
სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების დაფინანსებით, სტუდენტები, ახალგაზრდები აქტიურად არიან გამოყენებულნი ამ საპროტესტო მუხტის გაღვივებაში, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, საზოგადოება „ქართულის“ ლიდერi გიორგი გაბუნია „იმედის კვირის“ ექსკლუზიურ ინფორმაციას უცხო ქვეყნების მიერ პროტესტის ორგანიზების შესახებ. მისი თქმით, ამ პროცესში კონკრეტული დიპლომატებიც არიან ჩართულები.
„მათ აქვთ სპეციალური გადამზადება გავლილი, იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაამძიმონ სიტუაცია და შექმნან დაპირისპირების კერები. ამ ადამიანების უკან დგანან კონკრეტული ორგანიზატორები და ასევე, სამწუხაროდ, კონკრეტული დიპლომატები, რომლებიც პატრონაჟსა და ორგანიზებას უწევენ ამ პროცესს.
მიზანმიმართული პროექტებით, სხვადასხვა პროგრამით შედიოდნენ ურთიერთობაში სტუდენტებთან, აწარმოებდნენ მათ გადამზადებას, მომზადებას და ამ იდეოლოგიით გაჟღენთას, რომ შემდგომში ეს ადამიანები სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოეყენებინათ“, - განაცხადა გაბუნიამ.
დეტალურად გაშიფრული სქემა, თუ როგორ მუშაობენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები საქართველოში და როგორ იმართება ხელოვნური პროტესტი - „იმედის კვირისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი ყველა იმ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების, უნივერსიტეტების მფლობელების, ლექტორებისა და რექტორების კავშირი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან და იმ ადამიანის ვინაობა, რომელიც ამ პროცესებს კურირებს. ქვეყანაში ხელისუფლების შესაცვლელად შედგენილი გეგმა, ე.წ. ახალგაზრდული პროტესტით, რომელსაც ტრენინგ გავლილი ახალგაზრდების ჯგუფი მართავს. გაშიფრულია ყველა ტრანზაქცია, რა მეთოდებით იღებდნენ ან იღებენ დღემდე პროტესტის ორგანიზატორები და მონაწილეები თანხას.