
გუშინ ვაშინგტონში ჩვენ ვიხილეთ თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, რაც, ბუნებრივია, ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ჰელსინკის კომისიაში გამართულ მოსმენას ეხებოდა, სადაც მომხსენებლები სალომე ზურაბიშვილი და თინა ხიდაშელი იყვნენ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, როდესაც ქართველი კარგავს სახეს, როდესაც ქართველი პირდაპირ უპირისპირდება საკუთარი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, ეს არის ტრაგიკული მოვლენა.
პრემიერმა ასევე უპასუხა შეკითხვას, თუ რას ნიშნავს, როდესაც აღნიშნულ კონფერენციას მართავდა ჯო უილსონი, რომელიც კავშირშია ოპოზიციასთან.
„ჯო უილსონი, პირველ რიგში, არის Deep State-ის აგენტი და მერე არის დაფინანსებული ლობისტი. ორივე ერთად არის, მაგრამ პირველ რიგში, ისიც არის Deep State-ის აგენტი, ისევე, როგორც სალომე ზურაბიშვილი, თინა ხიდაშელი. გუშინ ვაშინგტონში ჩვენ ვიხილეთ თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, რაც, ბუნებრივია, ძალიან სამწუხაროა. როდესაც ქართველი კარგავს სახეს, როდესაც ქართველი პირდაპირ უპირისპირდება საკუთარი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, ეს არის ტრაგიკული მოვლენა, თუმცა ეს არის მათი ტრაგედია. მეტ კომენტარს ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.