
„ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, დაკავებულ ლევან ხაბეიშვილს, ბრალი უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების მუხლებით წარედგინა. ოპოზიციაში აცახდებენ, რომ რეჟიმს 4 ოქტომბრის ეშინია, მმართველ პარტიაში კი ყურადღებას სამართლებრივ ასპექტებზე ამახვილებენ. რა დგას ხაბეიშვილის დაკავების უკან და რა ელოდებათ სხვა ლიდერებს, რომლებიც რამდენიმე თვეა რევოლუციურ სცენარებზე საუბრობენ - ამაზე ექსპერტებს განსხვავებული შეფასებები აქვთ.
ლევან ხაბეიშვილი და მოძრაობა „რუსთაველი გამზირის" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე ბოლო თვეებია 4 ოქტომბრის მშვიდობიან რევოლუციაზე საუბრობენ. ხაბეიშვილი კი მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, რაც მან პოლიციელებს საჯაროდ შესთავაზა ფულადი ჯილდო ხალხის მხარეს გადმოსვლის შემთხვევაში.
„200 ათას დოლარს მიიღებს ყველა ჯილდოს სახით საქართველოს მოქალაქეებისა და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის, ვინც იარაღს უბრალოდ არ ისვრის. დააგდეთ ეგ გაზის იარაღი და როგორც კი იქნება სახელმწიფო და არა ბიძინა ივანიშვილის კანტორა, 200 ათას დოლარს მიიღებთ", - თქვა ხაბეიშვილმა 25 ივლისს.
მოგვიანებით, ხაბეიშვილის დაკავების შემედეგ, მისმა თანაგუნდელმა ანა წითლიძემ ფსონი გაზარდა. მან განაცხადა, რომ ჯილდოს აორმაგებს და 400 ათას დოლარს სთავაზობს ყველა იმ ძალოვანს, რომელიც უარს უტყვის საკუთარ მოქალაქეების დარბევის ბრძანების შესრულებაზე:
„თუ ლევან ხაბეიშვილი დააკავეს იმიტომ, რომ 200 ათას დოლარს სთავაზობდა ნებისმიერ ძალოვანს, რომელიც არ შეასრულებდა რეჟიმის უკანონო დავალებას, ახლა მე, ანა წითლიძე, ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ნებისმიერ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს და რომელიც გადმოვა ხალხის მხარეს".
ამავე საქმეზე პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს ენმ-ის კიდევ ერთი წარმომადგენელი მურთაზ ზოდელავა. ოფიციალური ვერსიით, მან „ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება".
პროკურატურა სასამართლოსგან ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას, ხოლო მურთაზ ზოდელავას შემთხვევაში გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
რა დგას ხაბეიშვილის დაკავების უკან
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილის დაკავების უკან პოლიტიკური მოტივები უფროა, ვიდრე სამართლებრივი:
„ხაბეიშვილის დაკავების უკან პოლიტიკური მოტივი დგას და არა სამართლებრივი, ვინაიდან ბოლო პერიოდში ხაბეიშვილი საზოგადოებას მოევლინა, როგორც სერიოზული, ქარიზმატული პოლიტიკური ლიდერი, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე როგორ ცდილობდნენ ხაბეიშვილის გაშავებას. რომ არა შიში, მას არ დააკავებდნენ - „ოცნება" იმ პოლიტიკას გაატარებდა, რომ „ვინ რაშია აინტერესებს ხაბე...", „ხაბეს მოწოდებები არ გაიშვას" და ა.შ. გამოჩნდა, რომ ხელისუფლებას ეშინია 4 ოქტომბრის და არა მარტო."
ჩიტაძემ ყურადღება წარდგენილ ბრალზე გაამახვილა:
„რაც შეეხება უშუალოდ ბრალდებებს, ბუნებრივია, სამართლებრივ ეს მხარეს მოკლებულია - ის არანაირად არ სთავაზობდა ქრთამს პოლიციელებს. უბრალოდ ამბობდა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ეს ადამიანები პრემიის სახით ბიუჯეტიდან მიიღებდნენ კონკრეტულ თანხას, ბიუჯეტში კი ამ თანხის გამოყოფა ჩინოვნიკებისთვის ფულის ჩამორთმევით მოხდებოდა.
„რაც შეეხება რევოლუციურ მოწოდებებს, ბოდიში, მაგრამ, 7 ნოემბერი რომ გავიხსენოთ, იქ იყო მოწოდება, რომ დამთავრებულიყო ხელისუფლება, თუმცა არავის წინააღმდეგ არ აღძრულა სისხლის სამართლის საქმის. ამ შემთხვევაში კი ხელისუფლების დამხებაზე ძალადობრივ მოწოდებებს ადგილი არ ჰქონია. ჩემი შეფასება ასეთია", - განაცხადა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძის აზრით კი ხაბეიშვილის დაკავების მიზეზი ის იყო, რომ გარკვეულ საკითხებზე მას უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდა, ვიდრე ოპოზიციის სხვა ლიდერებს.
„რეალურად იყო მოწოდება და არის შესაბამისი რეაქცია. იყო საჯარო განცხადება - „უღალატეთ ქვეყანასო". ასეთ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა ჰქონდეს რეაგირება.
„მე მაინც მგონია, რომ ხაბეიშვილის შემთხვევა ტიპურია - მას გარკვეული პროცესებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა, მათ შორის იმ საკითხებთან, რაც ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ „უფრო მეტი იცის ხაბეიშვილმა". ვფიქრობ, სწორედ ეს განსაკუთრებული ცოდნა და როლი გახდა მიზეზი, რომ სწორედ ხაბეიშვილი დააკავეს და არა ბურჭულაძე", - განაცხადა საყვარელიძემ.
ვინ არის მიზანში
კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია 4 ოქტომბრამდე იმ ლიდერების დაკავება, რომლებიც „მშვიდობიან რევოლუციაზე" საუბრობდნენ, ნიკა ჩიტაძე გვპასუხობს:
„არ არის გამორიცხული, რომ სხვა ლიდერებიც დააკავონ. 4 ოქტომბრის მოვლენები შესაძლოა განხორციელდეს „უთავო მხედრის" სცენარით - ხანდახან ავტორიტარულ რეჟიმებს აქვთ ასეთი ტაქტიკა - ლიდერებს ანეიტრალებენ და შემდეგ ძალას აჩვენებენ. ამიტომ, სხვა ტიპის საფრთხეებიც შესაძლოა არსებობდეს 4 ოქტომბრამდე, ვგულისხმობ, დაკავებებს".
რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, თუმცა მისთვის ნაკლებად დამაჯერებელია სხვა ლიდერების დაკავება:
„არ გამოვრიცხავ, რომ სხვა ლიდერებიც დააკავონ. თუ ამას არ გააკეთებენ, ეს იქნებოდა გაუგებარი - რევოლუციური სცენარი და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება უკვე დანაშაულია. კანონმდებლობაში შესაბამისი მუხლიც არსებობს, რომლის მიხედვითაც მოწოდება ხელისუფლების დამხობისა და სოციალური კონფლიქტების გაჩენისკენ დასაჯადია.
„თუმცა, მიუხედავად ამისა, მე პირადად სხვა ლიდერების დაკავება დიდად დამაჯერებელი არ მგონია, რადგან ამ აქციების მიმართ ხელისუფლებამ გარკვეული იმუნიტეტი გამოიმუშავა".
რას ამბობს ენმ, რას - „ოცნება"
ენმ-ში ამბობენ, რომ მმართველი გუნდი შეშინებულია. „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს სუს-ის შენობასთან, სადაც დაკავებული ხაბეიშვილი იმყოფება, განუცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილმა რეჟიმის შეშინება შეძლო:
„თვენახევრის განმავლობაში ამ საკითხზე არცერთი კითხვა, არცერთი სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა და სწორედ მდინარაძის (სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე) დანიშვნის მერე მოხდა ამ მოქმედებების დაწყება. ესეც მაგალითია იმისა, თუ როგორი შეთითხნილია პოლიტიკურად.
„ჩვენ არ უნდა დავპანიკდეთ, ნიჰილიზმში არ უნდა გადავვარდეთ, ბრძოლა გრძელდება! ლევან ხაბეიშვილმა შეძლო და ერთმა ადამიანმა დააშინა ივანიშვილის რეჟიმი, ასი ათასი ადამიანის ძალას შეუძლია საქართველოს ისტორია შეცვალოს, 4 ოქტომბრის პროტესტზე ყველა უნდა გამოვიდეთ" - განაცხადა ბეჟაშვილმა.
მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდებები უპასუხოდ არ დარჩება.
„დამხობა, გადატრიალება, ვიღაცის დაწვა და ჩამოხრჩობა, რა თქმა უნდა, კანონით ისჯება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ ტიპის ფაქტებს რეაგირება არ მოჰყვება, ძალიან ცდება. ძალიან ბევრ რამეზე გვაქვს ინფორმაცია, გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები. დაველოდოთ ყველაფერს - არცერთი ამ ტიპის დანაშაული არ დარჩება რეაგირების გარეშე", - განაცხადა თბილისის მერმა და „ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.