
4 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე უცხოელი დამკვირვებლები იქნებიან, თუმცა ძირითადად სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო თუ სარეფერენდუმო კომისიების წარმომადგენლები. უნდა აღინიშნოს, რომ დელეგაციებში დასავლელი დამკვირვებლების უჩვეულო სიმცირე შეინიშნება, რასაც ანალიტიკოსები „ოცნების" დასავლეთთან გაუარესებული ურთიერთობებით ხსნიან.
15 სექტემბრის მდგომარეობით, ცესკო-ში რეგისტრირებულ საერთაშორისო დამკვირვებლებს შორის არიან საქართველოს ყველა მეზობლის ცესკოს წარმომადგენლები გარდა რუსეთისა. გაუარესებული ურთიერთობების მიუხედავად, დიდი ბრიტანეთისა და ესტონეთის საარჩევნო ადმინისტრაციებიდან დელეგაციები მაინც არის გამოყოფილი.
საქართველოს ეწვევიან: იორდანიის, ტუნისის, მალდივის, თურქეთის, ეთიოპიის, მონტენეგროს, ბოსნია და ჰერცეგოვინის, სამხრეთ აფრიკის, ბულგარეთის, ყირგიზეთის, აზერბაიჯანის, ფიჯის, უნგრეთის, სლოვაკეთის, სომხეთის, ფილიპინების, ესტონეთის, ალბანეთის, გაერთიანებული სამეფოს, მალაიზიის და მექსიკის საარჩევნო თუ სარეფერენდუმო კომისიებისა და ასევე ასოციაცია „ალტერფაქტის" წარმომადგენლები.
დელეგაციები ძირითადად ერთ ან ორ კაციანია, ძირითადად ცესკო-ს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები. 3-3 კაცი დელეგაციაში მხოლოდ მონტენეგროს და სლოვაკეთს ჰყავს.
რაც შეეხება ეუთო/ოდირს, გასულ კვირას საბოლოოდ დადასტურდა, რომ ეს ორგანიზაცია 4 ოქტომბრის არჩევნებს არ დააკვირდება. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, „ოცნების" გადაწყვეტილება, რომ დამკვირვებლები არჩევნებამდე დარჩენილ ერთი თვეზე ნაკლებ დროში, მოწევია სანდო და ეფექტიანი მონიტორინგის შესაძლებლობას ზღუდავს.
„ოცნება" კი აცხადებს, რომ ეს მიზეზი უსაფუძვლოა და საქართველოსთვის უარის ფონზე, ეუთო/ოდირმა ჩეხეთში სადამკვირვებლო მისია სწორედ არჩევნებამდე დარჩენილ ერთ თვეზე ნაკლებ პერიოდში გაგზავნა, რასაც საქართველოს მმართველი პარტიია ამ ორგანიზაციის მხრიდან ორმაგი სტანდარტის გამოვლინებად მიიჩნევს.
რითი აიხსნება დასავლელი დამკვირვებლების სიმცირე
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დასავლელი დამკვირვებლების ასეთ სიმცირეს რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთის მხრივ ეს ადგილობრივი არჩევნებია, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილებას არ იწვევს და წარმომადგენლობის დონეც შესაბამისია და მეორეს მხრივ, „ოცნებას" დასავლეთთან ურთიერთობა გაუარესებული აქვს.
„ეს ადგილობრივი არჩევნებია, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური ხელმძღვანელობის და ხელისუფლების ცვლილებას არ იწვევს. შესაბამისად, დამოკიდებულებაც და წარმომადგენლობის დონეც არის ისეთი, როგორიც არის. ამასთანავე, ეს ხდება იმ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, რაც საქართველოსა და კოლექტიურ დასავლეთს, განსაკუთრებით კი ევროკავშირს შორის 2024 წლის არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა. ეს დამოკიდებულება და ურთიერთობა პრაქტიკულად ნულის დონეზე დავიდა, თუ მის ქვემოთ არა. ეს კი, რა თქმა უნდა, განაპირობებს, რომ ისეთი ინსტიტუტები, როგორიცაა ევროსაბჭო, ევროპარლამენტი და სხვა ევროპული სადამკვირვებლო ორგანიზაციები, წარმოდგენილები არ არიან და აგერ ეუთომაც უარი განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად იმავე დროს მიიღო მოწვევა ჩეხეთიდან და იქ წავიდა.
„ეს მოწმობს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები სერიოზულად არის გაციებული. დელეგაციების არჩამოსვლა და ეუთოს უარიც ამის ერთგვარი გამოძახილია. ყველაფერს თავისი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი აქვს. თუმცაღა, აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ ჩამოთვლილი სია შეიძლება ვიღაცამ მორიგი სპეკულაციების საგნად აქციოს და შეეცადოს, რომ ამით არჩევნების ლეგიტიმურობა მათი გადმოსახედიდან თითქოს ეჭვქვეშ დააყენოს, მაგრამ ასე ნამდვილად არაა. თუმდაც ის სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რაც ცესკომ გამოაქვეყნა, სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ არჩევნები ლეგიტიმურად ჩაითვალოს.
„ველოდები, რომ დასავლეთიდან, რომელიც ძირითადად აქაური ოპოზიციის და მასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა და საქართველოს ხელისუფლებასთან პრაქტიკულად არ კონტაქტირებს, სარკისებურად იქნება ასახული ის ინფორმაცია, რასაც ეს სუბიექტები მიაწვდიან. ისინი რა თქმა უნდა დაწერენ, რომ არჩევნები გაყალბდა...
„აღიარება-არაღიარება - ეს ცოტა ისეთი საკითხია... არჩევნები რომ არ აღიარო, ამის ძალიან მყარი ხელჩასაჭიდი უნდა გქონდეს და ასე ხელაღებით ვერ იტყვი - არჩევნებს არ ვაღიარებო. მაგრამ იტყვიან, რომ დარღვევები იყო. გაიხსენებენ სწორედ იმ ფაქტებს, რაც წინასაარჩევნო პერიოდში ხსდებოდა - ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრებები, ძალადობრივი ფაქტები. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რადიკალური ჯგუფები ძალადობის პროვოცირებას სპეციალურად ახდნენენ, რათა არჩევნების შეფასებისას ეს ყველაფერი ანგარიშებში აისახოს", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
მან ისაუბრა „სამართლიანი არჩევნების" ადგილობრივი წარმომადგენლობის განცხადებაზეც, სადაც ორგანიზაცია აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება, თუმცა, აგრძელებს მიმდინარე პოლიტიკური, მათ შორის საარჩევნო პროცესების მონიტორინგს.
„მართალია, „ისფედმა" არჩევნების დაკვირვებაზე უარი განაცხადა, მაგრამ არიან სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც. „ისფედი" შორიდან მონიტორინგს რანაირად გაუწევს? დააკვირდება სწორედ აქაური აფილიანტების მეშვეობით. ისინი რა ინფორმაციასაც მიაწვდიან, ეს იქნება მათთვის შესწავლის და დაკვირვების მასალა და მერე ამის საფუძველზე თავიანთ შეფასებას დაწერენ, სხვა მექანიზმი არ არსებობს", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
რაც შეეხება საერთაშორისო, ძირითადად დასავლური ორგანიზაციების არჩამოსვლას, ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ „ოცნებასთან" კარგი ურთიერთობა არ აქვთ.