"ფასი არანაირ კანონზომიერებას აღარ ექვემდებარება და რა იქნება მომავალში, მისი პროგნოზირებაც სულ უფრო რთულია"
ქეთო გოგოხია
01.09.2025

საერთაშორისო ბირჟაზე ოქრო მკვეთრ გაძვირებას განაგრობს და ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა. ამჯერად 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებამ  3500 დოლარს მიაღწია. ცოტა ადრე ფასი 3350 დოლარი იყო. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ტენდენცია გლობალურ პროცესს უკავშირდება და მომავალში ოქრო კიდევ გაძვირდება. მთავარი გაურკვევლობაა აშშ და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ გაჩნდა, რამაც ბაზრებზე რეაქცია გამოიწვია. რუსეთ-უკრაინის ომი კი ძვირფასი ლითონის ბაზარზე  მოთხოვნის ზრდას იწვევს და ფასებზეც ადეკვატურად აისახება.

გასული კვირის განმავლობაში ოქროს ფასი 3%-ით არის გაზრდილი და უნცია მეტალის ღირებულება ამჟამად 3,470 დოლარს აღწევს; ხოლო ვერცხლის შემთხვევაში, მატების მაჩვენებელი დაახლოებით 5%-ია. 

ძვირფასი მეტალების ბაზარზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება - გასული კვირის განმავლობაში ოქროს ფასი 3%-ით არის გაზრდილი და უნცია მეტალის ღირებულება ამჟამად 3,470 დოლარს აღწევს; ხოლო ვერცხლის შემთხვევაში, მატების მაჩვენებელი დაახლოებით 5%-ია.

რაც შეეხება ერთწლიან პერიოდს, ორივე ძვირფასი ლითონის ფასი საშუალოდ 40%-ით არის გაზრდილი. ამასთან, ოქროს ფასი ამჟამად ისტორიულ რეკორდულ ნიშნულს უახლოვდება, ხოლო ვერცხლი 15-წლიან მაქსიმუმზეა.

ოქროს ფასი ქართულ ბაზარზეც მატულობს. ძვირფასი ლითონის ბაზრის ექსპერტის, პროფესორ ხათუნა გაჩეჩილაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის თბილისში 999.9 სინჯის ოქრო 203 ლარი ღირს, სუფთა ვერცხლი 3.33 ლარად იყიდება. 

,,ქართული ბაზარი გლობალურ ფასებსა და ტენდენციებზე მიბმულია. შესაბამისად, გარკვეული გავლენა აქაც იგრძნობა. მოთხოვნა სხვადასხვა პერიოდში განსხვავებულია. ახლა მსოფლიოში იმდენად რეკორდული ფასებია, რომ მოლოდინიც დიდად ოპტიმისტური არ გვაქვს, თუმცა საქმე კრიზისამდე ნამდვილად არ მისულა და არც მივა. ეს არის ძვირფასი ლითონის ბაზარი, რომელიც ყველა სიტუაციაში იქცევს ყურადღებას და ფასის გავლენას მარტივად  განიცდის.  

ის, რომ ოქრო ძვირია და ხალხი არ ყიდულობს, ასეთი მოცემულობა ნამდვილად არ არის, თუმცა ფასები მუდმივად იზრდება და კიდევ მოიმატებს, სანამდე მივა ეს პროცესი, ვარაუდი რთულია", - აღნიშნა ხათუნა გაჩეჩილაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

სექტორში ღიად აცხადებენ, რომ გლობალური ფასების ზრდა ქართული ბაზრისთვის დიდი გამოწვევაა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნოდარ ფოფორაძის თქმით, საფასო ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი გეოპოლიტიკური ვითარებაა.

,,დღეს რაც ოქროს გლობალურ ბაზრებზე ხდება, ნამდვილად რთული სიტუაციაა.  ვცდილობთ, გავიგოთ, როდემდე გაგრძელდება გაძვირების პროცესი, რა იქნება მომავალში, მაგრამ ეს ყველაფერი არაპროგნოზირებადია. არც რაიმე ახალი მინიშნებაა, რატომ ხდება  ასე და რა ელის ფასებს  მომავალში. ერთია, რომ ომია, რომლის ფონზეც დონალდ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა უიმედოდ გამოიყურება და ბაზრებზე მეტი ქაოსი შეაქვს. მსოფლიოში სხვა რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი არ ხდება, რაც არ ხდებოდა ადრე. 

არ გამოვრიცხავ იმასაც, რომელიმე სახელმწიფოს მხრიდან ბაზრებს შეიძლება ოქროს შეზღუდული მარაგი მიეწოდებოდეს. შესაბამისად, ძვირფასეულობის ფასი ხშირად იცვლება, ზოგჯერ ისეც, რომ არანაირ კანონზომიერებას აღარ ექვემდებარება. როგორც წესი, ოქროს ღირებულება განსაკუთრებით იმატებს არასტაბილურ პერიოდში, რადგან ამ დროს ინვესტორებს ფულის დაბანდება სწორედ ძვირფას ლითონში სურთ, რადგან ის სავალუტო რყევებისა და კონფლიქტების მიმართ მდგრადობით გამოირჩევა. 

ოქროს ფასი განსაკუთრებით გაიზარდა 2008 წლის ფინანსური კრიზისის, კოვიდპანდემიისა და ბოლო ორი წლის გლობალური ინფლაციის პერიოდში. ალბათ, მომავალშიც გაგრძელდება გაძვირების პროცესი, მაგრამ შესაძლოა, გეოპოლიტიკური მდგომარეობის დასტაბილურებამ საპირისპირო შედეგი მოიტანოს", - განაცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ნოდარ ფოფორაძემ.

რაც შეეხება სხვა ლითონებს, ძვირდება ვერცხლიც, პალადიუმზე მოთხოვნა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, აქტიურად ხდება ამ ლითონის როგორც მოპოვება, ასევე მისი აღდგენა მეორადი გადამუშავების შედეგად.  უნდა ითქვას, რომ ოქროს ფასი ხშირად იცვლება, ბრილიანტის ღირებულება კი უფრო სტაბილურია.

ამდენად, ოქროსა და ვერცხლის გაძვირება მსოფლიოს მასშტაბით გეოპოლიტიკური რისკების ზრდით არის განპირობებული, განსაკუთრებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის უშედეგო შეხვედრის ფონზე.

ამჟამად ინვესტორებს აქვთ მოლოდინი, რომ რუსეთ-უკრაინის ომი კიდევ დიდი ხანი გაგრძელდება და აშშ-ის მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრს სანქციებს აამოქმედებს, რაც ძვირფასი ლითონების ბაზარს ზრდისათვის დამატებით ბიძგს აძლევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×