
ადვოკატის ინფორმაციით, ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით დაკავებული უკრაინის მოქალაქე მიხაილო სკრუბსკი აცხადებს, რომ ნივთები სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა ორმა პირმა გამოატანა, თუმცა არ იცოდა, რა იყო.
„მუშაობდა, ჰყავდა სატვირთო მანქანა. სამხედრო ფორმაში ჩაცმული ორი პიროვნება მივიდა და სთხოვა რაღაც ნივთების წაღება. მისთვის უცნობი იყო, კონკრეტულად რა იდო. უთხრეს, რომ აქ დახვდებოდა პიროვნება და წაიღებდა. ბათუმში სწორედ აღნიშნული ყუთის გადაცემის დროს დააკავეს ორივე. კონკრეტულად რა იყო, არ ვიცოდი, ამიტომ არ უნდა წამომეღოო, ამას აღიარებს", - განაცხადა დალი ბარბაქაძემ.
ადვოკატის ინფორმაციით, მიხაილო სკრუბსკი ამბობს, რომ არ იცნობდა იმ ადამიანებს, რომლებმაც მას ნივთები გამოატანეს.
„არ ვიცნობდი, უბრალოდ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მუშაობდნენ და პირადობის წარმოდგენის შემდეგ გამომატანესო უკრაინიდან თურქეთის გავლით. ბათუმში უნდა დახვედროდა პიროვნება, რომელიც წაიღებდა ამ ყუთებს. მეტი არაფერი იცის. ხშირად მოგზაურობს, ტრანზიტული მძღოლია, ხშირად უწევს ჩამოსვლა, გარკვეული საგნები ჩამოაქვს და უკან ბრუნდება", - განაცხადა დალი ბარბაქაძემ.
დალი ბარბაქაძეს მედიის წარმომადგენლებმა კითხვა დაუსვეს, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ნივთები თანხის სანაცვლოდ ხომ არ წამოიღო, რაზეც ბარბაქაძემ უპასუხა, რომ არანაირ თანხაზე არ ყოფილა საუბარი.
„არა, არანაირ თანხაზე არ ყოფილა საუბარი. ფორმიანები იყვნენ და უარი ამიტომ ვერ ვუთხარიო. რამდენადაც კოლეგისგან ვიცი, მეორე პირი დუმილის უფლებას იყენებს", - აღნიშნა დალი ბარბაქაძემ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკრაინის ორი მოქალაქე გუშინ დააკავეს.
როგორც 11 სექტემბერს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, მიმდინარე წლის 10 სექტემბერს უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავმა MERCEDES-BENZ-ის მარკის სატვირთო ავტომანქანამ უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით, თურქეთიდან გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და საბაჟო-გამშვები პუნქტის, „სარფის" გავლით ქვეყანაში შემოვიდა. მისი შეჩერების და გადამოწმების შედეგად ავტომანქანაში ნაპოვნია წინასწარ საგულდაგულოდ შენიღბულ სამალავებში მოთავსებული 2.4 კილოგრამის ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი".
სუს-ის ინფორმაციით, ოპერატიული მასალების მიხედვით, უკრაინიდან შემოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერების დანიშნულების ბოლო ადგილად იკვეთება თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი.