რეზონანსი
13.09.2025

ლევან ხაბეიშვილის დაკავება განპირობებულია სიმართლისა და 4 ოქტომბრის აქციის შიშით. თანამებრძოლებს არავინ მიატოვებს და ლევან ხაბეიშვილი ბრძოლას ციხის კედლებიდანაც გააგრძელებს - სასამართლოს ეზოდან რუსთაველის გამზირზე უნდა გადავინაცვლოთ და მეტი მზადება დავიწყოთ 4 ოქტომბრის გრანდიოზული აქციისთვის,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ბრძოლაში არცერთ თანამებრძოლს არავინ არ მიატოვებს, განსაკუთრებით კი ლევან ხაბეიშვილს.

„საერთოდ არ არის გასაკვირი რასაც ივანიშვილი და მისი ხელის ბიჭები ახლა აკეთებენ. ცხადზე უცხადესია, რომ ეს განპირობებულია სიმართლის შიშით, 4 ოქტომბრის აქციის შიშით. იმავე მოსამართლემ, რომელმაც გასცა განჩინება, ახლა უნდა იმსჯელოს თურმე აღკვეთის ღონისძიების საჭიროებაზე. ეს არის სამართლებრივი ნონსენსი, ქვეყანაში სახალხო დამცველი ოფიციალურად არ გვყავს, არცერთი ინსტიტუცია არ მუშაობს, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ ბრძოლაში არცერთ თანამებრძოლს არავინ არ მიატოვებს, მითუმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ ლევან ხაბეიშვილზე, რომელიც ერთ-ერთი მოწინავე იყო ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ის ამას გააგრძელებს ციხის კედლებიდან იქამდე, სანამ ქართველი ხალხი არ აიღებს საკუთარ ხელში უფრო მეტ ინიციატივას, რომლის ერთ-ერთი გამოვლინებაც დღევანდელი აქციაც იქნება და მე მგონია, რომ ბევრი ადამიანი უნდა იყოს ჯერ სასამართლოს ეზოში და შემდეგ უკვე რუსთაველის გამზირზე უნდა გადავინაცვლოთ, სადაც უფრო მეტი მზადება უნდა დავიწყოთ 4 ოქტომბრის გრანდიოზული აქციისთვის", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. უწყების ცნობით, ლევან ხაბეიშვილის ქმედებაში იკვეთება დანაშაულის ყველა ნიშანი, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით და ის დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე. დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×