
ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლებია დარჩენილი და მასში მონაწილე პარტიები აქტიურად ემზადებიან. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" მათ წინასაარჩევნო კამპანიებს აფასებენ და ამბობენ, რომ ზოგიერთი მათგანის დაპირებები საერთოდ აცდენილია რეალობას.
ადგილობრივ არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან" ერთად მონაწილეობას იღებს პარტიები: „ლელო-ძლიერი საქართველო", „გახარია-საქართველოსთვის", „გირჩი-მეტი თავისუფლება" და სხვა მომცრო პარტიები. არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს „ნაციონალური მოძრაობა" და „კოალიცია ცვლილებებისთვის".
ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის დაპირებები ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისთვის სრულიად უადგილოა და არ შეესაბამება რეალობას. მმართველი პარტიის პროგრამებს კი დადებითად აფასებს.
„ტრადიციულად ამ საკითხშიც რადიკალური განსხვავავებაა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. „ქართული ოცნების" შემთხვევაში ხდება კონკრეტული პრობლემების დასახვის გზები. ოპოზიციის შემთხვევაში კი, მათი ერთი ნაწილი ბოიკოტს აცხადებს დამხობას მშვიდობიანი რევოლუციით აპირებს. მეორე ნაწილი კი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, ამბობს, რომ ხელისუფლებას ძალაუფლება უნდა გამოგლიჯონ და ა.შ.
თანაც ოპოზიციის ყველა სეგმენტიდან გვესმის ისეთი მოწოდებები და დაპირებები, რომლებიც საერთოდ არ შეესაბამება ადგილობრივი არჩევნების უფლებამოსილებას - ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და რაღაც რეფორმების გატარება, რომელიც ნამდვილად არ ეხება მუნუციპალიტეტის არჩევნებს.
ეს გასაკვირი საერთოდ არ არის, რადგან თავის დროზე, თუნდაც 2018 წელი რომ ავიღოთ „ნაცმოძრაობის" მაშინდელი საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ისეთ დაპირებებს იძლეოდა, რომელიც საერთოდ არ შედიოდა შეზღუდული პრეზიდენტის უფლებამოსილების მანდატში. ასევე გვახსოვს მათი დაპირებები პენსიებზე წინა ადგილობრივ არჩევნებზე. ასე რომ, არაფერი იცვლება და არის სადღეგრძელოების დონეზე ფუჭი დაპირებები.
რაც შეეხება „ქართულ ოცნებას", მათი მხრიდან არის შინაარსიანი და რეალური პროგრამები. ნამდვილი ოპოზიცია რომ იყოს, მმართველ პარტიას ოპონირებას გაუწევდა და დარგობრივად ჩაეჭიდებოდა ამა თუ იმ პრობლემის მოგვარების გზების გადაწყვეტაში.
მაგალითად, ერთ ნებისმიერ მუნიციპალიტეტში რა უნდა გაკეთდეს, რა გზები უნდა დაიგოს, რა ინფრასტრუქტურია განხორციელებაა პრიორიტეტი და ა.შ",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორისა და ანალიტიკოსის, ნიკა ჩიტაძის შეფასებით, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე პარტიებს ლოკალურ პრობლემებზე აქვთ აქცენტი გაკეთებული. მისივე თქმით, ხელისუფლება როგორც ყოველთვის, ახლაც მშვიდობაზე საუბრობს.
„რადგან ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებია და ვინც არჩევნებში მონაწილეობენ, მათი ძირითადი ფოკუსი მიმართულია ლოკალური პრობლემების მოგვარებაზე - ინფრასტრუქტურის განვითარება და ა.შ.
„ქართული ოცნების" ბილბორდებს რომ გადავხედოთ, აქცენტი მშვიდობაზე აქვთ გაკეთებული. თუმცაღა, როგორც ვთქვი, ძირითადი აქცენტი ადგილობრივ პრობლემებზეა გაკეთებული",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".