
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია 4 ოქტომბრის არჩევნებს არ დაესწრება. ამის შესახებ განცხადება თვითონ ორგანიზაციამ გაავრცელა. მმართველი პარტიის წევრებისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ აღმოჩნდა -ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ პრემიერის მიერ ორგანიზაციისთვის გვიან გაგზავნილი მოწვევა „პროპგანდისტული ხრიკი" იყო. ორგანიზაციამ მიზეზად სწორედ დაგვიანებული მოწვევა დაასახელა. როგორ აისახება ეუთო/ოდირის არყოფნა არჩევნების მონიტორინგის ხარისხსა და მთლიან პროცესზე - საკითხზე განსხავებეული შეფასებებია.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ეუთო/ოდირის ჩამოსვლა თუ არჩამოსვლა საარჩევნო პროცესსა და შედეგებზე დიდ გავლენას ისედაც ვერ მოახდენდა. მისი თქმით, „ოცნებას", თუ დასჭირდება, არჩევნებს „ხელის აუკანკალებლად" გააყალბებს.
„იცით, რაშია საქმე: ჩამოვა ეუთო/ოდირი თუ არ ჩამოვა, ქართველი ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის და მთლიანად ოპოზიციური სპექტრისთვის დარმწუნებულნი არიან, რომ „ქართული ოცნება" ამ არჩევნებს გააყალბებს - მათ შორის მეც. თუ დასჭირდებათ ხელი, არაფერზე აუკანკალდებათ.
ასე რომ, ეუთო/ოდირიც საერთოდ პროპაგანდისტული მგონია და არ ჩამოსვლის შემთხვევაშიც პროპაგანდისტული მიზნებით გამოიყენებს ეს არგუმენტი და მეტი არაფერი. რამ უნდა იმოქმედოს არჩევნების შედეგებზე? როგორ უნდა იმოქმედოს, ეუთო/ოდირი ჩამოვა თუ არ ჩამოვა, როცა საარჩევნო გარემო არ გვაქვს, არც გვქონია და არც ახლა გვაქვს. ამიტომ ეუთო/ოდირის ჩამოსვლა თუ არ ჩამოსვლა მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს შედეგებზე და ხარისხზე."
ძაბირაძემ აღნიშნა, რომ ერთადერთი გადამწყვეტი კომპონენტი, რომელსაც პროცესის შეცვლა შეუძლია, არჩევნებზე ოპოზიციურად განწყობილი ხალხის მისვლაა.
„აქ გადამწყვეტია, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი მივა თუ არ მივა არჩევნებზე. თუ ამომრჩეველი სახლში დარჩება, მაშინ „ოცნებას" არც არაფერი დასჭირდება - როგორც უნდა, ისე ჩაატარებს."
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძეც იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ეუთო/ოდირის ჩამოსვლა არაფერს შეცვლის.
„პრაქტიკულად არავითარ გავლენას არ მოახდენს. ეუთო/ოდირის დამკვირვებლები მაშინ ჩავარდნენ დიდ უხერხულობაში - არაერთმა მათგანმა გააკეთა პოზიტიური განცხადებები ჩატარებულ არჩევნებზე. მათ თქვეს, რომ შესანიშნავი არჩევნები იყო. თუმცა, მერე ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ ბრიუსელში ფსონი სხვა პარტიაზე დადო.
მე მსგავსი კაზუსი საერთოდ არ გამიგია ეუთო/ოდირის ისტორიაში - ერთ რამეს ამბობდნენ, ერთს წერდნენ, და შემდეგ სრულიად სხვა განცხადებებს აკეთებდნენ. ამიტომ მათი უარი არ მიკვირს. მესმის, შესაძლოა უარის მიზეზი იყო გვიანი მოწვევა, თუმცა ხომ შეიძლებოდა ფორსირება და მომზადება - აშკარად არ მოინდომეს."-განაცხადა მამრაძემ.
ტაქტიკა თუ ბრალდება
ვახტანგ ძაბირაძეს თქმით, ეუთო/ოდირისთვის მოწვევის გვიან გაგზავნა, „თავიდანვე სტრატეგიის ნაწილი იყო".
თავიდანვე სტრატეგიის ნაწილი იყო, რომ ოდირი არ ჩამოსულიყო. მოწვევა გაგზავნეს მაშინ, როცა დარწმუნდნენ, რომ ოპოზიციის ნაწილი იღებდა მონაწილეობას არჩევნებში. როცა დასრულდა სიების წარდგენის ვადა და გარკვეული გახდა,
ვინ მიიღებდა მონაწილეობას და ვინ - არა, მაშინ გააკეთეს ეს განცხადება. დარწმუნდნენ, რომ მხოლოდ ოპოზიციის ნაწილი მიიღებდა მონაწილეობას და ნაწილი - არა. ამიტომ, თუ ასეთი გადაწყვეტილების მიღება სურდათ, ეს შეეძლოთ 2 თვის წინაც. იცით, ეუთო/ოდირის მოწვევას არც მაშინ ექნებოდა დიდი მნიშვნელობა, მაგრამ მაინც - პროცესი წინ წავიდოდა და შესაძლოა დამკვირვებლთა მისია ჩამოსულიყო კიდეც
განსხვავებულად ფიქრობს პეტრე მამრაძე. ის აცხადებს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციის არჩამოსვლა ხელისუფლების სტრატეგიის ნაწილი ვერ იქნება იმ ნაბიჯების ფონზე, რაც „ოცნებამ" გადადგა.
„გამოვრიცხავ, რომ ეს ხელისუფლების სტრატეგია ყოფილიყო. შეგახსენებთ: გადაწყდა და პრეზიდენტმა შეიწყალა ორი თაღლითი - ჯაფარიძესა და ხაზარაძეს ვგულისხმობ, რომლებიც თავად წავიდნენ ციხეში. მეორე ძლიერი ნაბიჯი იყო ისიც, რომ მაინც მიმართეს ეუთო/ოდირს. ამიტომ მე არ ვხედავ, რომ ეს ტაქტიკის ნაწილი იყოს. ჩვენ ვხედავთ, როგორი ვითარებაა: ეუთო/ოდირი იქნება თუ სხვა, ვერავინ დახუჭავს თვალს იმაზე, რომ მხოლოდ ძალადობა და ტყუილი მოდის ოპოზიციიდან - ანტიეროვნული ძალების მხრიდან."-დასძინა მამრაძემ.
ეუთო/ოდირის ოფიციალური წერილი
ეუთო/ოდირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე, არჩევნების დღემდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე დამკვირვებელთა მოწვევა არ ტოვებს საკმარის დროს სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის.
"გამჭვირვალე და სანდო საარჩევნო დაკვირვება გულმოდგინე მომზადებასა და საარჩევნო პროცესის საკვანძო ეტაპებზე წვდომის შესაძლებლბას მოითხოვს, ჩვენს ყოვლისმომცველ მეთოდოლოგიასთან შესაბამისად. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ასეთ გვიან ეტაპზე მოგვიწვიონ, ეფექტიან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის, ოდირი ვერ შეძლებს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას. ამის მიუხედავად, იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ინსტიტუტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან გავაგრძელებთ ხანგრძლივ თანამშრომლობას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გასაძლიერებლად", -
„ ...ოფისი [ოდირი] გააგრძელებს საქართველოში მოვლენების მონიტორინგს ყველა სფეროში, რომელსაც მისი მანდატი ფარავს, მათ შორის დემოკრატიულ მმართველობაში, ფუნდამენტურ უფლებებსა და კანონის უზენაესობაში", - ნათქვამია ოდირის განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხელისუფლების მიერ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირ-ის მოწვევის წერილით მიმართვის შესახებ განცხადება 6 სექტემბერს გააკეთა.
პოლიტიკური შეფასებები
თბილისის მერმა, კახა როგორც კალაძემ აღნიშნა, მისთვის ორგანიზაციის ეს გადაწყვეტილება გასაგებია.
„სიმართლე გითხრათ, ამ გადაწყვეტილებასაც ველოდებოდი, რომ ისინი არ ჩამოვიდოდნენ. თან იმის გათვალისწინებით, თუ გავიხსენებთ რა დღე დააყარეს მათ მიერ გაკეთებულ საბოლოო დასკვნასა და შეფასებას საპარლამენტო არჩევნებზე. გადაუარეს, ფეხქვეშ გათელეს დასკვნა, რომელიც იქნა წარმოდგენილი არამხოლოდ ქვეყნის შიგნით არსებულმა აგენტებმა, ქვეყნის გარეთ იმ ბოროტმა ძალებმა, რომლებიც ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს ებრძვიან. მესმის ამ ორგანიზაციის - თავშეკავებულები არიან და არ უნდათ ისევ ამ სიბინძურეში გაეხვიონ",- განაცხადა კალაძემ.
ეუთო ოდირის განცხადებას გამოეხმაურა, ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძეც.მისი თქმით, „ქართულ ოცნებას" არჩევნებზე ეუთო/ოდირის დაკვირვება რომ სურდეს, ძალიან კარგად იცის, რა ვადაში უნდა მოეწვია ორგანიზაცია.
„ეუთო-ოდირი ძალიან ბევრჯერ აკვირდებოდა ამ ქვეყანაში არჩევნებს, მათ შორის ბოლო რუსულ სპეცოპერაციასაც აკვირდებოდა. რეალურად, „ქართული ოცნებისთვის" ეუთო/ოდირის დაკვირვება ძალიან დიდი პრობლემა არის იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არ ტარდება, არამედ ტარდება რუსული სპეცოპერაცია მოსყიდვით, დაშინებით, პირადობის მოწმობის ჩამორთმევით და ასე შემდეგ", -განაცხადა წითლიძემ.
კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველო" კი ორგანიზაციის არჩამოსვლას ხელისუფლების პროპაგანდისტულ ხრიკად მიიჩნევს.
როგორც მოსალოდნელი იყო, რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძის მხრიდან ეუთო/ოდირ-ის მისიის მოწვევა პროპაგანდისტული ხრიკი აღმოჩნდა. ამის შესახებ ჩვენ ინტენსიურად ვსაუბრობდით...ასეთი რამ ჩვენ გვინახავს ბელარუსშიც, გვინახავს სხვა ავტორიტარულ რეჟიმებში", - განაცხადა ოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა, გიორგი სიორიძემ.