
უახლოეს მომავალში ზეთი შეიძლება გაძვირდეს. ამის მიზეზი საგადასახადო ცვლილებაა, რომელიც პროდუქტის მთავარმა იმპორტიორმა დააწესა. როგორც ცნობილია, სექტემბრიდან რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე გადასახადი 1 ტონაზე 5.746.2 რუბლამდე (69 დოლარამდე), ხოლო შროტზე ტონაზე 1.119.4 რუბლამდე (13.4 დოლარამდე) დააწესა. მანამდე ნულოვანი საბაჟო ტარიფი მოქმედებდა. იმპორტიორები ფიქრობენ, რომ ცვლილება ზეთის გაძვირებას გამოიწვევს, რამაც შესაძლოა, გარკვეული გავლენა პროდუქტის მოხმარებაზეც იქონიოს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მზესუმზირის ზეთის მთავარი იმპორტიორი სწორედ რუსეთია. "საქსტატის" მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში შემოვიდა 29.979 მლნ დოლარის ღირებულების ზეთი, აქედან 22.834 მლნ დოლარის რუსეთიდან. შესაბამისად, გამოდის, რომ საქართველო მზესუმზირის ზეთის 76% სწორედ რუსეთში ყიდულობს. გაზრდილი საექსპორტო გადასახადი კი, ცხადია, ბაზარზე პროდუქტის გაძვირებას გამოიწვევს.
იმპორტიორების ინფორმაციით, პრობლემა არ ეხება მხოლოდ ზეთის იმპორტს, შეიძლება გაძვირდეს ხორბალი და სიმინდი, რადგან რუსეთში მოსავლიანობა დაბალია. შექმნილ სიტუაციაში, როგორც კომპანია ,,ჩირინას" დამფუძნებელი, ზეთის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი რევაზ ვაშაკიძე მიიჩნევს, გამოსავალია ამ პროდუქტების კვოტირება და მთავრობამ კი ადგილობრივ წარმოებას ხელი უნდა შეუწყოს.
,,გადასახადი გვიძვირდება და ცხადია, მოიმატებს ფასიც. ზუსტად რა მაჩვენებლით, ჯერჯერობით ვარაუდი მიჭირს, უნდა დაანგარიშდეს და გაზრდილი გადასახადის შესაბამისად განისაზღვროს.
დღეს რუსეთიდან პროდუქტის შემოტანა შედარებით ხელმისაწვდომია, მაგრამ სტაბილურობის განცდა ბიზნესს არ აქვს. შეიძლება მოულდონელად შეცვალოს რუსეთმა საფასო პოლიტიკა. იყო შემთხვევაც, როცა იმპორტიორებს ზეთი უკრაინიდან შემოჰქონდათ, ხოლო რუსეთმა ფასი ისე დააგდო, რომ იმპორტიორს მოუწია, პროდუქტი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაეყიდა.
ჩვენი პრობლემაა, რომ საქართველოში ადგილობრივი პროდუქტი არ გვაქვს. გარდა იმისა, რომ ნაკლები მოსავალია, ტექნოლოგიურად არ აწარმოებენ მზესუმზირას. ეს ყველაფერი მოხმარებაზე აისახება, მოთხოვნა შემცირდება. ცხადია, მდგომარეობა სახარბიელო არ არის, საჭიროა კვოტირება, რომ ჩვენ ვაწარმოოთ მზესუმზირაც და ხორბალიც.
წელს პრობლემა გვექნება ხორბალზე და სიმინდზეც, რადგან მოსავლიანობის კუთხით რუსეთშიც სიმცირეა. არასტაბილური ბაზარია და ეს ყველაფერი ბიზნესზე უარყოფითად აისახება", - აღნიშნა რევაზ ვაშაკიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან".
მისი თქმით, საბჭოთა საქართველოში მზესუმზირას მოსავალი საკმაოდ მაღალი იყო, შესაბამისად, ქარხნებიც აქტიურად მუშაობდა. დღეის მდგომარეობით, მზესუმზირის ზეთის წარმოება გაჩერებულია ან თუ ვინმე აწარმოებს, ასეთი ფაქტი იშვიათია.
„ჩვენი ინტერესია საქართველოში მზესუმზირის ზეთის წარმოება და იმპორტირებულ პროდუქციაზე დამოკიდებულების შემცირება. მზესუმზირის სხვადასხვა ჯიშები არსებობს, ვფიქრობთ, ამ სეგმენტშიც მოვსინჯოთ ძალები, ჩვენ მაღალი ზეთის შემცველობის მზესუმზირა გვაინტერესებს. თუკი ადგილობრივ წარმოებას განვავითარებთ, საშუალება გვექნება, რომ "ჩირინას" მოხმარებაც დავაკმაყოფილოთ და ასევე სხვა კომპანიების ინტერესებსაც მივაწოდოთ,“ - განაცხადა ვაშაკიძემ.
რაც შეეხება ქართული, ე.წ. კახური ზეთის წარმოებას, ფერმერების ინფორმაციით, წელს მოსავალი ნაკლებია, რაც საბოლოოდ პროდუქტის ფასზეც აისახება და შესაძლოა კახური ზეთიც გაძვირდეს.
აგრარული პროდუქტების მაღაზიებში კახური ზეთი 11-12 ლარის ფარგლებში იყიდება, ხოლო ადგილზე ზეთის ყიდვა 8-9 ლარადაც არის შესაძლებელი. სიღნაღელი ფერმერის რუსლან მეურმიშვილის თქმით, წელს მოსავალი ნაკლებია, ხოლო ფასი შარშანდელთან შედარებით, მცირედით გაზრდილია. ფერმერი ფიქრობს, რომ სამომავლოდ ადგილობრივი ზეთის ფასი კიდევ მოიმატებს.
,,წელს მსეზუმზირის მოსავალი შემცირდა, ამის მიზეზი უამინდობაა. ერთ-ერთი პრობლემა კი მავნებლების გავრცელებას უკავშირდება. კელაპტარა მზესუმზირის ყველაზე დიდი საფრთხეა, რაც ძალიან გვაფერხებს. რაც შეეხება ფასს, 1 კგ. მესუმზირის ღირებულება 1,70-2 ლარის ფარგლებშია, ხოლო კახური ზეთის საბითუმო ფასი 1 ლიტრზე 8-9 ლარია. მოსავლის მოყვანაა პრობლემა, ორმაგად გვეზრდება ხარჯი და ფასზე ესეც მოქმედებს.
ჩვენი დიდი პრობლემაა, რომ ადგილობრივ წარმოებას იმპორტულთან კონკურენციის გაწევა უჭირს. ისეთი სიტუაციაა, როცა ყველამ რაღაცნაირად თავის გადარჩენაზე უნდა ვიფიქროთ, თუმცა წარმოების დიდი პოტენციალია. ტექნოლოგიები მოძველებულია, ესეც მოქმედებს მოსავლიანობაზე, თუ ამ პრობლემებს მივხედავთ, შესაძლებელია წარმოების იმ დონეზე განვითარება, რომ იმპორტზე დამოკიდებულობა შევამციროთ“, - აღნიშნა სიღნაღელმა მეწარმემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან".
იანვარ-ივლისის მონაცემებით (ფასი დაანგარიშებულია გადასახადების გარეშე) რუსეთიდან საქართველოში ერთი ლიტრი ზეთის იმპორტი 1.35 დოლარი ჯდებოდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთ ტონაზე საექსპორტო გადასახადი 69 დოლარით იზრდება, შესაბამისად, გამოვა, რომ ამჯერად ერთი ლიტრის ღირებულება საშუალოდ, 1.42-1.43 დოლარამდე გაიზრდება.
გარდა რუსეთისა, საქართველოში ზეთის იმპორტი ხორციელდება უკრაინიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, აზერბაიჯანიდან, თუმცა მცირე რაოდენობით.