თამთა ჩაჩანიძე
15.09.2025

ევროკომისიამ სექტემბრის დასაწყისში დაანონსა, რომ "ქართული ოცნების" წერილზე პასუხს შეაფასებს, თუმცა, დაახლოებით ორი კვირაა ევროკავშირის მხრიდან დუმილია, არც ოფიციალურ დონეზე ყოფილა პასუხი და არც ინდივიდუალური განცხადება არ გაუკეთებიათ, თუ საბოლოოდ რა ბედი ელის შენგენის ზონაში საქართველოს უვიზო მიმოსვლის საკითხს.

"ოცნებამ" აგვისტოს ბოლოს განაცხადა, რომ ევროკომისიის 8 რეკომენდაციის პასუხი წერილობითად გადაგზავნილია, რაც მალევე ევროკომისიის პრესსპიკერმა მარკუს ლამერტმა დაადასტურა და დასძინა, რომ "წერილზე პასუხს შეაფასებენ", პასუხის შინაარსზე საუბრისას კი განაცხადა, რომ მსგავს წერილებს არ ასაჯაროვებენ.

„ევროკომისია იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებითაც გადაჭრის ევროკომისიის რეკომენდაციებით განსაზღვრულ პრობლემებს. პასუხის შინაარსზე საუბარი არ შემიძლია. მსგავს ინფორმაციას არ ვასაჯაროებთ", - განაცხადა მარკუს ლამერტმა.

მმართველ პარტიაში აგვისტოში ვარაუდობდნენ, რომ სექტემბერში ევროკავშირის მხრიდან ისეთი განცხადება გაკეთდება, რომელიც "აჟიოტაჟს შექმნის".

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირს თავის დღის წესრიგი აქვს და ცალკე შეკრება და მხოლოდ ჩვენს საკითხზე საუბარი არ შეუძლიათ, თუმცა არაა გამორიცხული, რომ 4 ოქტომბრამდე განცხადება გაკეთდეს.

"ახლა ევროკავშირში ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ კონკრეტულად ამ საკითხზე ცალკე შეკრება და საუბარი უნრალოდ არ შეუძლიათ, მათ თავიანთი წესრიგი აქვთ.

კაია კალასმა რაც განაცხადა, აშკარად მეორდება ის, რაც 1938 წელს მოხდა, როცა ევროპამ მაშინდელი ჩეხოსლოვაკია გაწირა, აჩუქა ჰიტლერს და ახლაც იგივე ხდება უკრაინის მიმართ - მიატოვა უკრაინა და ჩაბარდება რა რუსეთს, მთელი ევროპის უსაფრთხოება უკვე დიდი საფრთხის ქვეშ დგება.

"ალბათ გასაგებია, რომ ამ ფონზე, რომელიღაცა პატარა ქვეყანას სრულიად უსამართლოდ ვიზალიბერალიზაცია მოუხსნან, არ მოუხსნან, ამის ზედდება ხდება, მაგრამ ვნახოთ, მე ზეპირად სულაც არ ვიცი ევროკავშირირის დღის წესრიგი - როდის შეიკრიბება, ჩამოყალიბდება, მსჯელობის შედეგი რა იქნება, მაგრამ ეს აბსურდული რამაა, როდესაც თავიანთ ანგარიშში უდევთ საქართველოს გაცილებით უკეთესი მაჩვენებლები, ვიდრე ნებისმიერ კანდიდატ და ნატოს და ევროკავშირის 16 ქვეყანას აქვს და ამ დროს ამაზე მსჯელობ, რატომ? რა გიდევს გულსა და ტვინში, რომ ამისთანა ქვეყანა დასაჯო?

"თვითონაც არ იციან ეს შიგნით როგორ გადაწყდება, არ მიკვირს, რომ ამ ეტაპზე დრო ვერავინ ვერ გამონახა, ამ ფონზე სასაცილოც იქნებოდა, რომ ვიღაცა გამოვიდეს და რაღაცა თქვას",- განაცხადა მამრაძემ.

ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ 4 ოქტომბრამდე ევროკავშირის მხრიდან გარკვეული განცხადება გაკეთდეს, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს დაანონსებულ პროტესტზე.

"ეს ნამდვილად მოსალოდნელია, რადგან ამისთვის აუცილებელი არაა, რომ ევროკავშირი მაინცდამაინც შეიკრიბოს და გადაწყვეტილება მიიღოს, რასაც დრო სჭირდება. შეიძლება ვიღაცა გამოვიდეს, მაგალითად საქართველოს მეგობართა ჯგუფიდან და გვამცნოს, რომ ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია და როგორც კი შევიკრიბებით, მაშინვე მივიღებთ გადაწყვეტილებას, უკვე კონსენსუსით, ამას ვერავინ ვერ დაბლოკავს და ა.შ.

"ეს შეიძლება ასე მოხდეს მხოლოდ იმისთვის, რომ ამ ანტიეროვნულ ძალებს დახმარება გაუწიონ, რომლებიც ხან გვპირდებიან, რომ მთელ თბილისს ცეცხლის ალში გაახვევენ, ხან იმას, რომ კანონიერ ხელისუფლებას მშვიდობიანად დაამხობენ, რაც კიდევ ერთი აბსურდია",- განაცხადა მამრაძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირის მხრიდან მოსალოდნელია, რომ განცხადება 4 ოქტომბრამდე გაკეთდეს, თუმცა პროტესტზე ვერ იმოქმედებს.

"შეიძლება ევროკავშირისგან არჩევნებამდე განცხადება გააკეთონ, მაგრამ 4 ოქტომბრის დაანონსებულ პროტესტზე ვერაფერი ვერ იმოქმედებს, რადგან ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ევრობიუროკრატიას სურს ოპოზიციას "სატოპკე" ჩაწოდება გაუკეთოს, მაგრამ უკვე აღარაფერი არ გამოუვათ.

"ევრობიუროკრატიამ საბოლოოდ თავისი სახე წარმოაჩინა, როგორც ლიბერფაშისტები, როდესაც ევროპარლამენტი აბსოლუტური უმრავლესობა არ წამოდგა ფეხზე და პატივი არ სცა ლიბერფაშისტის მიერ მოკლული ახალგაზრდა კაცის, ჩარლ კირკის ხსოვნას და ამის შემდეგ ამათი რაიმე განცხადება შეიძლება ადამიანმა სერიოზულად მიიღოს? და მით უმეტეს ისეთმა ტრადიციულმა საზოგადოებამ, როგორიც ქართველი ხალხია, რომელიც ასეთ იდეებზეა გაზრდილი - "იქნება ვეფხის დედაი, ჩემზე მწარედა სტირისა".

"ახლა ევროკავშირი იმიტომ დუმს, რომ ჯერჯერობით სიტუაციებს უკვირდება და ხედავს, რომ არავითარი დასაყრდენი ხაბეიშვილებში, ხოშტარიებში, სანიკიძეებში არ აქვთ, რომლებსაც რეიტინგი ნულს დაბლა აქვთ",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×