
კოალიცია „ლელო-ძლიერმა საქართველომ" და პარტიამ „გახარია საქართველოსთვის" სამგორის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.
კერძოდ, სამგორის ოლქში, სამგორის III მასივი და ვარკეთილის II მიკრო, მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატი გულიკო ზუმბაძე იქნება;
ლილო-ორხევის მაჟორიტარი - დაჯი კოვზირიძე;
სამგორი-ვარკეთილის მაჟორიტარობის კანდიდატი - ნინო ქათამაძე;
ქვემო სამგორში მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატი კი გიგა კაცია.
ღონისძიებაზე წარდგენილმა მაჟორიტარ-დეპუტატობის კანდიდატებმა, ადგილზე შეკრებილ საზოგადოებას თავიანთი დაპირებები გააცნეს.
ამასთან, როგორც ღონისძიებაზე „ლელო-ძლიერი საქართველოსა" და პარტია „გახარია საქართველოსთვის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ აღნიშნა, „ორმა მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი ჩამოართვა ერთმანეთს და იმისთვის, რომ ხალხის პრობლემების გაჟღერება შეძლონ.
„დღეს ბრძოლა არის მრავალმხრივი, მათ შორის არჩევნებზე, ქუჩაში და ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ველზე რწმენა დავაბრუნოთ. მოქალაქეებს აქვთ ერთადერთი თხოვნა - იბრძოლეთ და არ გაჩერდეთ ყველა ველზე... ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას - ვიქნებით საპროტესტო აქციებზეც, საარჩევნო უბნებზეც, დედაქალაქშიც, რეგიონებშიც და ყველგან, სადაც არსებობს წუხილები, რომლებიც უამრავია. ჩვენ ვდგავართ აქ - ორმა მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და ვთქვით, რომ ვერთიანდებით მოქალაქეებისთვის და იმისთვის, რომ მათი პრობლემების გაჟღერება შევძლოთ. დღეს ჩვენ ორი გუნდი წარმოგიდგენთ ასეთ ადამიანებს თქვენს ოლქებში მაჟორიტარებად, რომლებიც იბრძოლებენ თქვენი უფლებებისთვის, იქნებიან თვენი პრობლემის გამჟღერებლები", - განაცხადა კუპრაძემ.
ღონისძიებაზე ასევე ისაუბრა, ამავე პარტიების თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი შარაშიძემ და აღნიშნა, რომ უსამართლობა, რომელიც დედაქალაქშია, 4 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.
„არსებობს ერთი უდიდესი პრობლემა, რომელიც „ოცნებამ" ამ ქვეყანაში დაამკვიდრა. ამ პრობლემიდან გამომდინარეობს ყველა სხვა დანარჩენი. ეს პრობლემა ჩვენი აზრით, არის უსამართლობა, რომელიც მხოლოდ მაშინ არ ხდება, როცა ჩვენ ვუყურებთ, როგორ აპატიმრებს „ოცნება" უდანაშაულო ადამიანებს და ამავე დროს როგორ არ სჯის იმ ადამიანებს, ვინც მათ შორის, ქალებზე ძალადობენ. უსამართლობა ამავე დროს ეხება ყველა თბილისელს, მათ შორის ყოფით დონეზე. სამგორის რაიონი სამწუხაროდ ამ უსამართლობის თვალსაჩინო მაგალითია. როგორ შეიძლება თბილისში იყოს უბნები, სადაც კალაძე 50 000 ლარს ნაგვის ურნაში იხდიდეს კორუფციული გარიგებით, ამავე დროს კი იყოს უბნები, სადაც ადამიანებს საბაზისო პრობლემები აწუხებს. სამწუხაროდ სამგორიც ასეთი რაიონია. ეს უსამართლობა ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავასრულოთ და ეს 4 ოქტომბერს უნდა დაიწყოს, როცა ყველა ერთად მივალთ არჩევნებზე და უარს ვეტყვით კალაძის გუნდს, ამ კორუმპირებულ ბანდას", - განაცხადა შარაშიძემ.