
კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მელიქიშვილის გამზირზე დაპირისპირება უკვე ლამის ქრონიკულ მოვლენად იქცა. ასე მოხდა ორშაბათს ღამითაც, როცა ერთმანეთს „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და საპროტესტო მარშის მონაწილეები დაუპირისპირდნენ. სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც. მმართველ პარტიაში გარე ძალების ჩარევასა და წინასწარ დადგმულ სცენარზე საუბრობენ. ოპოზიცია კი ხალხს ქუჩაში გამოვისვლისკენ მოუწოდებს.
მხარეები თავდასხმაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სიტყვიერთან ერთად იყო ფიზიკური დაპირისპირება, ერთმანეთს სხვადასხვა საგნებს ესროდნენ.
აქციის მონაწილეები „ოცნების" მხადამჭერებსა და პოლიციას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, აგინებდნენ- ისმოდა შეძახილები „რუსებო", „პირუტყვებო" და ა.შ.
„ოცნების" აქტივისტების თავდასხმის შემდეგ ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დაშავდა, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები.
პოლიცია აქციის მონაწილეებს მოუწოდებდა, არ დაეშვათ სიტუაციის ესკალაცია და დაემორჩილებოდნენ სამართალდამცავების მითითებს. შსს-ს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ სამინისტრომ დაპირისპირების დაწყებისთანავე ზომებს მიმართა, თუმცა მოქალაქეთა ნაწილი სამართალდამცავების მოწოდებას არ დაემორჩილა.
მოგვიანებით სიტუაცია განეიტრალდა და აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს. ასევე განცხადება გააკეთა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, რომელმაც ევროკავშირის ელჩებს რეაგირებისკენ მოუწოდა და ფაქტი საარჩევნო პროცესის ხელშეშლად შეაფასა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მელიქიშვილის გამზირზე მომხდარი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო, - ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
გუშინდელ ინციდენტს „ქართული ოცნების" წევრები გამოეხმაურნენ. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს არჩევნებში უცხო ძალების ჩარევაზე მიანიშნებს.
„გერმანიის ელჩისგან მხარდაჭერილი „ტიტუშკები" დღეს, უკვე მესამედ, ფაშისტური შეძახილებით თავს დაესხნენ „ქართული ოცნების" თბილისის შტაბს.
საარჩევნო კამპანიის დროს უცხო ქვეყნის ელჩის მხრიდან ექსტრემისტების მხარდაჭერა და ძალადობის არდაგმობა, ვენის კონვენციის დარღვევით, არჩევნებში უხეში ჩარევის მაგალითია", - წერს შალვა პაპუაშვილი.
ამასთან, თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ მიმდინარეობს მიზანმიმართული პროვოკაცია, რომლის მიზანია ხელოვნურად დაძაბულობის შექმნა.
„საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, ეს არის საარჩევნო შტაბი. ჩვენ არავის ვუვარდებით, არავის არ ვესხმით თავს. იმედი მაქვს, საერთაშორისო ორგანიზაციები და თუნდაც ევროკავშირის საელჩო და ელჩი დაგვდებენ პატივს, გააკეთებენ შესაბამის შეფასებას აღნიშნულთან დაკავშირებით. წარმოუდგენელია უბრალოდ, იმყოფებოდე საარჩევნო კამპანიაში და რამდენიმე მოძალადე ადამიანი, დაჯგუფება გივარდებოდეს, ადამიანებს ხელს უშლიდნენ მუშაობაში და აყენებდნენ შეურაცხყოფას. ეს ძალიან მძიმეა. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია, რასაც აქვს თავისი მიზანი, რომ ხელოვნურად შემოიტანონ დაძაბულობა, რადგან ის არსებული 30 აკაცუკი არავის აინტერესებს. არც მათი ჩხივილი, ხავილი არავის აინტერესებს.
„ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, დღეს, 20:00 საათზე მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა შეიკრიბოს და პასუხი მშვიდობიანი პროტესტით გასცეს.
„ეს იყო მდინარაძესთან შეთანხმებული. მდინარაძე გახდა ახლა „რკინის ხელი", ეს აბსოლუტური „ფაფაცუა". დავალება მისცა - ახლა მიდით და დაამტკიცეთ, რომ კაცები ხართო, ოღონდ დაამტკიცეს, რომ აბსოლუტური ლაჩრები არიან. ქალებს სცემდნენ, აფურთხებდნენ, ხელს ურტყამდნენ. ცხადია, შეთანხმებულ იყო, შეთანხმების გარეშე იქ „მილიციელები" რომ იდგნენ, თავზე რომ დააფურთხეს, ვინმეს არ დააკავებდნენ? ცხადია, დააკავებდნენ. უნდა გვესმოდეს, რომ ეს ივანიშვილის ისტერიკა იყო, ეს გამოვლინება ბოლო ჟამია. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ბოლო ჟამი დგას, შეუძლებელია ეს ქართველმა ხალხმა არ გამოიყენოს. დღეს, 20:00 საათზე მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა შეიკრიბოს. ცხადია, პასუხი მშვიდობიანი უნდა იყოს. ჩვენ უფრო მეტი ვიქნებით ყოველდღე და 4 ოქტომბერს საერთოდ, თქვენ აღარ იქნებით",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.