ნატალია ჯვარიძე
11.09.2025

სუს-მა ხმაურით დააკავა „ნაცმოძრაობის" ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი და პარტიის წევრი, მურთაზ ზოდელავა. ასევე დაკავებულია თავდაცვის ექსმინიტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის უახლოესი თანამებრძოლი იყო. საქმე ეხება ქრთამის საჯაროდ დაპირებას, ძალადობას, ქონების გადამალვას და სხვა ბრალდებებს. განსაკუთრებით დიდი ვნებათათელვა გამოიწვია „ნაცმოძრაობაში", რომლებიც ხალხს 4 ოქტომბერს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ.

ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. ამაზე სუს-ში ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ „ლევან ხაბეიშვილის ქმედებაში იკვეთება დანაშაულის ყველა ნიშანი, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით და ის დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე. დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილი 200 000 აშშ დოლარის ქრთამის სახით გადახდას, საჯაროდ დაპირდა პოლიციის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც მიაწვდიდნენ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციასა და საიდუმლო მასალას. იგი დასახელებულ თანხას ქრთამის სახით დაპირდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს წვრთნასა და ვარჯიშზე უარის თქმის სანაცვლოდაც.

„ლევან ხაბეიშვილის დაკავებისას მასთან ერთად იქნა დაკავებული მურთაზ ზოდელავა, რომელსაც ხაბეიშვილმა დაკავებისთანავე მიაწოდა თავისი მობილური ტელეფონი, ზოდელავამ კი აღნიშნული ტელეფონის გადამალვის მიზნით სცადა გაქცევა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, სუს-ის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახმა, მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის წარმოშობის წყაროს დამალვისა და შენიღბვის მიზნით, 2025 წლის იანვარში, 544 000 ევროდ შეიძინა ესპანეთში, მალაგას პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი.

ჯამში, მათივე ცნობით, ყოფილმა მინისტრმა განახორციელა 1 593 212 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია.

ამასთან, როგორც უწყებაში აცხადებენ, ბურჭულაძემ დასახელებული 544 000 ევროს უკანონო წარმოშობის დამალვის მიზნით, 2025 წლის მარტში, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საერთოდ არ მიუთითა ესპანეთში შეძენილი უძრავი ქონება.

თავად დაკავებულები ბრალს უარყოფენ. ლევან ხაბეიშვილმა დაკავებისას განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე დავალებას ასრულებენ.

„მეგობრებო, უნდა გესმოდეთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მდინარაძეს, რა დავალებაც ჰქონდა, ასრულებს. არაფრის შეგეშინდეთ, იმიტომ, რომ ძალა არის ქართველ ხალხში. ნუ შეგეშინდებათ ნურაფრის, მე ამის მოლოდინი მქონდა და ისინი აპირებენ დამაკავონ. მაკავებენ, იმიტომ, რომ თურმე ერთ ადამიანს, ხაბეიშვილს შეუძლია ივანიშვილის დამარცხება. თქვენ შეგიძლიათ დაამარცხოთ ივანიშვილი, თქვენ შეგიძლიათ დაამარცხოთ ეს რეჟიმი,"- განაცხადა ხაბეიშვილმა.

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ოპოზიციონერების ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას დაკავებას ეხმაურება, ამბობს, რომ ახლა საჭიროა საყოველთაო მობილიზება და შეტევაზე გადასვლა.

„დიქტატორმა ივანიშვილმა მუხანათურად დააკავა ოპოზიციის ნამდვილი ლიდერები, ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა.ეს არის კრიმინალური რეჟიმის უკიდურესი პანიკის და უმწეობის გამოხატულება. აღარაფერს ვამბობ იმ სამარცხვინო უბადრუკ მოტივებზე, რომლითაც ისინი დაიჭირეს.ჩვენ გვჭირდება საყოველთაო მობილიზაცია და შეტევაზე გადასვლა.აუცილებლად გავიმარჯვებთ! დიდება საქართველოს!" - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ასევე, ნაცმოძრაობის წევრი ანა წითლიძე ამბობს: „მე, ანა წითლიძე, ჩემს მეგობრებთან ერთად, ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ 200 ათასი დოლარი, რაც იყო დასახელებული და ლევან ხაბეიშვილს ბრალი წაუყენეს, ვაორმაგებთ ამ თანხას და ყველა იმ ადამიანს, მოქმედ ძალოვანს, რომელიც არ შეასრულებს ბიძინა ივანიშვილის უკანონო ბრძანებას, ჯილდოდ 400 ათას დოლარს გადავცემთ. ამაზე პირადად მე ვარ პასუხისმგებელი. ახლა გამოვიდეს მდინარაძე და თუ აქვს ერთი ადგილი, დამაკავოს. აგერ ვდგავარ მისი შენობის წინ. მაგრამ მდინარაძეს მხოლოდ ისეთი ჩასაფრებით შეუძლია დაკავება, როგორი ჩასაფრებითაც დააკავა ხაბეიშვილი და გაიტაცა მურთაზ ზოდელავა", - განაცხადა ანი წითლიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×