
ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიცია აქტიურდება. მათთვის მნიშვნელოვანი 4 ოქტომბრის თარიღია - როგორც ამბობენ, „ოცნების" ხელისუფლების ჩამოშლის დღე. იქამდე, 13 სექტემბერს საპროტესტო აქცია აქვთ დაანონსებული. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს არის ერთგვარი რეპეტიცია 4 ოქტომბრისთვის. არც იმას გამორიცხავენ, რომ არჩევნებამდე მუხტმა აიწიოს.
„ის, რაც მელიქიშვილის გამზირზე მოხდა და ასევე იმის წინ, ყველაფერი ეს ოპოზიციის რადიკალური ნაწილის განცხადებებთან ერთად არის ერთგვარი რეპეტიცია ჯერ 13 სექტემბრის აქციისთვის და შემდეგ, 4 ოქტომბრისთვის, რომელზეც ძალიან დიდი ფსონი აქვთ დადებული", - განაცხადა „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ.
8 ოპოზიციური პარტია 13 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტამდე საპროტესტო მსვლელობას გამართავს.
პარტია „დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, 13 სექტემბერს ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბოს იმის სადემონსტრაციოდ, რომ „ივანიშვილის ბოროტმოქმედთა ბანდფორმირება" საქართველოს და ქართველ ხალხს არ წარმოადგენს.
ამასთან, 4 ოქტომბერს დიდი აქცია პაატა ბურჭულაძის მოძრაობამ დააანონსა და ამ შეკრებას მხარდაჭერა გამოუცხადა „ნაციონალური მოძრაობის" ექსთავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმაც.
მმართველ პარტიაში ამ დღეებში მნიშვნელოვან არაფერს ელოდებიან. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „არაფერი იქნება. ხაბეიშვილი არ არის სერიოზული ფიგურა და მისი განცხადებები არ არის საინტერესო. თავიანთი მხარდამჭერების გასამაგრებლად იგონებენ ახალ-ახალ სისულელეებს. არანაირი რევოლუცია და დაპირისპირება არ იქნება. თუკი ვინმე რაიმე კანონსაწინააღმდეგოს ჩაიდენს, ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება. აბა, გაბედონ და რაიმე კანონსაწინააღმდეგო გააკეთონ".
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე საპროტესტო მუხტის გაზრდას ეტაპობრივად ელოდება.
„საპროტესტო მუხტის გაზრდას ველოდები. ოღონდ აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ვინც „ქართულ ოცნებას" მხარს უჭერდა და გუშინდელ მოვლენებს თვალს ადევნებდა, აზრს შეიცვლის, ან ისინი, ვინც ვითომ ნეიტრალურადაა განწყობილი. ისინი არ გამოვლენ, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ოპოზიციურად არის განწყობილი და დროებით პაუზა ჰქონდა აღებული, ახლა აუცილებლად შეუერთდება. ამასთან, ვინც მერყეობდა, შესაძლოა მათ მცირე ნაწილს თვალი აეხილოს. ასე რომ, 13 სექტემბერს ბევრი ხალხი გამოვა. მით უმეტეს, რომ მელიქიშვილის გამზირიდან უნდა დაიწყოს და შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში აქ ხალხი იყოს.
„რაც შეეხება 4 ოქტომბერს, იქამდე ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, რათა ხალხი დაარწმუნონ, რატომ არის აუცილებელი და რას ჰპირდებიან ისინი. ამ შემთხვევაში წარმატება მოსალოდნელია", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
ზაალ ანაჯაფარიძე ამბობს, რომ ოპოზიციას 4 ოქტომბერზე დიდი ფსონი აქვს დადებული.
„ის, რაც მელიქიშვილის გამზირზე მოხდა და ასევე იმის წინ, ყველაფერი ეს, ოპოზიციის რადიკალური ნაწილის განცხადებებთან ერთად, არის ერთგვარი რეპეტიცია ჯერ 13 სექტემბრის აქციისთვის, სადაც სავარაუდოდ, ძალებს დაათვალირებენ, რათა ნახონ, თუ რამდენი ადამიანის გამოყვანა შეუძლიათ. ამის მერე, ამ შედეგის მიხედვით დაგეგმავენ 4 ოქტომბერს. ეს ყველაფერი რაც ხდება და რაც შემდეგ მოხდება, ემსახურება 4 ოქტომბრის აქციისთვის მომზადებას. ოპოზიციას ამ დღეზე ძალიან დიდი ფსონი აქვს დადებული, იმდენად დიდი, რომ თუ ეს აქცია წარუმატებლად დამთავრდა, შესაძლოა მათი პოლიტიკური ბედიც კი გადაწყდეს. ამიტომაც, როგორც ვთქვი, ეს ყველაფერი არის წინასამზადისი.
„ამ პროცესში გარკვეული გარე ძალები არიან ჩართული, რომლებიც ტრადიციულად ცდილობენ აქ საპროტესტო მუხტის გაღვივებას, ოპიზიციის რადიკალურ ნაწილს რეკომენდაციებით ამარაგებენ.
„თუნდაც 13 სექტემბრის აქცია რომ ავიღოთ, საიდან დაიბადა ეს თარიღი?! ეს მათ უკარნახა აირაის ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა საქართველოში, რომელიც შემდეგ ამ აქციის ლიდერებსა და მათ მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციის წამომადგენლებს აშშ-ში ეპატიჟება კონსულტაციებზე. რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ რას შეეხება ეს კონსულტაციები", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".