
„ქართული ოცნების" ლიდერები აცხადებენ, რომ პარტიიდან წასული ყოფილი წევრები ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან და მათ მხილებას უნდა ელოდონ. ენმ-ს ზოგიერთი წევრი კი მოსალოდნელ სიურპრიზებს ახსენებს, რაც „ოცნებამ" წასული თანაგუნდელებისგან შეიძლება მიიღოს. უნდა ელოდოს თუ არა საზოგადოება ახალი პარტიის შექმნას ყოფილი წევრებისგან, ვისზეა საუბარი და რატომ დაუპირპირდნენ აქტიური წევრები უკვე წასულებს - ამაზე ექსპერტებს სხვადასხვა შეფასებები აქვთ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კონკრეტული პიროვნებების დასახელებისგან, თუ ვის შეიძლება გულისხმობდეს მმართველი პარტია, თავს იკავებს, თუმცა, აღნიშნავს, რომ ყველას ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისთვის პასუხი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მოეთხოვოს
„მე სპეკულაციებში ნამდვილად ვერ შევალ და კონკრეტული პირების დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა, თუ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება აქვს ჩადენილი ამა თუ იმ პიროვნებას, მნიშვნელობა არ აქვს - ის ხელისუფლებაში იყო, ოპოზიციაში თუ კომერციულ სექტორში, მას ამგვარი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისთვის უნდა მოეთხოვოს შესაბამისი პასუხი კანონმდებლობის შესაბამისად."
კითვაზე, რას გულისხმობს „ოცნება" ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, გვპასუხობს: „ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში იგულისხმება როგორც უცხო ქვეყნის აგენტობა, მოქმედება ფარულად, მიზანმიმართულად თუ გაუთვითცნობიერებლად (თუმცაღა ეს უკანასკნელი ძალიან იშვიათად ხდება. ასევე, შესაძლოა იყოს საბოტაჟიც, იქიდან გამომდინარე, რომ დააზიანო სახელმწიფოს ინტერესები - რაღაც დარგში თუ მავნებლური განცხადებების გაკეთებით. ამიტომ ამას სასამართლოში ქეისების წარდგენა სჭირდება.
„რაც შეეხება მმართველ პარტიაში არსებულ აწმყოსა და წარსულს: თუ გადავხედავთ 2012 წლიდან, ძალიან ბევრი გაუშვეს. ზოგი ამას უტიფრად საკუთარ გადაწყვეტილებად აფასებდა, თუმცა უდიდეს შემთხვევებში ეს იყო მმართველი გუნდის მხრიდან არაკეთილსინდისიერების, მატყუარების, სახელმწიფოსთვის არაერთგული პირების გაშვება" - დასძინა აბაშიძემ.
„ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ „ოცნების" ეს განცხადებები შეიძლება ერთგვარი გაფრთხილება იყოს ყოფილი თანაგუნდელებისთვის, რომლებსაც შესაძლოა პარტიის შექმნაც სურდეთ.
„ეს განცხადებებიც გამორიცხული არ არის, რომ შეიძლება ჩაითვალოს ამ ადამიანების გაფრთხილებად - აფრთხილებენ: „თუ არ გაჩერდებით, ჩვენ სხვანაირად მოგხედავთ". საქმე იმაშია, რომ საზოგადოებაც ხომ დარწმუნებულია, ყველას რაღაც აქვს მიქარული, მოათავსებენ იქ, სადაც დასჭირდებათ - იქ რიჟვაძეზე ჭორები დადის, გომელაურზე... ამიტომაც არ არის გამორიცხული, ეს განცხადებები გაფრთხილება იყოს."
რატომ დაიწყო ახალა ლაპარაკი, უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან რთულ ვითარებაშია აღმოჩენილი „ოცნება", ჯერჯერობით მისის ძალა უდრის სახელმწიფო სტრუქტურების ძალას, სხვა საზოგადოებრივი საყრდენი არ გააჩნია, ამ თემებით ოცნება ცდილობს ყურადღება მიიპრყროს და თავი წარმაოჩინოს რომ იწყება ოცნების ახალი ერა.
ახალი პარტია ძველი სახეებით?
ვახტანგ ძაბირაძე „ოცნების" ყოფილი წევრებისგან ახალი პარტიის შექმნას არ გამორიცხავს.
„გამორიცხული არაფერია, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ოცნების" დღევანდელ ლიდერებს მთლიანად აქვთ ხელში ძალოვანი სტრუქტურები. ისინი - ახლა თუ ივანიშვილს არ ჩავთვლით და თუ დავუშვებთ, რომ ივანიშვილი არ ერევა შიდაპარტიულ საკითხებში - სრულად აკონტროლებენ ძალოვან სტრუქტურებს და სასამართლოს. ის ხალხი, ვინც გაუშვეს თანამდებობებიდან რაღაც მიქარულის გამო, „ჩონჩხი კარადაში" აქვთ, და ამ ჩონჩხის გამომზეურებას დიდი გამოცდილება არ უნდა. შეიძლება სურდეთ გაშვებულ გუნდელებს პარტიის შექმნა, მაგრამ ამ ვითარებაში არ მგონია, ეს გაბედონ."
ძაბირაძეს აზრით, თუკი ყოფილი წევრები ამ ნაბიჯს გადადგამენ, ეს „ოცნებისთვის" სასიამოვნო არ იქნება, თუმცა უფრო მეტად უსიამოვნო თავად ინიციატორებისთვის გამოდგება.
ზოგადად, სასამართლოს ამ პირობებში არ მგონია რამე გაუჭირდეს. ეს არ იქნება „ოცნებისთვის" სასიამოვნო, მაგრამ გაცილებით უსიამოვნო იქნება მათთვის, ვინც ასეთ ნაბიჯებს გადადგამს, მითუმეტეს - ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის. ერთადერთი ვარიანტი შეიძლება იყოს ამ ვერსიის გაშვება, თუკი ეს ივანიშვილის მიერ არის ნებადართული.
გია აბაშიძე კითხვაზე ზოგად ჭრილში გვპასუხობს: „დემოკრატიულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ყველას შეუძლია შექმნას პოლიტიკური პარტია - იქნება ეს „ოცნებიდან" წასული თუ „გახარიას პარტიიდან". ვფიქრობ, ამ პოლიტიკური პარტიების რაოდენობით რაღაც რეკორდს ვამყარებთ, ასე რომ ვისაც რა სურს, ის გააკეთოს."
რას ამბობენ მმართველ პარტიაში
"ქართული ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, "ქართული ოცნება" კი არ უნდა ელოდოს რაღაცებს, არამედ პირიქით, "პარტიის ყოფილი წევრები უნდა ელოდონ მხილებას".
"უხერხულადაც კი მიმაჩნია საუბარი გუნდიდან გაგდებულებზე, რომლებიც მერე თანხებს ხარჯავენ და არა მხოლოდ გუნდის, არამედ, საქართველოს საწინააღმდეგოდ, ათას საქმიანობას ეწევიან. ამაზე ილაპარაკა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
აღარ გავიმეორებ იმ მეტსახელს, რომლითაც ხაბეიშვილი იღებდა ჰონორარს ამ "ღალატის აქტთან" დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს მოსალოდნელია. ეს ადამიანები გუნდიდან იმიტომაც გაუშვეს და გააგდეს, რომ სახელმწიფოს საწინააღმდეგო საქმეს ეწეოდნენ. (...) ასე რომ, ჩვენ კი არ უნდა ველოდოთ რაღაცებს, ისინი უნდა ელოდონ, რომ მხილებული იქნებიან," - განაცხადა შარმანაშვილმა.
ყოფილ გუნდლებზე განცხადება „ოცნების" წევრმა დავით მათიკაშვილმაც გააკეთა.
„სახეზეა, რომ „ქართული ოცნებიდან" გაგდებული პირები, გარკვეული ფორმით, ცდილობდნენ, საქართველოში რადიკალიზმი წაეხალისებინათ და დაეფინანსებინათ კიდეც".
„კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რაც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, რომ გუნდიდან გაგდებული ზოგიერთი ყოფილი წევრი საქართველოში რადიკალიზმს ასაზრდოებს. არ ვიცი, ჯაფარიძეს წამოსცდა, ქვეცნობიერმა უღალატა თუ რა ქნა, მაგრამ ზუსტად ამაზე ისაუბრა. ეს იმდენად ამაზრზენია, საერთოდ არც მინდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ვინც კანონს დაარღვევს, უღალატებს სამშობლოს, გუნდს და იქნება თან დანაშაულის ჩამდენი, ბუნებრივია, მათ მიმართ კანონი და სახელმწიფო შეუვალი იქნება.
თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ გვარებზე და სახელებზე არ ვსაუბრობთ, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. - განაცხადა მათიკაშვილმა.
შეგახსნებთ, ენმ-ს ლიდერმა სოფო ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა,რომ „კობახიძე და "ქართული ოცნება" კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს მათივე ყოფილი, შეიძლება ითქვას, თანაგუნდელებისგან."