
საქართველო არ არის დაბალი ღობე არავისთვის, მათ შორის, არც ევროკავშირისთვის, ამიტომ როგორც ევროკავშირის ელჩმა, ისე სხვა საელჩოებმა, ორგანიზაციებმა თუ პოლიტიკოსებმა თავი უნდა დაანებონ ქართველი ხალხისთვის ზემოდან ყურებას - დემოკრატია ჩვენ არ გვესწავლება ზოგიერთი ევროპული ქვეყნისგან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის ელჩმა პასუხი უნდა გასცეს ძალიან მარტივ შეკითხვას, გააგრძელებს თუ არა ევროკავშირის მოქალაქეების ფულით იმ ადამიანის დაფინანსებას, რომელიც მოუწოდებს პოლიტიკური მკვლელობისკენ და ქილიკობს ადამიანის სიკვდილზე.
„ჩვენ რაც ვნახეთ, არის შემდეგი: გაირკვა, რომ ევროკავშირის მოქალაქეების ფულით ფინანსდება ადამიანი, რომელიც მოუწოდებს პოლიტიკური მკვლელობისკენ და ცინიკურად და ქილიკით საუბრობს საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეული პოლიტიკოსის ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ გარკვეულ პარალელსაც ვხედავთ იმასთან, რაც დღეს ამერიკაში ხდება ლიბერალების მხრიდან, როდესაც ქილიკობენ ადამიანის სიკვდილზე და ზუსტად იგივე მორალის, იგივე სახის მქონე ადამიანებთან გვაქვს, სამწუხაროდ, საქართველოში საუბარი და ფაქტია, რომ ეს ადამიანი ფინანსდება ევროკავშირის მოქალაქეების ფულით. ეს ყველაფერი შეიძლება ევროკავშირის ელჩმა არ იცოდა, რომ ის აფინანსებს ადამიანს, რომელიც მოუწოდებს პოლიტიკური მკვლელობისკენ და ქილიკობს ადამიანების გარდაცვალებით, მაგრამ ხომ გაიგო უკვე რამდენიმე დღეა და იმ განცხადებებზე, ალბათ, უარესია ის დუმილი, რომელსაც ჩვენ პაველ ჰერჩინსკისგან ვხედავთ. ეს არის სწორედ ის პრობლემა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ერთი მხრივ, როდესაც კარგი საქმეები კეთდება მათი დაფინანსებით, ამით თავს იწონებენ, ფოტოებს იღებენ, მაგრამ როდესაც ირკვევა, რომ მათი დაფინანსებული ადამიანები პოლიტიკური მკვლელობისკენ მოუწოდებენ და ქილიკობენ ადამიანის გარდაცვალებაზე, იქ ჩუმდებიან და ემალებიან ქართულ საზოგადოებას. ამიტომ, ჩემი სურვილი იქნება, რომ ნაცვლად იმისა, რომ პაველ ჰერჩინსკი დაემალოს ქართველ ხალხს, უპასუხოს ამ კითხვებს და კითხვა არის მარტივი, აპირებს თუ არა ის, გააგრძელოს იმ ადამიანის დაფინანსება ევროკავშირის მოქალაქეების ფულით, რომელიც მოუწოდებს პოლიტიკური მკვლელობისკენ და ქილიკობს ადამიანის სიკვდილზე.
საქართველო არ არის დაბალი ღობე არავისთვის, მათ შორის, არც ევროკავშირისთვის, ქართველ ხალხს თუკი რაიმე აღიზიანებს თავისი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, აღიზიანებს, როდესაც მას უყურებენ ზემოდან. ამიტომ, როგორც ევროკავშირის ელჩმა, ისე სხვა საელჩოებმა, ორგანიზაციებმა თუ პოლიტიკოსებმა თავი უნდა დაანებონ ქართველი ხალხისთვის ზემოდან ყურებას. დაბალი ღობე აქ არავინ არ არის, დემოკრატია ჩვენ არ გვესწავლება ზოგიერთი ევროპული ქვეყნისგან, სადაც ყველა რეიტინგებით საქართველო მათ უსწრებს სხვადასხვა მიმართულებით და არ გვესწავლება კანონის უზენაესობა. ამიტომ იმოქმედონ ქართველი ხალხის კანონმდებლობის შესაბამისად,"- განაცხადა პაპუაშვილმა.