
ჩინეთის მიერ მეორე მსოფლიო ომის დასრულების აღნიშვნას, რომლის საკვანძო ღონიძიება მასშტაბური სამხედრო აღლუმი იყო, დიდი გამოძახილი მოჰყვა მსოფლიოში. ამერიკის პრეზიდენტმა, რომელიც პეკინს მთავარ გეოსტრატეგიულ კონკურენტად მიიჩნევს, თქვა, „მესმის მიზეზი რატომაც ჩაატარეს. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ვუყურებდი და ვნახე კიდეც"-ო. (თუმცა იქვე გულისწუხილი გამოთქვა, რომ ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა არსად ახსენა ამერიკის წვლილი იაპონიაზე გამარჯვებაში.)
ჩვენ ახლა თვალს ვადევნებთ ერთპოლუსიანიდან ორპულუსიან სამყაროში გადასვლის პროცესს, რომელსაც საქართველომ აუცილებლად უნდა აუღოს ალღო, რადგან ეს პროცესები უახლოეს მომავალში ქვეყნის განვითარების დინამიკას განსაზღვრავს, აცხადებს „რეზონანსთან" ყოფილი პარლამენტარი და „ჩინეთისა და აღმოსავლეთ აზიის კვლევის ცენტრის" დირექტორი.
„ჩვენ დიდი ხანია ვსწავლობთ ჩინეთისა და აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკის განვითარების მოდელებს. ამ მოდელების გათვალისწინება საქართველოს განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც ტექნოლოგიური განვითარების, ისე საინვესტიციო პოლიტიკის თვალსაზრისით. გარდა ამისა ორგანიზაციის მიზანია უკეთესად გავაცნოთ ქართულ საზოგადოებას ჩინეთი და მისი პოლიტიკა, რადგან საქართველოში ჩინეთზე ცოდნა დაზინფორმაციითა და სტერეოტიპებით არის გაჯერებული," - აცხადებს ნაცვლიშვილი.
იმაზე, თუ რატომ აღნიშნავს ჩინეთი ომის დასრულებას სექტემბერში, რატომ არ ესწრებოდა ამ ღონისძიებას საქართველოს დელეგაცია და რა პრესპექტივებია პეკინთან ურთიერთობებში, „რეზონანსი" ბექა ნაცვლიშვილს ესაუბრა.
„რეზონანსი": ოთხშაბათს ჩინეთმა გრანდიოზული ღონისძიებით აღნიშნა ჩინეთის წინააღმდეგ იაპონიის აგრესიაზე გამარჯვებისა და მეორე მსოფლო ომის დასრულების 80 წლისთავი. რა მნიშვნელობა აქვს ჩინეთისთვის ამ თარიღს და რატომ აღნიშნავს მეორე მსოფლიო ომის დასრულებას 3 სექტემბერს?
ბექა ნაცვლიშვილი: ჩვენ მეორე მსოფლიო ომის დასრულებას 9 მაისს ავღნიშნავთ. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირმა დიდი წვლილი შეიტანა იაპონიის დამარცხებაში 1945 წელს, მისთვის ძირითად საომარ თეატრს მაინც ევროპა წარმოადგენდა. საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომში სწორედ გერმანია დაესხა თავს და ის იყო ძირითადი მეტოქე. ამიტომ ევროპის საომარ თეატრში მონაწილე ქვეყნები სწორედ გერმანიის კაპიტულაციას უკავშირებენ მეორე მსოფლიო ომის დასრულებას.
აქ აღსანიშნავია ისიც, რომ საბჭოთა კავშირმა უკვე 1943 წელს თეირანის კონფერენციაზე მიიღო გადაწყვეტილება გერმანიის დამარცხების შემდგომ ჩართულიყო იაპონისთან წინააღმდეგ ომში და 1945 წლის 8 აგვისტოს იაპონიას ოფიციალურად გამოუცხადა ომი. ამიტომ პოსტსაბჭოთა და ევროპული საზოგადოებისთვის ის, რომ მეორე მსოფლიო ომი 1945 წლის სექტემბერში დასრულდა, ნაკლებად ცნობილია.
ჩინეთისთვის კი მთავარ აგრესორს მეორე მსოფლიო ომში იაპონია წარმოადგენდა. შესაბამისად ჩვენი საზოგადოებისთვის მეორე მსოფლიო ომის დასრულებაში ჩინეთის როლზე და იმ უდიდეს მსხვერლპზე, რაც ჩინეთმა იაპონიის შესაკავებლად გაიღო, სამწუხაროდ ბევრ რამ არ არის ცნობილი.
საინტერესოა თვითონ თარიღი 3 სექტემბერი. როგორც იცით, იაპონიამ კაპიტულაციას 2 სეტემბერს მოაწერა ხელი, ჩინეთი კი იაპონიის დამარცხებასა და მეორე მსოფლიო ომის დასრულებას 3 სექტემბერს აღნიშნავს. ეს შეგნებული გადაწყვეტილებაა, რადგან ჩინეთისთვის ეს თარიღი არა მხოლოდ იაპონის დამარცხებას, არამედ აზიაში მშვიდობის დასადგურებას უკავშირდება. სხვათაშორის ბევრისთვის ისიც უცნობია, რომ იაპონიის წინააღმდეგ ჩინელი ჯარისკაცების მხარდამხარ ქართული ბატალიონიც იბრძოდა.
„რ": მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჩინეთთან სტრატეგული პარტნიორობა აკავშირებს ქართული დელეგაცია არ იყო 3 სექტემბრის ღინისძიებაზე მიწვეული, განსხვავებით მაგალითად ჩვენი მეზობელი სომხეთის და აზერბაიჯანისა?
ბ.ნ: მე ვფიქრობ, რომ მსოფლიოში მიმდანარე დრამატული პროცესების ფონზე, რომელიც ერთპოლუსიანი, შეერთებული შტატების მიერ დომინირებული მსოფლიო წესრიგიდან მრავალპოლუსიან მსოფლიო წესრიგად ჩამოყალიბაში გამოიხატება, საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა ჯერ კიდევ რეორიენტაციის პროცესშია. ამიტომ, მიუხედავად სტრატეგიული პარტნიორობისა, საქართველოს ხელისუფლებამ არ გაგზავნა მკაფიო გზავნილები ჩინეთში. გარდა ამისა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩინეთის მთავრობამაც შეიძლება აარიდა საქართველოს მთავრობას რუსეთის დელეგაციასთან ერთად ერთ ღონისძიებაში მონაწილეობა, რაც დიპლომატიური თვალსაზრისით გონივრულია.
„რ": თქვენ ცვალებადი წესრიგი ახსენეთ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის გაღრმავება ამ ფონზე?
ბ.ნ: ჩინეთი დღეს-დღეისობით ყველაზე ძლიერი თუ არა, მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშეა. მთლიანი ეროვნული შიდა პროდუქტით (თუ მის მსყიდველთუნარიანობას გავითვალისწინებთ) ის ამერიკის სეერთებულ შტატებსაც უსწრებს. გარდა ამისა, 3 სექტემბრის სამხედრო აღლუმმა ნათლად აჩვენა, რომ ის არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ სამხედრო-ტექნოლოგიური თვალსაზრისითაც მოწინავე ქვეყნებს შორის არის.
როცა ქვეყნის ძლიერებას აფასებენ, რამდენიმე ფაქტორია მნიშვნელოვანი: ეკონომიკა, სამხედრო სიძლიერე, მოსახლეობის რაოდენობა და მიმზიდველობა, ეგრეთ წოდებული რბილი ძალა. ამ კომპონენტების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ის დღეს მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოა. ტექნოლოგიური თვალსაზრისითაც ჩინეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა.
გარდა ამისა მისი არა სამხედრო ინტერვენციაზე დაფუძნებული, არამედ მშვიდოებიანი, ეკონომიკურ დიპლომატიაზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა კიდევ უფრო ზრდის მის მიმზიდველობას და გავლენას მსოფლიოში.
გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირის 17 ქვეყანას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან სხვადასხვა ფორმის სტრატეგიულ პარტნიორობაზე აქვს ხელი მოწერილი. ამიტომ საქართველოსთვის ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ყველა ის გამოყენებული თუ გამოუყენებელი შესაძლებლობა, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას შეიძლება მოსდევდეს, ქვეყნის ხელისუფლებაზე იქნება დამოკიდებული. საქართველოს ხელისუფლების მიერ სწორი პოლიტიკის წარმართვის შემთხვევაში ჩინეთმა შეიძლება დიდი წვლილი შეიტანოს არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, არამედ საქართველოს უსაფრთოების უზრუნველყოფაში.
„რ": თქვენ თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნეთ ჩინეთისა და აღმოსავლეთ აზიის კვლვის ცენტრი. რა არის თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის მთავარი მიზანი?
ბ.ნ: ჩვენ დიდი ხანია ვსწავლობთ ჩინეთისა და აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკის განვითარების მოდელებს. ამ მოდელების გათვალისწინება საქართველოს განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც ტექნოლოგიური განვითარების ისე საინვესტიციო პოლიტიკის თვალსაზრისით. გარდა ამისა ორგანიზაციის მიზანია უკეთესად გავაცნოთ ქართულ საზოგადოებას ჩინეთი და მისი პოლიტიკა, რადგან საქართველოში ჩინეთზე ცოდნა დაზინფორმაციითა და სტერეოტიპებით არის გაჯერებული. არსებობს ან უსაფუძვლო სკეპტიციზმი, ან გადაჭარბებული ენთუზიაზმი. ამიტომ ჩვენი მიზანია სხვადასხვა საჯარო თუ აკდემიური საქმიანობით, რაციონალურ ჭრილში დავანახოთ ფართო საზოგადოებას ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების პერსპექტივა.
აქვე დავამატებ, რომ სექტემბრის მეორე ნახევარში ჩინეთის საელჩოსა და ინავე ჯავახიშვილის სახელმწიფოუნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც სწორედ ჩინეთის როლს მიეძღვნება მეორე მსოფლიო ომის დასრულებაში. იგი იქნება 3 სექტემბერს გამართული ჩინეთის იაპონიაზე გამარჯვებისა და მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმის დამარცხების მე-80 საიუბილეო წლისთავის ერთგვარი გამოძახილი.