ნატალია ჯვარიძე
16.09.2025

მმართველი პარტია აცხადებს, რომ პროტესტის მონაწილეების მიმართ აქამდე „ძალიან რბილი მიდგომა" იყო და ახლა ეს იცვლება. ამ ცვლილების მაგალითად პრემიერმა ირაკლი კობახიძემ „კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავება დაასახელა. ანალიტიკოსებიასეთი შემთხვევების გახშირებას არ გამორიცხავენ.

„ხელისუფლების მხრიდან დაპატიმრებების მცდელობები იქნება. პირველ რიგში, მიზანი ლიდერების დაჭერა იქნება, რადგან ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული მოძრაობა რაღაცანაირად მარტო, ანუ ლიდერის გარეშე დატოვონ", - განაცხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა, ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანონი მკაცრად უნდა იყოს დაცული.

„თქვენ იცით, რა რეჟიმში წარიმართებოდა საარჩევნო კამპანია 2020, 2021, 2024 წლებში, ხდებოდა ბანერების დაზიანება, სააგიტაციო მასალების დაზიანება... ორმხრივი იყო ეს ყველაფერი და პრაქტიკა იყო განსხვავებული და ეს პრაქტიკა იყო არასწორი.

„დღეიდან პრაქტიკა იქნება სწორი - ვინც კი ჩაიდენს დანაშაულს, განურჩევლად იმისა, თუ რომელი პარტიის წარმომადგენელია, ყველას მიმართ უმკაცრესად იმოქმედებს კანონი.

„პრაქტიკა იყო ასეთი. იყო რბილი მიდგომა ყველა მიმართულებით. გახსოვთ, მათ შორის, თითქმის ნახევარი თბილისი გადაწვეს და ერთი კაცი იყო დაჭერილი, ისიც მერე სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. მეორე შემთხვევაში 6 ადამიანი იყო დაჭერილი, მეტი არა.

„იყო ზედმეტად რბილი პრაქტიკა და, რა თქმა უნდა, ეს არასწორია. ჩემი მიდგომაა, რომ პრაქტიკა უნდა იყოს სხვანაირი, კანონი უნდა იყოს მკაცრად დაცული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება პროტესტის შეჩერებას ანტისახელისუფლო გამოსვლების ლიდერების დაპატიმრებებით ეცდება.

„პირველ რიგში, მიზანი ლიდერების დაჭერა იქნება, რადგან ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული მოძრაობა რაღაცანაირად მარტო, ანუ ლიდერის გარეშე დატოვონ. ფიქრობენ, რომ ოპოზიციისთვის ბრძოლა რთული იქნება და ამ დაჯარიმებით, დაპატიმრებით დააშინებენ. ამიტომ ასეთი სცენარი ნამდვილად მოსალოდნელია", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

პეტრე მამრაძე ხელისუფლების მიდგომას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ეს ბევრ რამეს შეცვლის.

„საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ვინაიდან წლების განმავლობაში სრულიად მანკიერი პრაქტიკა ჩამოყალიბდა, რომ თუ ადამიანს ჰქონდა პოლიტიკოსის სახელი, მის მიმართ არ ტარდებოდა ის აღმკვეთი ღონისძიება, რომელიც ნებისმიერი სხვა მოქალაქის მიმართ განხორციელდებოდა. ასეთი მაგალითი ძალიან ბევრია, რაც დიდ ზიანს აყენებდა კანონის უზენაესობას. კარგია, რომ ყველას ეცოდინება, რომ იმიჯს მნიშვნელობა არ აქვს, როცა საქმე დანაშაულს ეხება. კობახიძის განცხადება მე ასე მესმის. თან როგორც ვხედავ, კანონს სპეციალურად არღვევენ. ეს მიდგომა ბევრ რამეს შეცვლის და კარგი იქნება, თუ ამისთვის ყველაფერი გაკეთდება", - განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×