ქართულ დელეგაციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია
მარიამ ვეკუა
13.09.2025

პალესტინის სახელმწიფოს აღიარება სულ უფრო რეალური ხდება - 13 სექტემბერს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ დიდი უმრავლესობით მიიღო დეკლარაციას, რომელიც ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის „ორი სახელმწიფოს პრინციპით" დასასრულებლად „ხელშესახებ და შეუქცევად ნაბიჯებს" ითვალისწინებს. ისრაელი და აშშ კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან იმ არგუმენტით, რომ დოკუმენტი მშვიდობის მოლაპარაკებებს აზარალებს. რა წერია დეკლარაციაში და როგორ აისახება ეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე?

შვიდგვერდიანი დეკლარაცია გაეროში ივლისში გამართული საერთაშორისო კონფერენციის შედეგია, რომელსაც საუდის არაბეთმა და საფრანგეთმა უმასპინძლეს. კონფერენცია ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტს ეხებოდა. შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ღონისძიებას ბოიკოტი გამოუცხადეს.

დეკლარაციის მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი 142-მა სახელმწიფომ დაუჭირა, 10-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 12-მა ქვეყანამ თავი შეიკავა.

საინტერესოა, რომ საქართველოს ამ დეკლარაციის კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია.

რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს აშშ-მა, ისრაელმა, არგენტინამ, უნგრეთმა, ნაურუმ, პალაუმ, პაპუა-ახალმა გვინეამ, პარაგვაიმ და ტონგამ.

დოკუმენტი, ფაქტობრივად, პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

კენჭისყრა ჩატარდა მსოფლიო ლიდერების შეხვედრამდე, რომელიც გაეროს მაღალი დონის გენერალური ასამბლეის ფარგლებში, 22 სექტემბერს გაიმართება და სადაც სხვადასხვა ქვეყნების მიერ პალესტინური სახელმწიფოს ოფიციალური აღიარებაა დაანონსებული.

193 წევრისგან შემდგარი გენერალური ასამბლეის მიერ მოწონებული დეკლარაცია „ჰამასის" მიერ ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმებს გმობს, რამაც ღაზაში ომი გამოიწვია.

დეკლარაცია ასევე გმობს ისრაელის თავდასხმებს ღაზაში, „რამაც დამანგრეველი ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია და კრიზისის მიზეზი გახდა".

პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა საუდის არაბეთისა და საფრანგეთის მცდელობებს მშვიდობის დამყარების საკითხში. სამინისტრომ ასევე მოუწოდა „ისრაელის კოლონიური ოკუპაციის დასრულების ყველა მექანიზმის გააქტიურებისა" და „პალესტინელი ხალხის ლეგიტიმური უფლებების აღიარებისკენ".

აშშ-სა და ისრაელის პოზიცია

შეერთებულმა შტატებმა კენჭისყრა შეაფასა, როგორც „კიდევ ერთი არასწორი და უადგილო საჯარო ხრიკი", რომელმაც კონფლიქტის დასრულების სერიოზულ დიპლომატიურ მცდელობებს ძირი გამოუთხარა.

„არ შეცდეთ, ეს რეზოლუცია „ჰამასისთვის" საჩუქარია", - განუცხადა აშშ-ის დიპლომატმა მორგან ორტაგუსმა გენერალურ ასამბლეას, - „მშვიდობის ხელშეწყობის ნაცვლად, კონფერენციამ უკვე გაახანგრძლივა ომი, გაამხნევა „ჰამასი" და ზიანი მიაყენა მშვიდობის პერსპექტივებს როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში".

ისრაელმა კი დეკლარაცია ცალმხრივად მიიჩნია და კენჭისყრას „თეატრი" უწოდა.

„ერთადერთი ბენეფიციარი „ჰამასია"... როდესაც ტერორისტები ხარობენ, თქვენ ხელს არ უწყობთ მშვიდობას, თქვენ ხელს უწყობთ ტერორს", - განაცხადა ისრაელის ელჩმა დენი დანონმა.

პალესტინის აღიარების პერსპექტივა

დეკლარაციის მიღება ისრაელი მიერ ღაზას სექტორზე საჰაერო დარტყმების ფონზე მოხდა. კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე კი ნეთანიაჰუმ ხელი მოაწერა დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების გაფართოების გეგმას, რაც მომავალში პალესტინის სახელმწიფოს შექმნას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიდა.

მიუხედავად იმისა, რომ გაეროს 146 წევრი უკვე უჭერს მხარს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას, მოსალოდნელია, რომ კიდევ 10, მათ შორის საფრანგეთი, ნორვეგია, ესპანეთი, ირლანდია და გაერთიანებული სამეფო, შეუერთდება მათ რიგებს ამ თვის ბოლოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×