ნატალია ჯვარიძე
10.09.2025

რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის დროს, დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ და ვარშავამ დაუყოვნებლივ ნატო-ს მე-4 მუხლის ამოქმედება მოითხოვა. თავდასხმის გამო დედაქალაქში მდებარე ორი აეროპორტი დაიხურა.

რუსულმა დრონმა პოლონეთში საცხოვრებელი სახლიც დააზიანა, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. გამოცემა Polsat News-ის ცნობით, რუსული დრონის ნარჩენები ლუბლინის სავოევოდოს სოფელ ვირიკიში ჩამოვარდა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლის სახურავი და ავტომობილი დაზიანდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივების განცხადებით, აფეთქების ხმა გაიგეს და პოლონეთის გამანადგურებელი თვითმფრინავები დაინახეს.

„იარაღის განლაგება მოხდა და სამსახურები აქტიურად მუშაობენ ჩამოგდებული ობიექტების ადგილმდებარეობის დასადგენად", - აღნიშნულია პოლონეთის ოპერატიული სარდლობის განცხადებაში. განცხადების თანახმად, სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს.

პოლონეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პოლონეთმა ოთხი აეროპორტი, მათ შორის ვარშავაში მდებარე ყველაზე დიდი აეროპორტი, დახურა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონები შეიჭრა. მედიის ინფორმაციით, დაიხურა ვარშავის დედაქალაქში მდებარე ორი აეროპორტი - შოპენის აეროპორტი და ვარშავის მოდლინის აეროპორტი. ასევე ჟეშოვ-იასიონკას აეროპორტი - რომელიც უკრაინასთან ყველაზე ახლოს მდებარეობს - და ლუბლინის აეროპორტი.

გავრცელებული ინფორმაციით, ვარშავამ პოლონეთის და ნატო-ს თვითმფრინავები განალაგა და პოლონეთის საჰაერო სივრცეში ობიექტების ნეიტრალიზაციის მიზნით ოპერაცია დაიწყო. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს პოლონეთის საჰაერო სივრცის დამრღვევ ობიექტებთან დაკავშირებული ქმედებების შესახებ აცნობა.

ნატო-ს გენერალურ მდივანს ვაცნობე არსებული ვითარებისა და იმ ქმედებების შესახებ, რომლებიც ჩვენი საჰაერო სივრცის დამრღვევ ობიექტებთან დაკავშირებით განხორციელდა, - წერს დონალდ ტუსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ტუსკმა მინისტრთა საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვია.

მისივე თქმით, პოლონეთმა მოითხოვა ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის ამოქმედება, რომელიც წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, საკითხი ალიანსის გადაწყვეტილების მიმღებ მთავარ ორგანოში, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში დააყენონ, რის შემდეგაც გაიმართება კონსულტაციები იმის დასადგენად, დაემუქრა თუ არა წევრი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას საფრთხე.

ტუსკის თქმით, ის ამ კონსულტაციების დროს უფრო მეტ მხარდაჭერას ელის.

„ეს არ არის ომი მხოლოდ უკრაინელებისთვის. ეს არის დაპირისპირება, რომელიც რუსეთმა მთელი თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ გამოაცხადა", - აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა. მისი ინფორმაციით, პოლონელმა სამხედროებმა ღამით ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების 19 შეჭრა დააფიქსირეს. ტუსკის თქმით, სამი, ან შესაძლოა, ოთხ დრონი პოლონეთისა და ნატო-ს თვითმფრინავებმა ჩამოაგდეს. ტუსკის განცხადებით, დრონების მნიშვნელოვანი რაოდენობა ქვეყანაში ბელარუსიდან შეფრინდა.

ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოების ბიუროში კიდევ ერთ ბრიფინგს ჩაატარებს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკიც დაესწრება.

„ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოება ჩვენი უმაღლესი პრიორიტეტია და მჭიდრო თანამშრომლობას მოითხოვს", - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი პოლონეთის საჰაერო სივრცის დრონებით დარღვევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პუტინი აღარ კმაყოფილდება მხოლოდ უკრაინაში სროლით და დედებისა და ბავშვების დაბომბვით. „ის ახლა პირდაპირ სცდის ჩვენს სიმტკიცეს ნატო-ს ტერიტორიაზე. პუტინმა განაცხადა, რომ „რუსეთმა საზღვრები არ იცის". თავისუფალი და აყვავებული ერები რუსეთს საზღვრების შესახებ ასწავლიან", - წერს უილსონი.

ასევე, ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩი აცხადებს, რომ რუსული აგრესია უკრაინაში პირდაპირ გავლენას ახდენს ნატო-ს მოკავშირეებზე. „სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა ჩვენს პოლონელ მეგობრებსა და მოკავშირეებს რუსული დრონების პოლონეთში შეჭრის გამო. ეს ნათელი დასტურია იმისა, რომ რუსული აგრესია უკრაინაში პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენზე და შესაბამისი ზომების მიღება უნდა მოხდეს. მოკავშირეები ერთად მუშაობენ და უნდა მუშაობდნენ", - წერს ლატვიის პრეზიდენტი „ტვიტერზე".

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა ამბობს, რომ რუსული დრონების პოლონეთში შეჭრა აჩვენებს, პუტინის დაუსჯელობის განცდა კიდევ უფრო იზრდება.

„უკრაინაზე მასიური თავდასხმის დროს რუსული დრონების პოლონეთში შეჭრა აჩვენებს, რომ პუტინის დაუსჯელობის განცდა კიდევ უფრო იზრდება, რადგან ის ძველი დანაშაულებისთვის სათანადოდ არ დასჯილა. რაც უფრო დიდხანს არ მიიღებს საპასუხო ძალას, მით უფრო აგრესიული გახდება", - წერს ანდრეი სიბიგა X-ზე.

მისი თქმით, „სუსტი საპასუხო რეაქცია რუსეთს კიდევ უფრო წაახალისებს და რუსული რაკეტები და დრონები ევროპის სიღრმეში შეფრინდება".

„აღნიშნული სიტუაცია აჩვენებს, რომ აუცილებელია მოხდეს გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მეზობელი ქვეყნების საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გამოყენება ნატო-ს საზღვრებთან ახლოს და უკრაინის საჰაერო სივრცეში დრონების გასანეიტრალებლად მოხდება", - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

უსაფრთხოების ექსპერტი ვახტანგ მაისაია რუსეთის მიერ შესაძლო ომის სცენარებზე საუბრობს და აღნიშნავს, პოლონეთზე დრონების შეჭრა პირდაპირი გზავნილია იმისა, რომ რუსეთი ძალიან ახლოსაა სამხედრო მოქმედებებისთვის სამ მიმართულებაზე.

„რა თქმა უნდა, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული საბრძოლო დრონების შეჭრა პირდაპირი ჰიბრიდული სამხედრო საფრთხეა. რუსეთი იყენებს კლასიკურ მეთოდს, რასაც ჰქვია სამხედრო მუქარა. ეს არის ომის გამოცხადების წინა პერიოდი. მინდა გითხრათ, რომ ქართული თანამედროვე ომის თეორიის მიხედვით, რუსები მეოთხე სტადიაზე არიან გადასულები. სულ 5 ფაზა არსებობს და დარჩენილი აქვთ ბოლო სტადია.

სხვათაშორის, ამისთვის ნატოელები საკმაოდ კარგად ემზადებიან. ბალტიისპირეთის ქვეყნები გადადიან საყოველთაო სამხედრო სამსახურის შემოტანაზე. ასევე, პოლონეთმა გააძლიერა თავისი შეიარაღებული ძალები და 200 ათასი ადამიანიდან 350 ათასამდე გაზარდა და დაიწყო ტერიტორიული თავდაცვითი ძალების საფუძვლების განვითარების ჩაყრა.

ნატო მოიაზრებს ბალტიის აკვატორიაში პირდაპირი საბრძოლო მოქმედებების ზონების შექმნას, ვინაიდან ამ მიმართულებით უკვე ჩატარდა პირდაპირი სამხედრო-საზღვაო წვრთნები, რომელიც ამ მისიის მოგვარებაზეა ორიენტირებული.

რაც შეეხევა რუსეთს, მან შექმნა ორი სამხედრო ოლქი - ლენინგრადისა და მოსკოვის. რა განსხვავებაა მათ შორის? რუსეთის სამხედრო დოქტრინის მიხედვით, ადრე რუსეთს ჰყავდა მხოლოდ ოპერატიულ-სტრატეგიული სარდლობა. ეს არის სტრატეგიული დონე, რომელიც ითვალისწინებს საბრძოლო მოქმედებების ოპერატიულ მართვას ლოკალური ომების დროს.

თუმცა, სამხედრო ოლქი რუსეთის დღევანდელი სამხედრო დოქტრინის მიხედვით, უკვე გეოსტრატეგიული დონეა, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად იმოქმედოს და ერთდროულად რამდენიმე მოწინააღმდეგეს ეომოს. ახლა რუსეთმა ამ ოლქებს ლენინგრადის და მოსკოვის სამხედრო ოლქები დაარქვა.

გასაგებია, რომ მოსკოვის პირდაპირ მიერთებულია უკრაინას და როგორც ჩანს, აქ მარტო უკრაინაზე არ არის საუბარი. ეს არის ასევე პოლონეთსა და რუმინეთზე მიერთებული, რათა აქ მოახდინოს საბრძოლო მოქმედებების განვითარება. ამის პირდაპირი ინდიკაცია დღეს პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული დრონების შეჭრაა.

ხოლო ლენინგრადის სამხედრო ოლქი მიმართულია იმისკენ, რომ იმოქმედოს ბალტიისპირეთის სახელმწიფოებზე, ფინეთსა და შვედეთზე. ამას პლუს, რუსეთმა ახლახანს შექმნა არქტიკის ოპერატიულ-სტრატეგიული სარდლობა, რომელიც მიმართულია არქტიკული საბრძოლო მოქმედებების ზონების განვითარებისთვის.

სხვათაშორის, მან კიდევ ერთი ოპერატიული სარდლობა შექმნა - ჩრდილო-ყინულოვანი სამხედრო-საზღვაო ფლოტი. ეს არის საიდუმლო განკარგულება, რომელიც ჯერჯერობით არ გახმოვანებულა.

ასე რომ, მათ ახალი სამხედრო ფლოტი შექმნეს, რომელიც არქტიკაზეა მიმართული. რუსეთის გენერალურმა შტაბმა გერასიმოვის მეთაურობით, რომელსაც პუტინმა უმაღლესი სამხედრო ჯილდო მიანიჭა, შეიმუშავა სამი მიმართულება - გეოსტრატეგიული მართვის ცენტრი შექმნა, რომელიც ნატოს ალიანსურ ძალებთან დაპირისპირებაზეა ორიენტირებული და მეორე, არქტიკის სარდლობა.

ამას დამატებული შექმნა ოპერატიულ-სტრატეგიული საზღვაო მართვის ერთეული. ასე რომ, რუსეთი სამი მიმართულებით აპირებს ომის განვითარებას.

საქართველოში 2008 წელს პუტინის მეთაურობით შეიმუშავეს ომის სცენარი და შემდეგ გამოიყენეს აგვისტოს ომში. რუსები საქართველოში ქაოსურად კი არა, საკმაოდ დალაგებულად და გეგმის მიხედვით შემოვიდნენ. ამ გეგმაში თბილისის დაკავებაც გაწერილი იყო და შემდეგ საქართველოს ოკუპაცია, თუმცა საქმე აქამდე არ მივიდა.

როგორც ჩანს, ახლაც მსგავსი სცენარი აქვთ შემუშავებული. ოღონდ როგორც ვთქვი, აქ საუბარია სამ მიმართულებაზე - ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის, მეორე არქტიკის და მესამე აღმოსავლეთ ცენტრალური ევროპის მიმართულებები. ფაქტობრივად, მათ აღადგინეს საბჭოთა დროინდელი დოქტრინის ელემენტები, რომელიც თავის დროზე ითვალისწინებდა სამხედრო ევროპული სცენარების განვითარებაზე",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×