
მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სუს-მა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მათ ფარულად ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი შემოჰქონდათ. ანალიტიკოსები სავარაუდო დაგეგმილ ტერაქტზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მთვარია დადგინდეს, ვინ უწყობდა ხელს საქართველოდან.
„ეს ეჭვებს აჩენს, ვის და რის ინტერესებში უნდა ყოფილიყო საქართველოში სავარაუდო დივერსიების ან ტერაქტების მოწყობა. ჰექსოგენი არ არის ნარკოტიკული საშუალება, ან ძვირფასი ნივთიერება, რომ სხვა დანიშნულებით გამოყენებინათ", - განაცხადა ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავმა, მერსედესის მარკის სატვირთო მანქანამ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით, რუმინეთის და ბულგარეთის გავლით, თურქეთიდან გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და საბაჟო გამშვები პუნქტის სარფის გავლით ქვეყანაში შემოვიდა. მისი შეჩერების და გადამოწმების შედეგად ავტომანქანაში ნაპოვნია წინასწარ საგულდაგულოდ შენიღბულ სამალავებში მოთავსებული 2,4 კილოგრამის ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი. საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ საქმე ეხება ასაფეთქებელ ნივთიერება ტროტილზე ძლიერმოქმედ ნივთიერებას.
„გამოძიებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის მოქალაქეს, ზემოთ ხსენებული ავტომანქანის მძღოლს მ.ს.-ს, უკრაინის ტერიტორიაზე დაუდგენელმა პირმა გადასცა შენიღბულ კასრებში მოთვსებული ასაფეთქებელი ნივთიერება და განუმარტა, რომ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემდგომ, მათთან კავშირზე მყოფი სხვა პირი გამოართმევდა აღნიშნულ ნივთიერებას.
„უკვე დაკავებულია, ასევე უკრაინის მოქალაქე დ.ჟ., რომელმაც მიაკითხა მძღოლ მ.ს.-ს და გამოართვა, სამალავებში განთავსებული დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება.
„ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია 8 ერთეული მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, დიდი ოდენობით ფულადი თანხა, სხვადასხვა ქვეყნის მობილური ოპერატორის სიმბარათები და ნარკოტიკული ნითიერება „კოკაინი".
„გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას და გადაზიდვას გულისხმობს. დაკავებულებს ბრალად 260-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებაც წარედგინებათ მათი ჩხრეკისას ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით.
„ბუნებრივია გამოძიება გაგრძელდება საქართველოში შემოტანილი დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების დასადგენად - მზადდებოდა ტერორისტული აქტი საქართველოში, საქართველო გამოიყენებოდა სატრანზიტო ქვეყნად თუ სხვა. შესაბამისად მოხდება დაკავებული პირების მიმართ სამართლებრივი კვალიფიკაციის დაზუსტება და საჭიროების შემთხვევაში საზოგადოების შემდგომი ინფორმირება.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის თანამშრომლებს ჩატარებულ წარმატებულ ღონისძიებაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის",-აღნიშნულია ინფორმაციაში.
გია აბაშიძე ვარაუდობს, რომ ოპოზიციის მიერ დაგეგმილი „მშვიდობიანი რევოლუცია" ირიბად ამ ფაქტთანაა დაკავშირებული.
„ქართულ პოლიტიკაში უკრაინულ დესტრუქციულ ფაქტორთან დაკავშირებით გვაქვს ერთი ძალიან სამწუხარო გამოცდილება, როდესაც თვით უკრაინის სპეცსამსახურებმა საქართველოში არაჟნის კონტეინერით მიხეილ სააკაშვილი შემოაპარეს, რათა აქ არეულობა მოეხდინა. თუმცა ეს გეგმა ჩავარდა.
„ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს ის ფაქტი, რომ უკრაინის მოქალაქეები არიან ჩართული უძლიერესი ასაფეთქებელი ნივთიერების, ჰექსოგენის საქართველოში შემოტანის მცდელობაში. ასევე ეჭვებს აჩენს ის, რომ უკრაინის დესტრუქციული ქმედებები დაფიქსირდა გერმანიისკენ მიმავალ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2"-ზე. რა თქმა უნდა, უკრაინამ როგორც სააკაშვილის შემოპარვის ფაქტი, ესეც უარყო.
გასაგებია, რომ ზელენსკისა და „ქართული ოცნების" მთავრობებს შორის დაძაბული ურთიერთობაა, რადგან რუსეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებას უსინდისოდ მოგვიწოდებდნენ, რაც ხელისუფლება არ შეასრულა. ეს ყველაფერი ეჭვებს აჩენს, ვის და რის ინტერესებში უნდა ყოფილიყო საქართველოში სავარაუდო დივერსიების ან ტერაქტების მოწყობა. ჰექსოგენი არ არის ნარკოტიკული საშუალება, ან ძვირფასი ნივთიერება, რომ სხვა დანიშნულებით გამოყენებინათ. ამას, რა თქმა უნდა, გამოძიება დაადგენს. კურიერები და გადამტანები არაფერ შუაში არიან, მთავარია დადგინდეს, საიდან მომდინარეობს დაკვეთა და ვისთან ჰქონდათ კავშირი საქართველოში. რასაკვირველია, ახლა თითის გაშვერა არ შეიძლება, რადგან ჯერ მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ მგონი პოლიტიკაში ნაკლებად ჩახედულმა ადამიანებმააც იციან, თუ რა ძალებს სურთ საქართველოში არეულობა და ე.წ. მშვიდობიანი რევოლუცია. მე ამ ორ ქეისს ერთმანეთისგან გავმიჯნავდი, თუმცა აშკარაა, რომ ირიბი ბმები არსებობს", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ფეისბუკზე" წერს: „კარგად დაიწყო მამუკა მდინარაძემ.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ლტოლვილად მყოფი უკრაინის მოქალაქეები, არაერთხელ ყოფილან შემჩნეული დესტრუქციულ ქმედებებში, ხოლო უკრაინის სპეცსამსახურებს გამოუყენებიათ საქართველოს ტერიტორია ტერაქტებისათვის, ვერიდებოდი ამ თემის აწევას, თუმცა ვამახვილებდი ყურადღებას.
„ეხლა რევერანსების დრო წავიდა. ჩემი გონივრული ეჭვით საქართველოში ლტოლვილების სტატუსით ინფილტრირებულია უკრაინის სპეცსამსახურების აგენტურა. თუ რა მიზნებით, ვფიქრობ რთული მისახვედრი არაა. ზელენსკისთვის. საძულველი აქაური ხელისუფლების დამხობაში ხელშეწყობა
„შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს აქ ჩამოსული უკრაინელების სიღრმისეული შემოწმება, საეჭვო პირების გაძევება, ხოლი სამობილიზაციო ასაკის მამაკაცების ( აქ რომ გრიალებენ) უკრაინაში დეპორტაცია. ამით მაინც შევუვსებთ ჯარის დეფიციტს",- წერს ანჯაფაარიძე