
„ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების კავშირი ოპოზიციასთან კვლავ განხილვის ეპიცენტრშია. ენმ-ს წევრის, სოფო ჯაფარიძის შემდეგ, „რუსთაველის გამზირის" დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემაც დაადასტურა, რომ კავშირები არსებობს და წასულები „ცოდვებს ინანიებენ". მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ მალე გაირკვევა, ვისზეა საუბარი.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ყველაფერი მალე გამოაშკარავდება, აღნიშავენ იმასაც, რომ პრემიერის განცხადება ხაბეიშვილზე მართალი აღმოჩნდა.
„ეს არის აღიარება იმ ფაქტის, რაზეც ბატონმა პრემიერმა ერთი თვის წინ ისაუბრა, როდესაც გაამჟღავნა ბატონი ხაბეიშვილის ფსევდონიმი „ანიტა", - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან მაჭავარიანმა.
„ეს ამ ყველაფრის დასტურია, არა მხოლოდ ბატონი ხაბეიშვილი, არამედ რადიკალური ოპოზიციის კიდევ სხვა წარმომადგენლები, რადიკალური ოპოზიციის მედია ჟურნალისტებიც ჰყავთ „დასაქმებული" ვიღაც-ვიღაცებს, იმისთვის, რომ მათ გაატარონ მათთვის სასურველი მესიჯბოქსი", - აღნიშნა მაჭავარიანმა.
ყოფილი მაღალჩინოსნების ოპოზციაისთან კავშირს გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანიც - „ერთი, რაც ძალიან ნათლად გამოჩნდა, ინფორმატორი „ანიტა" - ლევან ხაბეიშვილი რეალობა ყოფილა."
„ის ადამიანები, ვინც სახელმწიფო სამსახურში ყოფნისას მჭიდრო კავშირში იყვნენ თურმე „ნაციონალურ მოძრაობასთან" და ახლაც რაღაც გარკვეული გეგმები ამოძრავებთ, უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რამდენად სუფთა იყვნენ თავიანთ საქმიანობაში. ინფორმაციის გადაცემა ალბათ ორმხრივი იყო. ეს ფაქტი ნამდვილად არ აძლევთ მათ ძალიან კარგ წინაპირობას. ამიტომ დაველოდებით, გამოაშკარავდება თუ არა კონკრეტულ ვის გულისხმობენ და ვისთან ჰქონდათ „ანიტა ხაბეიშვილს" და მისთანებს ორმხრივად ინფორმაციის გაცვლის მცდელობა", - განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის პრემიერმა რამდენიმე დღის წინ ბრიფინგზე ისაუბრა, რომ „ანიტა" მარტივად გაშიფრადი სახელია.
„რეალურად, ეს არის ე.წ. ანიტას დავალება და ეს დავალებაც მოდის იგივე ადამიანების მხრიდან, რომლებიც სხვა რაღაცებს ალაპარაკებენ ამ ბატონს, თუმცა მისი დავალების მიმცემებიც ნატურით ზუსტად ისეთივენი არიან, როგორიც არის ბატონი ანიტა, შესაბამისად, მათ ამ გეგმებს არ უწერია განხორციელება," - თქვა პრემიერმა.
მინიშნებები ოპოზიციიდან
პაატა ბურჭულაძე უკვე მესამე პოლიტიკოსია, რომელიც ადასტურებს, რომ „ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსნებს კავშირი აქვთ ოპოზიციასთან. ასახელებს კონკრეტულ გვარებს და ამბობს, რომ ეს ადამიანები ძველ ქმედებებს ინანიებენ. მანამდე ასეთივე განცხადება გააკეთეს სოფო ჯაფარიძემ და ლევან ხაბეიშვილმა.
ბურჭულაძის თქმით, აქვს უტყუარი დასაბუთება, რომ „ქართული ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსნებს კავშირი აქვთ ოპოზიციასთან და ისინი ძველ ქმედებებს ინანიებენ.
„მაქვს უტყუარი დასაბუთება იმისა, რომ „ოცნების" წასულ მაღალჩინოსნებს, აქვთ კავშირი ჩვენთან. პირადად ჩემთან არა, მარტო რამდენიმეს, მაგრამ, ხაბეიშვილთან აქვთ კავშირი და ისინი, ფაქტობრივად, ინანიებენ ცოდვებს, რაც აქვთ ჩადენილი და უნდათ, მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის აღმშენებლობაში, რაც არის მისასალმებელი.
„როგორ ვთქვა, რომ ღარიბაშვილი დაიჭერს ქართულ დროშას და გამოვა, ჩვენ დაგვიდგება გვერდში?! ეგეთი რამე არ მოხდება, მაგრამ ის ინფორმაცია, რაც საჭიროა, რაც გამოდის იქიდან. იმიტომ, რომ მათთან აქვთ კიდევ სხვებს კავშირი, მოქმედებს, ისინი გადასცემენ ამათ, ესენი გადმოგვცემენ ჩვენ. ასე რომ, გვაქვს ინფორმაციები", - აღნიშნა ბურჭულაძემ.
ბურჭულაძის განცხადებით, რადმენიმე დღის წინ, მან რუსთაველზე ხალხი გააერთიანა, შესაბამისად, მოუწოდებს „ქართული ოცნებიდან" წასულ მაღალჩინოსნებს: ირაკლი ღარიბაშვილს, გრიგოლ ლილუაშვილს და ვახტანგ გომელაურს, რომ გვერდში დაუდგნენ ოპოზიციას, რადგან ახლა მათ ერთი მტერი - ბიძინა ივანიშვილი ჰყავთ.
„რუსთაველის გამზირზე ჩვენ რამდენიმე დღის წინ შევიკრიბეთ, ილია და აკაკის ძეგლთან. რომ დავპირდი ხალხს, გააგერთიანებთ, მართლა მოხდა გაერთიანება: თუ გინდა მერაბ სეფაშვილი, თეა დარჩია, შიუკიშვილი გიორგი, ვაჟა ექიმი. ასე უნდა გავერთიანდეთ ყველანი და გამოვიდეს, თუნდაც იგივე ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, გომელაური, რომ დაგვიდგეს ახლა გვერდში ჩვენ, უნდა მივიღოთ, იმიტომ, რომ ერთი მთავარი მტერი გვყავს - ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი," - განაცხადა ბურჭულაძემ.
იმავე შინაარსის განცხადება გუშინ ენმ-ს წევრებმა, სოფო ჯაფარიძემ და ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელეს. ისინი აცხადებდნენ, რომ მმართველი გუნდი ყოფილი თანაგუნდელებისგან გარკვეული სიუპრიზებს უნდა ელოდნენ, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, რა „სიუპრიზებზეა" საუბარი და კონკრეტულად ვის შეეხება.