მარიამ ვეკუა
11.09.2025

ოთხშაბათს, იუტას ველის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე, აშშ-ში ცნობილი კონსერვატორი აქტივისტისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთგული მოკავშირის, ჩარლი კირკის მკვლელობას ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მომხდარი საზარელი მკვლელობა ფსევდოლიბერალური ფაშიზმის გამოვლინებაა. რას ამბობენ მმართველ გუნდში და როგორია ექსპრტების შეფასება და პროგნოზები მომხდარზე.

ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ სოციალურ ქსელში მომხდართან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საუბრობს „დიპ სტეიტის" მხრიდან მკაფიო გაფრთხილებაზე.

„შვილებისა და ცოლის თვალწინ გუშინ მხეცურად მოკლული 31 წლის პუბლიცისტი ჩარლი კირკი, კონსერვატიული აზრის ცნობილი ლიდერი მრავალმილიონიანი მიმდევრებით, არის „დიპ სტეიტის" მორიგი მსხვერპლი, ისე, როგორც ცოტა ხნის წინ გერმანიაში ზუსტად არჩევნების წინ კონსერვატიული და მზარდად პოპულარული პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის" უეცრად და ერთბაშად გარდაცვლილი 7 კანდიდატი."

მისი აზრით, „ეს არის გაფრთხილება და თან ძალიან სერიოზული გაფრთხილება „დიპ სტეიტის" მხრიდან, მათ შორის დონალდ ტრამპისათვის, რომელმაც ახალგაზრდობის მხარდაჭერა დიდწილად სწორედ ჩარლი კირკის პოპულარობით და აქტიური მხარდაჭერით შეძლო".

მკვლელობამდე ექვსი თვით ადრე კირკმა საჯაროდ განაცხადა, რომ უკრაინაში ომი კარგია მხოლოდ უკრაინის მმართველი კლასისთვის, რომელიც ამით ხელს ითბობს:

„თქვენ უნდა დასვათ ძალიან მარტივი კითხვა: ვინ სარგებლობს მშვიდობით და ვინ სარგებლობს ომით? უკრაინის ხალხი სარგებლობს მშვიდობით. ამერიკის ხალხი სარგებლობს მშვიდობით. კაცობრიობა სარგებლობს მშვიდობით. მაგრამ მაშინ ვინ სარგებლობს ომით? სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, უკრაინის მმართველი კლასის ოლიგარქები".

„მსოფლიოში მიდის დაუნდობელი ბრძოლა „დიპ სტეიტსა" და მის ოპონენტებს შორის და, როგორც ვხედავთ, ამ ბრძოლაში ყველაფერი მოსულა", - ამატებს ანჯაფარიძე.

რა შეიძლება მოჰყვეს ამ პრეცედენტს?

ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე ფეისბუქზე შესაძლო სცენარზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ შესაძლოა, აშშ-ის პრეზიდენტმა მომხდარი საკუთარი პოლიტიკური მხარდაჭერისა და ძალის დემონსტრირებაში გადათარგმნოს.

„ამერიკელი კონსერვატორის, ტრამპის მოკავშირის, ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ აშშ-ში შიდა პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება. ამას დაპირისპირებებისა და სიძულვილის ახალი ტალღა მოჰყვება. ვინც არ უნდა იყოს მკვლელი და რა მოტივიც არ უნდა ჰქონდეს მას, მაინც გაჩნდება შეთქმულების თეორიები. ტრამპი შეეცდება ეს ყველაფერი საკუთარი პოლიტიკური მხარდაჭერის მობილიზაციასა და ძალის დემონსტრირებაში გადათარგმნოს. ამის საპირისპიროდ, მისი მოწინააღმდეგეები იარაღის ტარების აკრძალვას მოითხოვენ. საბოლოოდ კი, აშშ-ს რთული პოლიტიკური პერიოდი ექნება წინ", - წერს კობერიძე.

მისივე თქმით, „ამას ემატება უკიდურესად მძიმე პოლარიზაცია მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის, რაც მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით კარდინალურ უთანხმოებაში იხატება".

პოლიტიკური შეფასებები თბილისში

მმართველ გუნდში კირკის მკვლელობას დეჰუმანიზაციის და შეუწყნარებელი რიტორიკის გამოხატულებად მიიჩნევენ.

„ჩარლი კირკის სასტიკი მკვლელობა ზიზღის, დეჰუმანიზაციის და შეუწყნარებელი რიტორიკის პირდაპირი და არაორაზროვანი შედეგია. ვგმობ ძალადობის ამ წარმოუდგენელ და მხეცურ აქტს. სიტყვებს მძიმე შედეგები შეიძლება ჰქონდეს, ხოლო ზიზღის ენის დაუფიქრებელ მხარდაჭერას შეიძლება წინასწარ განუჭვრეტელი მოვლენები მოჰყვეს. ჩვენს მიერ უამრავჯერ გაკეთებული მოწოდება და გაფრთხილება ზოგიერთი უცხოელი ოფიციალური პირის მიმართ, თავი შეიკავონ ძალადობრივი ენის მხარდაჭერისაგან, რომელიც თითქოსდა ევროკავშირის, ლიბერალიზმისა და დემოკრატიის სახელით ხდება, მიმართულია იქითკენ, რომ ამგვარი არაპროგნოზირებადი ძალადობრივი აქტები საქართველოს თავიდან ავარიდოთ. გამოვხატავ გულწრფელ თანაგრძნობას ამერიკელი ხალხის, განსაკუთრებით კი ჩარლი კირკის ოჯახისა და ახლობლების მიმართ, - წერს პაპუაშვილი.

სოციალურს ქსელით მომხდარს გამოეხმაურა პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილიც.

„ჩარლი კირკი არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი მსხვერპლი. კიდევ უფრო შემზარავია ის ცინიკური შეფასებები, რაც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მიმდევრებს აქვთ ამ საშინელი ფაქტის მიმართ. ჩარლი კირკის მკვლელობის თანამონაწილეა ყველა ის ადამიანი, რომელიც ახალისებს ძალადობას, მიუღებელი აზრის დევნას და ცდილობს დანერგოს და გაავრცელოს თავსმოხვეული, მახინჯი იდეოლოგია. გამძლეობას ვუსურვებ ჩარლი კირკის ოჯახს და ახლობლებს", - წერს მიხეილ ყაველაშვილი.

ჟურნალისტებთან პრემიერმა კი პარალელი მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ დაპირპირებასთან გაავლო.

„ეს არის შემაშფოთებელი კატასტროფული ტენდენციები. ამის გამოხატულებაა სხვათა შორის ის აქციაც, რომელიც სახედაკარგულმა ლიბერალმა აქტივისტებმა ჩვენი შტაბის წინ გამართეს. აბსოლუტურად სახელდაკარგული ადამიანები არიან. ქალი ქალს არ ჰგავდა და კაცი კაცს. ტრაგიკულია ეს მდგომარეობა, რომელშიც არიან ეს კონკრეტული ადამიანები. უცხოური დაფინანსებით, კონკრეტული იდეოლოგიით ასეთ სახემდე მიიყვანეს ეს ადამიანები, რაც ნამდვილად ტრაგიკული მომენტია ნამდვილად"

კირკის მკვლელობამ განსხვავებული კომენტარები გამოიწვია მმართველი გუნდის ოპონენტებში, ოპოზიციონერი აქტივისტი ანი ქარქაშაძე, კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობაზე სოციალურ ქსელში კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ მკვლელობა ზოგადად დასაგმობია, მაგრამ ჩარლი „იმდენად ამაზრზენ პოლიტიკას აწვებოდა, აგერ დარდი".

„მკვლელობა ზოგადად დასაგმობი და მიუღებელია, მაგრამ იმდენად ამაზრზენ პოლიტიკას აწვებოდა, რა ვქნა, მაპატიეთ, მაგრამ აგერ დარდი. ვფიქრობ, დღეს მსოფლიოც, როგორც ჩვენ ან აქეთ ან იქით არის" - წერს ქარქაშაძე.

„შიგ არტერიაში გაარტყეს ამ მაგ ქოცს!" - დაწერა კიდევ ერთმა აქტივისტმა.

რა მოხდა?

ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ მედიაში გავრცელდა, სადაც კირკი ღია ცის ქვეშ შეკრებილ ხალხს ესაუბრებოდა, როდესაც გასროლის ხმაც გაისმა.

კირკი ადგილზე სასაუბრო ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა და ვიზიტი უნივერსიტეტში მისი „ამერიკული დაბრუნების ტურის" ფარგლებში დაგეგმილი მინიმუმ 15 ღონისძიებიდან პირველი იყო.

სროლამდე მოკლული „დაამტკიცე, რომ ვცდები" დებატების მაგიდასთან იჯდა და აუდიტორიის კითხვებს პასუხობდა. ვიდეოებში ჩანს, რომ კირკი სტუდენტთან მასობრივი სროლებისა და ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ საუბრობდა, როდესაც მას ტყვია კისრის არეში მოხვდა.

„იცით, რამდენი ტრანსგენდერი ამერიკელი იყო მასობრივი მკვლელი ბოლო 10 წლის განმავლობაში?" - ჰკითხეს კირკს.

„ძალიან ბევრი", - უპასუხა კირკმა, როდესაც შეკრებილებმა ტაში დაუკრეს, ეს პასუხი კირკისთვის საბოლოო აღმოჩნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×