ფერმერები რთველის სუბსიდირების ახალი მექანიზმით ძალიან კმაყოფილნი არიან
ქეთო გოგოხია
08.09.2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი რეგიონებში ვიზიტს აგრძელებს. ამჯერად შეხვედრის ადგილი კახეთია, სადაც რთველი მიმდინარეობს და ფაქტობრივად ყველა პირობაა შექმნილი, რაც მევენახე ფერმერებს მოსავლის რეალიზაციასა და კეთილდღეობის გაუმჯობესებაში დაეხმარება. მთავარი აქცენტი ყურძნის ხარისხის გაუმჯობესებასა და ექსპორტის განვითარებაზე კეთდება.

როგორც ცნობილია, შეიცვალა მიდგომა და სუბსიდიას სახელმწიფო პირდაპირ ფერმერებზე გასცემს, ბიზნესი ამ ვალდებულებისგან განთავისუფლდა. შესაბამისად, ეს ხელს უწყობს, რომ ფასი იყოს დიფერენცირებული, ხოლო ჭარბი მოსავალი სახელმწიფომ ჩაიბაროს. 

მთავრობის გათვლით, წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 200-250 ათასი ტონა იქნება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მევენახეობა-მეღვინეობის მხარდაჭერას და ამ კუთხით, ეს წელიც არ იქნება გამონაკლისი.

„გაგრძელდება ის მიდგომა, რომელიც წინა წლების განმავლობაში მოქმედებდა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მევენახეობისა და მეღვინეობის მხარდაჭერისთვის. ყურძნის საპროგნოზო მოსავალი იქნება 200-250 ათასი ტონა და იმისათვის, რომ დროულად დაბინავდეს მოსავალი, რთველის საკოორდინაციო შტაბი მუშაობს 24-საათიან რეჟიმში. მადლობა მინისტრ დავით სონღულაშვილს რთველთან დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

თავის მხრივ, რთველის 2025-ის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმაც შეაფასა. წელს ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ხარისხიან ყურძენზე განსხვავებული ფასის დაწესებაა.

„საქართველოში დაიწყო რთველი, ეს არის განსაკუთრებული დრო და სეზონი ჩვენი მევენახეებისთვის. წლის დასაწყისში განვაცხადეთ, რომ ხარისხიან ყურძენზე იქნებოდა განსხვავებული ფასი, რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს. მაღალკონდიციურ ყურძენთან დაკავშირებით განისაზღვრა განსხვავებული, მაღალი ფასი, რაც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ყურძნის ხარისხის ამაღლებას. დღეს უკვე ვხედავთ შედეგს, მოსავლის დიდი ნაწილი მაღალკონდიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა პოლიტიკამ გაამართლა. შემდგომ პერიოდში მაღალხარისხიან ყურძენზე აქცენტი კიდევ უფრო მეტად გაკეთდება. 2025 წლის ყურძნის მოსავალი იქნება გამორჩეული”, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, გადამუშავებული ყურძნიდან უდიდესი წილი კონდიციური და ჯანსაღია, რაც ნიშნავს, რომ 2025 წლის მოსავლის ქართული ღვინო საუკეთესო იქნება.

ამასთან, დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრებს და რეგიონული სამსახურების წარმომადგენლებს, მოსავლის ორგანიზებული  დაბინავების უზრუნველყოფისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის რთველი იქნება წარმატებული და ქართული ღვინის საექსპორტო პოზიციები საერთაშორისო ბაზრებზე კიდევ უფრო გაძლიერდება.

რაც შეეხება რთველში მონაწილე ფერმერებს, სექტორში განხორციელებული ცვლილებით კმაყოფილნი არიან. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თუკი ვინმეს ადრე ხარისხთან დაკავშირებით თუნდაც მცირე პრობლემა ჰქონდა, წელს შესაძლებლობა აქვთ, დანაკარგი არ დარჩეთ და შემოსავლების ზრდაც მოახერხონ. წინანდალელი მეღვინე ოთარ ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ ამჯერად შარშანდელზე მეტ მოსავალს მიიღებს.

,,მთლიანობაში, კომპლექსურად, ყველა დეტალი გამართულია. ყურძენი გაიყიდება იმ ფასად, რომ ხარჯი სრულად დაიფაროს და მოგებაც დარჩეს. სახელმწიფოს მხრიდან მიდგომა შეიცვალა. ფერმერებს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და ეს მისასალმებელია. აქამდე ბიზნესი იყო შუამავალი, რომელსაც ცალკე საკუთარი ინტერესი ამოძრავებდა, ეს კი ფერმერების უკმაყოფილების მიზეზიც გამხდარა. ახლა სახელმწიფომ თავის თავზე აიღო, ფერმერებს მეტი მოგების იმედი გაუჩნდათ და დანაკარგი აღარ აშინებთ. კარგი იქნება სახელმწიფომ ყურძნის მოვლის საშუალებებზეც გაამახვილოს ყურადღება და შეღავათი ამ მიმართულებითაც დაგვიწესდეს", - აღნიშნა ფერმერმა "რეზონანსთან" საუბრისას.

სახელმწიფოს მხარდაჭერაზე საუბრობს გურჯაანელი ფერმერი ვანო შაქარაშვილიც, რომლის თქმითაც, მოლოდინი წლევანდელ სეზონთან დაკავშირებით დადებითია და ყველა კმაყოფილია, რაც საბოლოოდ მოსახლეობის კეთილდღეობაზეც აისახება. 

,,გაუყიდავი ყურძენი არც შარშან დარჩენილა, მაგრამ მდგომარეობა მაშინ რადიკალურად განსხვავებული იყო - ქარხნების იმედად ვიყავით, ახლა მთავრობასთან პირდაპირი კომუნიკაცია გვაქვს. საკმაოდ დიდი მხარდაჭერაა.  მართალია სტიქიისგან წელს ზარალი არ არის, მხოლოდ ერთეული შემთხვევებია, მაგრამ სუბსიდიის გარეშე მაინც გაგვიჭირდებოდა. 

სავარაუდოდ 12 ტონამდე  მოსავალი მივიღებ, შარშანდელთან შედარებით აშკარად მეტია. ღვინოს ადგილობრივ ბაზარზე გავყიდი. 2-3 წელიწადში ახალი მოსავალიც დამემატება და ეს მომცემს შესაძლებლობას, რომ ექსპორტზეც გავიტანო. რაც მთავარია, ფალსიფიკაციის პრობლემა აღარ იქნება, ჭარბი მოსავალი არ დარჩება და ხარისხზეც მეტი აქცენტი გაკეთდება. ყველა პირობა შეგვიქმნეს, რომ მეტი შემოსავალი მივიღოთ, ვერ წარმომიდგენია ადამიანი, ვინც უკმაყოფილო იყოს", - უთხრა ,,რეზონანსს" გურჯაანელმა ფერმერმა.

აღსანიშნავია, რომ ჩაბარებული ყურძნის აღრიცხვა ერთიანი ელექტრონულ სისტემით მიმდინარეობს, რომელიც  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2013 წლიდან დაინერგა და მას შემდეგ ეფექტიანად ფუნქციონირებს. პროგრამა უზრუნველყოფს ჩაბარებული ყურძნის შესახებ სრული და დაზუსტებული მონაცემების შეგროვებას, რაც მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×