
საფრანგეთში ანტისამთავრობო პროტესტების მასშტაბურმა ტალღამ ქვეყნის ქუჩები ცრემლსადენ გაზსა და ცეცხლის ალში გახვია. ასობით დაკავება, ათიათასობით პოლიციელი და დემონსტრანტი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, პროტესტანტების მთავარი მოთხოვნა კი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომა და მისი პოლიტიკის შეცვლაა. რა ხდება საფრანგეთის ქუჩებში და რამ გამოიწვია ფრანგების უკმაყოფილება?
საფრანგეთის პოლიციამ ასობით ადამიანი დააკავა, როდესაც მემარცხენე ძალების მიერ „ყველაფერი დაბლოკეთ" ლოზუნგით ორგანიზებული საპროტესტო აქციები მთელ ქვეყანაში გავრცელდა.
ქუჩები კვამლით გაივსო, ბარიკადები დაიწვა და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, როდესაც დემონსტრანტები ბიუჯეტის შემცირებასა და პოლიტიკური არასტაბილურობის წინააღმდეგ გამოვიდნენ.
ხელისუფლების ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 80 000 პოლიციელი იყო მობილიზებული, თუმცა ფრანგული მედიის ცნობით, მათი რიცხვი 100 000-ს უთნაბრდებოდა.
სახალხო სლოგანით Bloquons Tout ანუ „ყველაფერი დაბლოკეთ" ორგანიზებული დემონსტრაციები გაფიცვებს, გზების ბლოკირებას და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტებს მოიცავს.
„ყველაფერი დაბლოკეთ" კამპანია პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისთვის სერიოზულ გამოცდად იქცა და სებასტიან ლეკორნუს პრემიერ-მინისტრობის პირველი დღე კრიზისად აქცია.
მიუხედავად იმისა, რომ ოთხშაბათს მოძრაობამ მთავარ მიზანს- სრულ ეროვნულ პარალიზებას ვერ მიაღწია, მან მაინც მნიშვნელოვნად შეაფერხა ყოველდღიური ცხოვრება და ქვეყნის მასშტაბით ასობით „ცხელი წერტილი" შექმნა.
ათიათასობით პოლიციელის მობილიზების მიუხედავად, რომლებმაც ბარიკადები დაშალეს და ასობით ადამიანი დააკავეს, არეულობა მთელ საფრანგეთში გაძლიერდა. რენში დემონსტრანტებმა ავტობუსს ცეცხლი წაუკიდეს, სამხრეთ-დასავლეთში კი ელექტროკაბელების გაწყვეტამ მატარებლების მოძრაობა შეაჩერა და საგზაო ქაოსი გამოიწვია.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრუნო რეილომ განაცხადა, რომ ქვეყანაში თითქმის 200 000 დემონსტრანტი გამოვიდა.
მინისტრის ინფორმაციით, დღის განმავლობაში 450-ზე მეტი დაპატიმრება, ათზე მეტი დაშავებული ოფიცერი და 800-ზე მეტი საპროტესტო აქცია დაფიქსირდა - დაწყებული მიტინგებით და დამთავრებული ქუჩის ხანძრებით. რეილომ დღე „მთავრობის გამარჯვებად" შეაფასა.
პროტესტის ეპიცენტრი
მას შემდეგ, რაც ემანუელ მაკრონი 2022 წელს ხელახლა აირჩიეს, პრეზიდენტი საპენსიო რეფომის გამო საზოგადოების უკმაყოფილების ეპიცენტრში აღმოჩნდა, 2023 წელს კი, პარიზის გარეუბანში პოლიციის მიერ მოზარდის მკვლელობის შემდეგ, ქვეყანამ მასშტაბური არეულობები გადაიტანა.
პარიზში და მის ფარგლებს გარეთ გამართულმა დემონსტრაციებმა და სპეცრაზმთან პერიოდულმა შეტაკებებმა კიდევ უფრო გაამწვავა კრიზისის განცდა, განსაკუთრებით ორშაბათს,- მაშინ, როცა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ბაირუმ საპარლამენტო ნდობა ვერ მოიპოვა, მაკრონმა თავდაცვის მინისტრი, მისი ახლო მოკავშირე სებასტიან ლეკორნუ კი მის შემცვლელად დანიშნა.
საპროტესტო ტალღა დაუყოვნებლივ დაუპირისპირდა ბაირუს „მემკვიდრეს", სებასტიან ლეკორნუს, რომელმაც თანამდებობა ოთხშაბათს დაიკავა.
ლეკორნუ მეხუთე პრემიერ-მინისტრია, რომელიც ორ წელზე ნაკლებ დროში დაინიშნა და მეოთხე სულ რაღაც 12 თვის განმავლობაში.
გადადგეს მაკრონი - რას ითხოვენ დემონსტრანტები
„მე ველოდი ან პარლამენტის დაშლას, ან მემარცხენე პრემიერ-მინისტრს, მაგრამ არც ერთი არ გვყავს. ეს იმედგაცრუებას იწვევს", - უთხრა 18 წლის სტუდენტმა ლიზა ვენიევმნა ფრანგულ მედიას.
პარიზელმა მასწავლებელმა, კრისტოფ ლალანდმა, განაცხადა, რომ ის ეწინააღმდეგებოდა ბიუჯეტის შემცირებას, რომელიც ბაირუმ ორშაბათს თნამდებობის დატოვებმადე დააწესა. „ბაირუ გადააყენეს, ახლა მისი პოლიტიკა უნდა გაუქმდეს", - თქვა მან, გარდა ამისა სკოლებისა და საავადმყოფოებისთვის მეტი რესურსის გამოყოფა მოითხოვა.
პროფკავშირის წევრმა ამარ ლაგამ პარიზელ ხალხს განუცხადა: „ეს დღე ამ ქვეყნის ყველა მუშაკისთვის გზავნილია: რომ პრეზიდნეტი არ გადადგა, ბრძოლა გრძელდება".
მაკრონის გადადგომის მოწოდებები მთელ ქვეყანაში გავრცელდა
სოციალურ მედიაში „ყველაფერი დაბლოკეთ" მოძრაობა ვირუსულად გავრცელდა.
საფრანგეთის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, მომიტინგეები ასევე უფრო მასშტაბურად გამოხატავენ შეშფოთებას სიღარიბისა და უთანასწორობის შესახებ, რომლებიც ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა.
დემონსტრაციები მოგვაგონებს „ყვითელი ჟილეტების" მოძრაობას, რომელმაც მაკრონის პირველი საპრეზიდენტო ვადა შეარყია, როცა ყვითელ ტანსაცმელში გამოწყობილი მომიტინგეები მთელი ქვეყნის მასშტაბით კვირების განმავლობაში საწვავის ფასების ზრდას აპროტესტებდნენ.