშნა, რომ, მიმდინარე პერიოდში და ასევე წლის დარჩენილ თვეებშიც ფასების საერთო დონე მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი იქნება.

„წლის მეორე ნახევარში ინფლაციური მოლოდინი დამოკიდებული იქნება რამდენიმე ფაქტორზე, თუმცა მე იმ ორ მიმართულებას გავუსვამ ხაზს, რაც თვალსაჩინოა და დანამდვილებითაც შეგვიძლია ვთქვათ. 

პირველი - ინფლაცია წლის მეორე ნახევარში ცალსახად იქნება მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი და უკვე არსებულ მონაცემებში ასეა. ტენდენციას თუ შევხედავთ, ინფლაციამ წლის მეორე ნახევარში კიდევ თუ არ მოიმატა, არაფრით არ შემცირდება.

მეორე - საერთო ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მხოლოდ 1.6%-ით აღემატება, მაგრამ ქვეჯგუფებში სულ სხვაგვარი სურათი გვაქვს. ისეთ ქვეჯგუფში, რომელიც მოწყვლადი ფენისთვის ძალიან მნიშველოვანია ორნიშნა ინფლაციაა. ეს არის სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების მიმართულება. ასევე ჯანდაცვის ჯგუფიც ახლოს არის ორნიშნა ინფლაციასთან. 

სიმართლე თუ გინდათ, ხალხისთვის სწორედ ეს ორი მიმართულებაა ძალიან მნიშვნალოვანი. პირველადი მომხმარების საქონლის და მომსახურების მკვეთრი გაძვირება ბევრად უფრო მტკივნეულად აღქმადია მოწყვლადი ფენებისთვის, ვიდრე სხვა პროდუქტებზე ფასის მატება.

წლის მეორე ნახევარში ინფლაცია, ყველა სცენარით მიზნობრივზე მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება და ნეგატიურ ეფექტს ზამთარში უფრო მეტად იგრძნობს მოსახლეობა", - განუცხადა პაატა ბაირახტარმა „რეზონანსს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×