
არჩევნებამდე 1 თვით ადრე ვითარება მუდმივად იძაბება, რასაც თან ძალადობრივი ქმედებებიც ახლავს. მელიქიშვილის გამზირი ბოლო ორი დღეა დაპირისპირების მთავარ ეპიცენტრად იქცა. რატომ იძაბება ვითარება, რა რისკები ახლავს თან ძალადობრივ ქმედებებს და სადამდე შეიძლება მივიდეს დაპირისპირება.
მელიქიშვილის გამზირი უკვე მე-3 დღეა პროტესტის ეპიცენტრად იქცა, მოქალაქეები თბილისის მერის, კახა კალაძის შტაბთან მას შემდეგ იკრიბებიან, რაც შტაბის გახსნის დღეს "ქართული ოცნების" მხარდამჭერებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ასევე, გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ხმაური და დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დაშავდა, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები.
ბოიკოტში მყოფი ოპოზიციონერები აქტიურად აცხადებენ, რომ პროტესტის მთავარი კერა მელქიშვილის გამზირი უნდა იყოს, მათივე თქმით ის უნდა გახდეს პროტესტის სიმბოლო.
რატომ იძაბება ვითარება
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ ძალადობრივ ქმედებებს ხელისუფლება ახალისებს და საუბრობს მიმდინარე პროცესებსა და იმ სცენარზე, რომელიც შესაძლოა უახლოეს მომავალში გათამაშდეს.
„ჩემი აზრით, რაც შეეხება ძალადობრივ ქმედებებს, არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს მცდელობა წაახალისოს მათი განხორციელება, როგორც ტიტუშკების მეშვეობით, არა მარტო თბილისში, არამედ პოლიციის მხრიდანაც. ეს შეიძლება შეეხოს, მაგალითად, 4 ოქტომბრის აქციას, სადაც შესაძლებელია სპეცრაზმის მობილიზება და რეზინის ტყვიების გამოყენებაც კი. შესაძლებელია, ხელისუფლებამ კვლავ გაატაროს ის პოლიტიკა, რასაც ატარებდა, მაგალითად, 2024 წლის ნოემბრის შემდეგ, როცა რამდენიმე დღე ხდებოდა დემონსტრაციების დარღვევა.
შესაძლებელია ლიდერების დაფიქსირება, მათ ამოცნობა და ფიზიკური დაპირისპირება, თუნდაც სატელეფონო ზარებით მათი შეშინების მცდელობებიც ვნახოთ. აქამდე შეიძლება მივიდეს დაპირისპირება, ხელიუფლებას ბევრი აქვს დასაკარგი და ყველაფერს გააკეთებს ბოლომდე შეინარჩუნოს ძალაუფლება"
განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ დაპირპირებას ოპოზიციური ძალები აღვივებენ.
„ბოლო დღეებში მართლაც საგრძნობლად დაიძაბა ვითარება რადიკალური ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან, იქიდან გამომდინარე, რომ „ოცნების" აქტივისტები წლებია არასდროს მიდიან ჯგუფურად და ორგანიზებულად ოპოზიციის შტაბებთან და არ იქცევიან ისე, რასაც ვხედავთ მელიქიშვილის გამზირზე. ამიტომაც იმის მტკიცება, რომ „ოცნების" აქტივისტები თავს დაესხნენ რადიკალების აქტივისტებს, არის ტოტალური ტყუილი.
რა თქმა უნდა, ძალადობა მიუღებელია, მაგრამ ძალადობის პროვოცირება კიდევ უფრო მიუღებელია. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ რადიკალურ ოპოზიციას, სურს ტემპერატურა აწიოს, დაძაბულობა გამოიწვიოს და სამოქალაქო დაპირისპირებისკენ რაღაც ნაბიჯები გადადგას, სხვა არაფერი აქვს დღის წესრიგში. შევხედოთ ბოლო დღეებს: რაიმე კონკრეტული პოლიტიკური მოთხოვნა ჰქონდათ, გარდა უშვერი სიტყვებისა და შეძახილებისა „რუსებო!" გაეკეთებინათ? მათ შორის - გინებები ქალებისგან.
შესაბამისად, 4 ოქტომბრამდე მაქსიმალურად გაგრძელდება რადიკალების მხრიდან ვითომ ხალხში ტემპერატურის აწევა, ვითომ „ოცნება" ჩამოშლილია, გარბიან და ა.შ. თუმცა, ეს ისეთივე სიცრუეა, როგორც ვნახეთ წინა არჩევნებზე - ეს არის ფარსი, და ამ ფარსში ჩართული და ჩათრეული კიდევ უფრო ნაკლები რაოდენობის ადამიანები არიან."-განაცხადა აბაშიძემ.
დუღილის ტემპერატურა იმატებს?
აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა 13 სექტემბრის აქციაზეც და აღნიშნა, რომ ეს დღეც ისეთივე „საკრალური" იქნება, როგორც დანარჩენი.
13 სექტემბრის „საკრალური დღე" ისეთივე იქნება, როგორიც ვნახეთ გაზაფხულზე. ცრუ მოლოდინებს ქმნიან, ამტკიცებენ, რომ რაღაც გადაწყდება, თუმცა რადიკალების სასარგებლოდ არაფერი წყდება. „ოცნების" მხარდამჭერები - თუნდაც „ოცნების" მოწინააღმდეგეები, მაგრამ ამავე დროს ნაცმოძრაობისადმი ნეგატიურად განწყობილები - არ მივლენ 13 სექტემბრის ჩასაშლელად და არც სხვა შემდგომ შეკრებებში დესტრუქციის შესატანად. ყველაფერი მოდის რადიკალური ნაცოპოზიციისგან.
შეეშვან ამ მელიქიშვილის გამზირს. გუშინ მოხდა კანონდარღვევის არაერთი შემთხვევა - ნიღბიანების გაჩენა, „ოცნების" ბანერებისა და სხვა ნივთების დაზიანება. ამაზე არსებობს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, და უკვე გამოვლენილ დამნაშავეებს ნუ შერაცხავენ „სინდისის პატიმრებად".
ნიკა ჩიტაძის აზრით, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე პროცესები 13 სექტემბერსა და 4 ოქტომბერს უმეტესად ადამიანებს ქუჩაში გამოიყვანს.
„3 სექტემბრის აქცია უფრო მასშტაბური იქნება. ჯერ მელიქიშვილის გამზირზე, შემდეგ რუსთაველზე. ამიტომ ვფიქრობ, უახლოეს თვეებში პროტესტში გარდატეხა გარდაუვალია."-დასძინა ჩიტაძემ
ოპოზიციის ანონსი და „ოცნების" პასუხი
ენმ-ში აქტიურად საუბრობენ მელიქიშვილის გამზირზე ბოლო რამდნეიმე დღის მანძილზე არსებულ დაპირისპირებაზე, აანონსებენ რომ 4 ოქტომბერს უფრო მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში.
„ჯერ კიდევ 2016 წლიდან მოყოლებული „ტიტუშკებს" იყენებენ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ანგარიშსწორებისთვის. გახსოვთ, ალბათ, კორცხელში ე.წ. სპორტსმენებმა იძალადეს ადამიანებზე და უმოწყალოდ სცემეს. მას შემდეგ ყოველთვის გასდიოდა ამგვარი ძალადობის გამოვლინება. გუშინაც ვნახეთ „ტიტუშკები" სამარცხვინოდ როგორ უპირისპირდებოდნენ მათ შორის ქალებს, როგორ ესროდნენ მყარ საგნებს. ეს არის რეალურად მათი სახე. ჩაგრული, ძალადობის მსხვერპლი, დაკნინებული პოლიცია არა თუ საქართველოს მოქალაქეს, საკუთარ თავსაც ვერ იცავს „რუსქოცური ტიტუშკების" წინააღმდეგ", - განაცხადა ენმ-ს წევრმა თინა ბოკუჩავამ.
მელქიშვილის გამზირზე ბოლო დღეების მანძილზე მომხდარ დაპირპრიებას გამოეხმაურა ამავე პარტიის წევრი ლაშა ფარულავაც.
„ეს მათი ბოლო ჟამია. ვიხილეთ ქალებზე, ბავშვებზე, ახალგაზრდებზე, სტუდენტებზე ძალადობა. ამ ყველაფერს, ფაქტობრივად, ხელმძღვანელობდა პოლიცია. პოლიცია ორკესტრის არა მხოლოდ ნაწილი იყო, არამედ დირიჟორი იყო იმ ძალადობის, რომელიც მელიქიშვილზე ვიხილეთ. სწორედ გუშინ, ათი ათასობით საქართველოს მოქალაქე შეიკრიბა იმისთვის, რომ პასუხი გაეცათ კახი კალაძისთვის. ეს იყო კახი კალაძისადმი თბილისელების პასუხი იმ ძალადობისთვის, რომელიც პოლიციასთან ერთად მოაწყო" - განაცხადა ფარულავამ.
თბილისის მერი კახა კალაძის აზრით, მის საარჩევნო შტაბთან "ძალადობრივი ორგანიზებული დაჯგუფება იკრიბება, რომლის მიზანი საარჩევნო კამპანიის პროცესში დაძაბულობის შეტანაა".
"მოძალადე დაჯგუფების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები პირველი შემთხვევა არ არის. გუშინაც საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნათლად დაინახა, თუ რას წარმოადგენენ ეს ადამიანები და რა არის მათი მთავარი მიზანი. ძალიან სამწუხაროა, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მათ ქმედებებს შესაბამისს პასუხს გასცემს.
ისინი მხოლოდ ერთმანეთს ხვდებიან - შეიკრიბება 30 "აკაცუკი", აგინებენ ყველას, ვინც მათ გვერდით არ არის, მერე უკვირთ "ქართულ ოცნებას" და პირადაც მე ამხელა მხარდაჭერა და თანადგომა რატომ გვაქვს", - განაცხადა კალაძემ.