მარიამ ვეკუა
11.09.2025

ჰელსინკის კომისიის სხდომაზე სენატორ სტივ კოენის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ სენატმა „მეგობარი აქტი" არ მიიღო და არც მიიღებს, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში განხილვის ეპიცენტრში აღმოჩნდა. ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ საუბარია მხოლოდ პროცედურულ შეფერხებაზე და აქტს კვლავ ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ მზად არის აშშ-სთან ურთიერთობა „სუფთა ფურცლიდან" დაიწყოს. რა განცხადებები გაკეთდა სხდომაზე და ვინ ჩაკლა „მეგობარი აქტი".

ქართული ოპოზიციისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა სენატორ სტივ კოენის მიერ სხდომაზე გაკეთებული განცხადება.

„სამწუხაროა, რომ სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ „მეგობარი აქტს", რაღაც პრობლემები იყო და შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს ერთ კონკრეტულ დიდ ბიზნესთან, რომელიც პორტს აშენებს. ბატონი უილსონი მართალია, იმდენად დიდი უმრავლესობაა, დემოკრატები და რესპუბლიკელები ორპარტიულად უჭერენ მხარს კანონპროექტს და ეს თითქმის გაუგონარია, დიდი მხარდაჭერაა. და იქ, როგორც ჩანს, ერთმა ადამიანმა შეძლო მისი „ჩაკვლა". გასაოცარია, რომ ეს მოხდა. რატომ მოხდა, არ მესმის", - აღნიშნა კოენმა.

ჰელსინკის კომისიაზე მოწმის სტატუსით წარმოდგენილები იყვნენ ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი, რომლებმაც ვრცლად ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ „ზურაბიშვილმა და თინა ხიდაშელმა ჩაიდინეს საჯარო ღალატი საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ".

შეგახსენებთ, იმისთვის, რომ „მეგობარი აქტი" საბოლოოდ ძალაში შევიდეს, მას ორპარტიული მხარდაჭერა და აშშ-ის პრეზიდენტის ხელმოწერა უნდა ჰქონდეს.

„მეგობარი აქტი საბოლოოდ ჩავარდა"

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ, როგორც ჩანს, „მეგობარი აქტი" საბოლოოდ ჩავარდა. ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა.

„საბედნიეროდ, როგორც ირკვევა, საბოლოოდ ჩავარდა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი - სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით გადავტვირთოთ ურთიერთობები და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან. ჩვენ ამის იმედს ვიტოვებთ, დანარჩენი დამოკიდებულია აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„მეგობარი აქტის" გარშემო მიმდინარე პროცესებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა: „ეს უპირველეს ყოვლისა თავად კონგრესის პრესტიჟის საკითხია, რომ არ მიიღონ ქართველი ხალხის მიმართ მტრული აქტი. ასე რომ, თუ არ მიიღებენ, მათთვის უკეთესი."

„უბრალოდ პროცედურული შეფერხებაა... მიიღებენ"

ოპოზიციაში იხტიბარს არ იტეხენ, აცხადებენ, რომ „მეგობარი აქტის" ძალაში შესვლა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას და საუბარია მხოლოდ პროცედურულ შეფერხებაზე.

ენმ-ის წევრი ლევან სანიკიძე დარწმუნებულია, რომ უმოკლეს ვადებში შესაძლებელი იქნება დოკუმენტის ხელახალი აქტუალიზაცია.

„ორივე პარტიის მხრიდან „მეგობარ აქტს" როცა ასეთი მხარდაჭერა აქვს, შეუძლებელია, ამ პროცედურული შეფერხებით მოხდეს მისი მიღების საკითხის ასე შეჩერება. მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია, როგორ და რა ფორმით იქნება მისი აქტუალიზაცია შემდგომში. იმ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად, რომელთან ერთადაც „მეგობარი აქტი" განიხილებოდა, მისი მიბმა შეიძლება არ მოხდეს და მისი მიღება სხვა ფორმით მოხდეს. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც იყო და რასთან დაკავშირებითაც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, არის, რომ ორპარტიული მხარდაჭერა ისევ ძალაშია.

„ბოლო ვითარებით, რამდენადაც ჩვენ ვფლობდით ინფორმაციას, 100 სენატორიდან 97 თუ 98 სენატორი „მეგობარი აქტის" მიღებას მხარს უჭერდა. ერთი ან ორი იყო მოწინააღმდეგე. იმ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად რომ ყოფილიყო „მეგობარი აქტი" მიღებული, რასთან ერთადაც „მეგობარი აქტი" გამოვიდა, მისი მიღებას კრიტიკული უმრავლესობა უჭერდა მხარს. შესაბამისად, გამოძებნილი იქნება ტექნიკური საშუალებები, რომ „მეგობარი აქტი" მიღებული იყოს", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

რა განცხადებები გაკეთდა სხდომაზე

ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე კონგრესმენი ჯო უილსონი მოსმენაზე ვრცელი მონოლოგით წარსდგა.

„ქართული ოცნების" მთავრობა, რომელმაც არჩევნები გააყალბა, ქართველ ხალხს დიქტატურისკენ მიათრევს. ეს მოსმენა განიხილავს, რამდენად დაეცა საქართველო „ქართული ოცნების" პირობებში და რას ნიშნავს ეს ამერიკული უსაფრთხოებისთვისა და ინტერესებისთვის. ასევე განვიხილავთ, რა ინსტრუმენტები აქვს აშშ-ს საპასუხოდ, მათ შორის ორპარტიული „მეგობარი აქტი", რათა „ქართულ ოცნებას" პასუხი აგებინოს და ამავდროულად მყარად დაუდგეს გვერდით ქართველ ხალხს", - განაცხადა უილსონმა.

მოწმის რანგში სიტყვით გამოვიდნენ სალომე ზურაბიშვილი და თინა ხიდაშელიც.

„დღეს პირველად სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოში მმართველმა რეჟიმმა ზურგი აქცია ამ პარტნიორობას. საკუთარი თავისა და ქვეყნის დისტანცირებას და იზოლირებას ახდენს სანდო პარტნიორისგან და, ამავდროულად, სულ უფრო თანხვედრაში ხდება აშშ-ის მოწინააღმდეგეებთან. რუსეთი თამაშობს თავისი დომინანტური პოზიციის აღსადგენად", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მე-5 პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა 2024 წლის არჩევნებზე, აქციაზე მყოფ დაკავებულებსა და მიმდინარე პროცესებზეც.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ზურაბიშვილმა და ხიდაშელმა ქვეყანას საჯაროდ უღალატეს.

„ეს ორი მოღალატე საქართველოს წინააღმდეგ ჩვენებას იძლევა. ზურაბიშვილის შემთხვევაში არა, მაგრამ ხიდაშელის შემთხვევაში ხომ არის, რომ ჩვენებას იძლევა იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელმაც ის შობა და აღზარდა. ეს ორი მოღალატე თავის კუთვნილ ადგილს მიიღებს საქართველოს ისტორიაში. თქვენ წარმოიდგინეთ, ამერიკის ექს-პრეზიდენტი რომ ჩამოვიდეს და საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მისცეს ჩვენება ამერიკის წინააღმდეგ. სინამდვილეში, ეს არის ყველა აგენტის ხვედრი და ყველამ უნდა ისწავლოს ხიდაშელისა და ზურაბიშვილის მაგალითზე, როგორ ექცევიან აგენტებს. ჩაიყვანენ და ასეთ ღალატს ჩაადენინებენ. ეს არის ყველა აგენტის ხვედრი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×