რეზონანსი
12.09.2025

ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთხელ თუ ორჯერ ვარ შეხვედრილი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვიფიქრებდი, რომ ამხელა კორუფციული სისტემა იყო აწყობილი და ეს ყველაფერი მის გარშემო ტრიალებდა - ვნახოთ, რა პოზიცია აქვს დაცვის მხარეს, ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, გამოძიება აჩვენებს ყველაფერს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც თავდაცვის ყოფილი მისისინდა, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, კორუფციის საქმეზე ბურჭულაძის დაკავება „ძალიან ცუდი ფაქტია", თუმცა „უფრო უარესი იქნებოდა, რომ დამალო და არ წარმოადგინო ის რეალობა, რაც არსებობს".

ვოლსკის განცხადებით, კორუფციასთან დაკავშირებით მკაცრი ზომები უნდა გატარდეს.

„ძალიან ცუდი ფაქტია. მე არც ვუშვებდი ამას. ჯუანშერთან ერთხელ თუ ორჯერ ვარ შეხვედრილი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვიფიქრებდი იმას, რომ ამხელა კორუფციული სისტემა იყო აწყობილი და ეს ყველაფერი მის გარშემო ტრიალებდა. ძალიან ცუდი ფაქტია. ზოგადად, ჩვენთვისაც ცუდი ფაქტია, მაგრამ უფრო უარესი ფაქტი იქნებოდა, რომ დამალო და არ წარმოადგინო ის რეალობა, რაც არსებობს. კორუფციის თემა როგორც არ უნდა იყოს გაანალიზებული, რომელიც კუთხითაც არ უნდა იყოს შეფასებული, არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი ქვეყნისათვის. ამიტომ არის საქართველო კორუფციასთან ბრძოლის მაჩვენებლით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის. ნებისმიერ ქვეყანას გამოთხრის და დაანგრევს თუკი კორუფცია არსებობს. წარსულში იქნება თუ აწმყოში, ეს ყველაფერი უნდა იყოს მკაცრად გაკონტროლებული, შეფასებული და მკაცრი ზომები უნდა იქნეს გატარებული. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ვნახოთ, რა პოზიცია აქვს დაცვის მხარეს. გამოძიება აჩვენებს ყველაფერს. არ უნდა დავუშვათ, რომ ვინმეს ეჭვი დარჩეს რაღაცა დანაშაულის დაფარვის მცდელობაზე," - განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დააკავონ, ვოლსკი პასუხობს, რომ ვერ წარმოუდგენია, ღარიბაშვილი რაიმე დანაშაულში იყოს გახვეული.

„მე ვერც წარმომიდგენია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი რამე დანაშაულში იყოს გახვეული. ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია ვიცნობ. ახალგაზრდა იყო, საკმაოდ შეძლებული თვითონაც, თავისი ოჯახი საკმაოდ სერიოზული შემოსავლით, ამიტომ ძალიან გამიკვირდება, ვერც ვუშვებ, რომ შეიძლება რამე კორუფციულ სისტემაში იყოს ჩართული. საერთოდ არის ასეთი ფორმულა, რომ „არაფერი არ უნდა გამორიცხო ამ ცხოვრებაში", მაგრამ ადამიანები ვართ, ჩვენი სისუსტეებიც გვაქვს და შეიძლება გამორიცხო კიდეც. ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში, ვინც არ უნდა იყოს, ნებისმიერი ადამიანი, ვინც სახელმწიფოს დაუპირისპირდება ასეთი ბოროტი დანაშაულით, როგორიცაა კორუფცია, ყველას პასუხი მოეთხოვება," - განაცხადა ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×