
საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა, თუმცა სტაბილურობა გარანტირებულია. მართალია, ორნიშნა ზრდა მოსალოდნელი არ არის, მაგრამ დინამიკა მაინც დადებითი იქნება. ყველაზე ოპტიმისტური სცენარით, მშპ წლის ბოლომდე დაახლოებით 7%-იან მაჩვენებლამდე დაკორექტირდება, რაც არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე საქართველოსთვის საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.
"საქსტატის" წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.0 პროცენტი.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში ტემპი შეიძლება, მცირედით შემცირდეს, თუმცა ეკონომიკაში რაიმე სახის ნეგატიური ცვლილება ნაკლებად სავარაუდოა და კლება უფრო გეოპოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე იქნება.
სტატისტიკოს სოსო არჩვაძის შეფასებით, 2025 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებდა სტაბილური განვითარების ვექტორს, რამაც განაპირობა მისი ზრდა 6.5 პროცენტით, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება როგორც რეგიონის, ისე გლობალური მასშტაბით ზრდის ტემპს.
,,ეკონომიკაში ბევრი რამ შეფარდებითია, მათ შორის ზრდის ტემპი. ორნიშნა მაჩვენებელზე ვერ გავალთ, მაგრამ სტაბილურობა გარანტირებული იქნება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც ხდება სამეზობლოში და როგორია გლობალური ეკონომიკა, უნდა ვთქვათ, რომ ამაზე ნაკლები ტემპი არ უნდა გვქონდეს მომავალიც. ჩვენი ეკონომიკური ზრდის ბოლო მაჩვენებელი დაახლოებით 1,7-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე გლობალური ეკონომიკური ზრდის ტემპი, ეს ცოტას არ ნიშნავს იმ პირობებში, როცა საქართველო ენერგოდამოკიდებული სახელმწიფოა, საკუთარი რესურსები ნაკლებად გააჩნია, ვაჭრობაში დიდწილად დამოკიდებულია მსოფლიო ბაზრის კონიუნქტურაზე და სხვა. მიუხედავად ამისა, მაინც მაღალ მაჩვენებელებს აჩვენებს. ეს მიღწეულია პირდაპიური უცხოური ინვესტიციების შემცირების პირობებში, ანუ ზრდის განმსაზღვრელ ფაქტორებად სულ უფრო და უფრო ჩნდებიან შიდა ენდოგენური ფაქტორები.
ქვეყნის განკარგულებაშია ფინანსური, მატერიალური შრომის რესურსი და მათი შერწყმის ეფექტიანობა. ეს ხერხდება მაღალი რისკის შემცველი საგარეო ვითარების ფონზე. 8%-იანი ზრდა გვაქვს და ეს მაჩვენებელი არ დაეშვება 1%-ზე მეტად. ზრდა შეიძლება იყოს 7% და უფრო ოპტიმისტური გათვლით, ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება", - აღნიშნა სტატისტიკოსმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.
მისი შეფასებით, საქართველოს მყარი საფუძველი აქვს, რომ ზრდის ტემპი შეინარჩუნოს და ამას საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებიც ადასტურებენ.
,,მრჩება შთაბეჭდილება, რომ საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილი საქართველოს მშპ-ს ტემპისადმი, ვიდრე ქართველი ექსპერტები და პოლიტიკოსები. როგორც აბსოლუტური, ისე ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით, საქართველო მოწინავე ქვეყნების რიგშია. მეტ აქცენტს თუ გავაკეთებთ ეკონომიკაზე, გაცილებით უკეთეს შედეგებს მივაღწევთ. ასეთ ფონზე ხელფასების და პენსიების ზრდაც მოსალოდნელია.
მიუხედავად იმისა, რომ წინა თვეებში შედარებით მაღალი ინფლაცია გვქონდა, მაისის შემდეგ ფასები არ გაზრდილა, ხოლო იმპორტულ პროდუქციასთან მიმართებაში სრულ სტაბილურობას აქვს ადგილი, ამიტომ მყარი საფუძველი გაგვაჩნია, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას უფრო ოპტიმისტურად შევხედოთ", - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.
ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს დადებითად აფასებენ ეკონომისტებიც, თუმცა ყურადღებას ამახვილებენ რიგ გამოწვევებზე. ანალიტიკოს მერაბ ჯანიაშვილის მოსაზრებით, ეკონომიკა ყოველთვის ვერ გაჰყვება ერთ ტემპს, მაგრამ მნიშვნელოვანია დადებითი ტრენდი ფიქსირდებოდეს, რის შესაძლებლობა და რესურსი ქვეყანას ნამდვილად აქვს.
,,ეკონომიკური ზრდის დადებითი მაჩვენებელი კარგია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომელი სფეროები იზრდება და კონკრეტულად რა ახდენს გავლენას მშპ-ს დონეზე. რაც ახლა ვიცით, ეს ტექნოლოგოური სფეროს მიღწევებს უკავშირდება. ეს რამდენად ახდენს მოსახლეობის კეთილდღეობაზე გავლენას, ჯერ კიდევ სადავო საკითხია.
მშპ-ს ზრდის ტემპი ნამდვილად შენელდა და ასე იქნება მომავალ თვეებშიც. გარე ფაქტორების გავლენა თანდათან იკლებს და შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის ტემპი შეიძლება კიდევ დაეცეს. ჩვენ შანსი ვერ გამოვიყენთ და ეკონომიკის ვერც ერთი მიმართულება ვერ გავაძლიერეთ ისე, რისი რეალური შესაძლებლობაც იყო. ამიტომ ვფიქრობ, რომ დინამიკა კლებადი იქნება და შესაძლოა, წლის ბოლოს მშპ-ს ზრდა 5%-იანი ნიშნულზე ჩამოვიდეს. ეკონომიკა ყოველთვის ვერ გაჰყვება ერთ ტემპს, მაგრამ მნიშვნელოვანია დადებითი ტრენდი, ამის შესაძლებლობა და რესურსი კი ქვეყანას ნამდვილად გააჩნია", - განუცხადა ჯანიაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსს".
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, ბიზნეს სექტორის ბრუნვამ ივლისში 16 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 9.2%-ით არის გაზრდილი.
2025 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის და მშენებლობის სექტორებში.