
„ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ წინასაარჩევნო გარემომ ჩაიაროს მშვიდ რეჟიმში, თუმცა საპირისპიროდ ვხედავთ, რომ კახა კალაძის საარჩევნო შტაბს ყოველ საღამოს თავს ესხმიან. ესენი არიან ფაშისტები, რომლებსაც გარედან დავალება აქვთ მიღებული, რომ ადამიანებზე შეურაცხყოფით დაფინანსება მოიპოვონ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების" ნაძალადევის რაიონის დელეგატმა ირაკლი ხელაძემ „დღის ქრონიკაში".
„ეს ყველაფერი ემსახურება ისევ სიტუაციის დაძაბვის მცდელობას და დარწუნებული ვარ კავშირშია იმ განცხადებებთან, რასაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები 4 ოქტომბერთან დაკავშირებით აკეთებდნენ. მათ [რადიკალური ოპოზიცია] არ აწყობთ მშვიდი გარემო, არ აწყობთ საარჩევნო კამპანიის მშვიდად ჩატარება. ისინი უფრო მომგებიან პოზიციაში არიან, როდესაც სიტუაცია დაპირისპირების რეჟიმში გადადის.
როგორ წარიმართება 4 ოქტომბრამდე პროცესი, რთული სათქმელია, თუმცა სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ რეჟიმში, მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ თავისი არჩევანი დააფიქსირონ და ქვეყანამ მშვიდ და სტაბილურ გარემოში გააგრძელოს ცხოვრება", - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.