
გედევან ფოფხაძე უბინძურესი ადამიანია, ყველაფრის მკადრებელი,- ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადება, რომელმაც „პალიტრანიუსის" ეთერში აღნიშნა, რომ „ივანიშვილი არის ნაძირალა, გარეწარი და თუ ივანიშვილის ბენზინს გადაასხამენ და ცეცხლს წაუკიდებენ, არ ეწყინება".
კახა კალაძის განმარტებით, გედევან ფოფხაძე არასერიოზული ადამიანია.
„მისგან მეტს არც უნდა მოელოდე ადამიანი, ისეთი რაღაცები აქვს ნაკადრები. შესაბამისად, ჯერ ერთი, სერიოზულადაც არ უნდა მივიღოთ მისი განცხადებები იმიტომ, რომ არასერიოზული ადამიანია, არასერიოზულად აღიქვამენ და ჩვენთანაც ყველამ ძალიან კარგად იცის, ვინ იყო გედი ფოფხაძე", - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში" განაცხადა, რომ ხელისუფლების ფიზიკური განადგურება არ ეწყინება. „გულწრფელად გეტყვით, მაგათი არავის ფიზიკური განადგურება არ მეწყინება. ივანიშვილი არის ჩემთვის ნაძირალა და გარეწარი და თუ ივანიშვილის ბენზინს გადაასხამენ და ცეცხლს წაუკიდებენ, მე ეს არ მეწყინება... გულწრფელად გეუბნებით. მაგათმა გააჩინეს ეს ემოცია ჩემში, ეს არ არის ის ემოცია, რომელიც ჩემგან მოდის. მე ხომ ვიცნობ ბიძინას, ჭიქა აგვიწევია ერთად, ურთიერთობა გვქონია, დავლაპარაკებივარ და კაცს რომ ამ კონდიციამდე მიიყვან, რომ ამას მაფიქრებინებ...", - განაცხადა ფოფხაძემ.