რეზონანსი
16.09.2025

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი ცდილობდა და ცდილობს, შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატ თემო წიქვაძის მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

„ბაჩიაშვილს აქვს კონკრეტული დანაშაული. ცხადია, ის ცდილობდა და ცდილობს, რომ როგორმე წინ აიფაროს პოლიტიკური სარჩული, ვითომ პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული. რეალურად ყველამ ვიცით მისი დანაშაული, ეს ყველასთვის ცხადი და ცნობილია. შესაბამისად, მე არც შეკვეთილი სტატიები მიკვირს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ამ ადამიანის ირგვლივ მიმდინარე პროცესები და მოვლენები ყველასთვის ცხადი და ნათელია", - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ივანიშვილის დასანქცირების შესახებ, კალაძე ამბობს, რომ აშშ-ის წინა პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცილისწამებით იყო დაკავებული.

„ეს ყველაფერი არის სიცრუე, ცილისწამება. წინა ადმინისტრაცია დაკავებული იყო მხოლოდ და მხოლოდ მუქარებით, ცილისწამებით. მათ მიერ გაკეთებული ყველა განცხადება დაფუძნებული იყო ცილისწამებაზე, ტყუილზე. გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, არის აბსურდული, სიცრუე, სისულელე. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში შეიცვლება დამოკიდებულება და ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყება", - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×