
ადიგენში, სოფელ არალთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, სატვირთოს მძღოლი დააკავეს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესი ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს, 11 სექტემბერს გაიმართა. მოსამართლე, მარიკა ჩიტაშვილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ავარიას, რომელიც 8 სექტემბერს მოხდა, 15 წლის ფეხბურთელი ემსხვერპლა.
როგორც, „სამხრეთის კარიბჭეს“ ახალციხის, რაიონულ სასამართლოში განუმარტეს, დაცვის მხარე პატიმრობის ნაცვლად, გირაოს გადახდას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდებულის ადვოკატის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მძღოლი პატიმრობაში დატოვა.
დაკავებულს ბრალი სსკ 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით ედება, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
ადიგენში, სოფელ არალთან ავტოსაგზაო შემთხვევა 8 სექტემბერს მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მიკროავტობუსი შეეჯახა. მიკროავტობუსში, საფეხბურთო გუნდის – „ზარზმის აკადემიის“ მოსწავლეების იმყოფებოდნენ.
სამხრეთის კარიბჭე