
საქართველოში ახალშექმნილი სამი ოჯახიდან ორი ინგრევა. მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება და მატულობს განქორწინებათა რიცხვი. ბევრიც არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ურთიერთობაშია. ცალკე თავსატეხია დაქორწინების ასაკის გადაწევა. პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ ქვეყნის ეკონომიკაზეც მკვეთრად ნეგატიური გავლენა აქვს, რადგან განქორწინება მოქალაქეების მდგომარეობაზე ცუდად მოქმედებს, ხარჯები იზრდება და დანაზოგი ვერ კეთდება.
მდგომარეობის სიმძიმეს ასახავს ოფიციალური სტატისტიკაც, ,,საქსტატის" მომაცემის მიხედვით, 2025 წლის ექვს თვეში საქართველოში 9925 - ქორწინება და 6256 განქორწინება დარეგისტრირდა, რაც სავალალო მაჩვენებელია.
განქორწინების ფაქტების გავლენა შეაფასეს ,,ბიზნეს-რეზონანსთან" სპეციალისტება და ისაუბრეს იმ მიზეზებზეც, რამაც უარყოფითი ტენდენცია გამოიწვია. დემოგრაფ ანზორ სახვაძის თქმით, შექმნილ სიტუაციაში მნიშვნელოვანია დემოგრაფიული პოლიტიკა გადაიხედოს და ოჯახის სიმტკიცისაკენ მიმართული ღონისძიებები გატარდეს.
"ნამდვილად დამაფიქრებელი გარემოებაა, თუმცა საბჭოთა კავშირის დროსაც იყო მსგავსი ფაქტები. უნდა ვიცოდეთ ფაქტორები, რამ განაპირობა ასეთი ცვლილება. ეს შეიძლება იყოს განპირობებული ასაკობრივი სტრუქტურითაც, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს როგორც ქორწინებების, ასევე განქორწინების რაოდენობას. ამიტომაც საჭიროა უფრო სიღრმისეული ანალიზი.
ერთი შეხედვით კი ნამდვილად რთული მოცემულობაა, რაც უარყოფით შედეგებს იწვევს. პირველ რიგში, იკლებს შობადობის მაჩვენებელი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა განუწყვეტლივ მცირდება, ოჯახების გახლეჩა უდავოდ არასასურველი ფაქტია.განქორწინება სიმპტომია, მაგრამ რიგი გამომწვევი საკითხები უნდა იქნას შესწავლილი. სამწუხაროდ, მშრალი სტატისტიკა ამის ანალიზს შესაძლებლობას არ იძლევა", - აღნიშნა დემოგრაფმა.
იგი ადასტურებს, რომ განქორწინება ოჯახის წევრთა ეკონომიურ მდგომარეობას ართულებს.
,,განქორწინებულებს სჭირდებათ არა ერთი, არამედ 2 ბინა, შესაბამისად, ოჯახში ხარჯები იზრდება და ახალი საცხოვრისის გაჩენის აუცილებლობა ჩნდება. ბინით უზრუნველყოფის საკითხი დგება წინა პლანზე, თავისთავად განქორწინება ნეგატიურად მოქმედებს ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზეც. ამისი გამოსწორებისათვის საჭიროა მთლიანად პოლიტიკა გადაიხედოს და სადაც საჭიროა, ახალი ღონისძიებები იქნას გატარებული, რომელიც ოჯახის სიმტკიცისაკენ იქნება მიმართული.
როდესაც ოჯახში ცხოვრების საკმარისი პირობები არ არის, ამან შეიძლება უკმაყოფილება წარმოშვას და განქორწინების საბაბიც გახდეს. ამიტომ საჭიროა სახელმწიფომ შეიმუშაოს ისეთი ღონისძიებები, რომელიც ახალგაზრდა ოჯახებს მისცემს საშუალებას თავიანთი შემოსავლებით ნორმალურ პირობებში იცხოვრონ", - უთხრა ანზორ სახვაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს".
სპეციალისტები საუბრობენ იმაზეც, რომ სტატისტიკით გადმოცემული მონაცემები პირდაპირ კავშირშია ე.წ. თანამედროვეობასთან და ლიბერალურ პოლიტიკასთან. დემოგრაფმა თამარ ჩიბურდანიძემ ქართული ტრადიციის უგულებელყოფასა და მიგრაციის ნეგატიურ გავლენაზე გაამახვილა ყურადღება.
,,განქორწინებასთან დაკავშირებული სტატისტიკა ე.წ. თანამედროვეობასთან და ლიბერალურ პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირშია. ამის უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ ახალგაზრდები ერთმანეთთან თანაცხოვრების თავისუფალ რეჟიმს ამჯობინებენ, ვიდრე დაქორწინებას. რამდენიმე წელი ისინი თანაცხოვრების პროცესში არიან, ოღონდ არ ქორწინდებიან. ტრადიციული ღირებულებები მეორეხარისხოვანი გახდა. ეს არის უმთავრესი მიზეზი.
შობადობაც შემცირებულია და აქაც ერთ-ერთი განმსაზღვრელი ისააა, რომ პირველი შვილის გაჩენის მაჩვენებელი დაკლებულია. ეს ნიშნავს, რომ ახალდაქორწინებული წყვილები შვილის ყოლის გადავადებას ახდენენ.
ქორწინებაზე იმოქმედა მიგრაციამაც, ეს პროცესი მუდმივად მიმდინარეობს. 90-იანი წლებიდან მუდმივად გაედინება მოსახლეობა ქვეყნიდან. ძირითადი მიზეზი მაინც ისააა, რომ ახალგაზრდები გვიან ასაკში შედიან ოფიციალურ ქორწინებაში.
განქორწინებათა რაოდენობის ზრდა პირდაპირ მიუთითებს, თუ რამდენად დეგრადირებულია ოჯახური ღირებულებები ახალგაზრდებში. თუკი ჩვენს თაობაში ოჯახი იყო ღირებულებათა სისტემა, დღეს ეს დაიკარგა. ცოლქმრობა ვალდებულებაა იმისა, რომ ოჯახი შეინაჩუნო.
გაეროს მონაცემის მიხედვით, ყველა განვითარებულ სახელმწიფოს აქვს დემოგრაფიული პრობლემები, ხოლო განუვითარებელ ქვეყნებში მოსახლეობის რაოდენობა კატასტროფულად იზრდება. ის, რომ ვიღაცას ეკონომიკური კრიზისი აქვს და ოჯახი ენგრევა, ეს არის ტყუილი", - აღნიშნა თამარ ჩიბურდანიზემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" და მომავალი თაობის მენტალურ პრობლემაზეც დასძინა.
,,მარტოხელა მშობელი, დედაც და მამაც, სახელმწფოს კისერზეა. ასეთი ადამიანი შეიძლება სოციალური სტატუსის მქონე გახდეს, ზოგიერთმაც შვილი დატოვოს და უცხოეთში წავიდეს, რაც ძალიან მძჳმედ აისახება ბავშვის ფსიქიკაზე, უდედოდ გაზრდილ თაობას ვუყურებთ, ეს ტრაგედიაა.
ლიბერალურმა პოლიტიკამ საქართველოს ახალგაზრდობა გაანადგურა, ვერ ხვდებიან, რომ მოქალაქეობა სახელმწიფოს მხრიდან არის ვალდებულება. მოქალაქემ და სახელმწიფო, ორივე ურთიერთვალდებული უნდა იყოს ერთმანეთის წინაშე. ძალიან მარტივად ელევიან თანაცხოვრებას და ანგრევენ ოჯახებს. აქედან გამომდინარე, ახალგაზრდების ცნობიერებაშია პრობლემა", - დასძინა თამარ ჩიბურდანიძემ.
საქსტატის ცნობით, 2025 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -4 999 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ თბილისსა (406) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (296) დაფიქსირდა.