
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „EURO ანატომია" საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ საკითხის გადაწყვეტა პროცედურულად საკმაოდ რთულია.
„როდესაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მისცეს, იგი ყველა მონაცემით იმსახურებდა ამას და დღესაც არ დავცილებივართ იმ პრინციპებს, რაზედაც თავიდან შევთანხმდით, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულების გათვალისწინებით.
არ არსებობს რეიტინგი, რომლითაც რომელიმე კანდიდატ ქვეყანას ჩამოვრჩებით. წინ ვუსწრებთ ევროკავშირის არაერთ ქვეყანას. აქედან გამომდინარე, ამ გადაწყვეტილების [უვიზო მიმოსვლის შეჩერება] მისაღებად ევრობიუროკრატიის მხოლოდ პოლიტიკური ნება არ კმარა, რათა დაისაჯოს საქართველო იმისთვის, რომ ყველა არ გამოდის და არ ებრძვის იმ ხელისუფლებას, რომელიც სტაბილურობას ინარჩუნებს. ქვეყნების გარკვეულ რაოდენობას, ამ გზაზე შედგომა არ აწყობს, იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომელიც ყველამ ვიცით", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
მისი თქმით, ადგილი აქვს სერიოზულ, ინტენსიურ და გეგმაზომიერ პოლიტიკურ ზეწოლას საქართველოზე კონკრეტული მიზნით.
„სურთ, საქართველო ჩაერთოს იმ დაპირისპირებაში, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს. ეს არ არის ახალი თემა და ამას არც მალავენ. ასე რომ, ამ ვითარებაში განიხილო საქართველოსთვის თავისუფალი სავიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი, აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რითიც ამაყობს ევროკავშირი", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.