ნატალია ჯვარიძე
01.09.2025

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მხარს უჭერს ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის მიერ წამოყენებულ ინიციატივას, რომელიც გლობალური მმართველობის უფრო ეფექტური სისტემის შექმნას ითვალისწინებს. „ამ მხრივ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით მოვისმინეთ ყველაფერი, რასაც ბატონი სი ძინპინი გვთავაზობს გლობალური მმართველობის ახალი, უფრო ეფექტური და ფუნქციონალური სისტემის შესაქმნელად", - აღნიშნა პუტინმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი მტკიცებით, ჩინური მხარის წინადადებები აქტუალურია იმ პირობებში, როდესაც „ზოგიერთი ქვეყანა ჯერ კიდევ არ თმობს საერთაშორისო ურთიერთობებში დიქტატურისკენ სწრაფვას".

„რუსეთი მხარს უჭერს სი ძინპინის ინიციატივას და დაინტერესებულია ჩვენი ჩინელი მეგობრების მიერ წარმოდგენილი წინადადებების კონკრეტული განხილვის დაწყებით", - აღნიშნა პუტინმა და დასძინა, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას შეუძლია წამყვანი როლი შეასრულოს მსოფლიოში გლობალური მმართველობის უფრო სამართლიანი და თანასწორი სისტემის ჩამოყალიბების ძალისხმევაში.

„საერთაშორისო სამართლის პრიმატსა და გაერო-ს წესდების ძირითად დებულებებზე დაფუძნებული სისტემა ნამდვილად დაბალანსებული იქნება და გაითვალისწინებს ქვეყნების რაც შეიძლება ფართო სპექტრის ინტერესებს და უზრუნველყოფს მათი მდგრადი განვითარებისა და უსაფრთხოების შესაძლებლობებს", - აღნიშნა პუტინმა.

ცნობისთვის, 1-ელ სექტემბერს ჩინეთის ლიდერმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე წამოაყენა ინიციატივა გლობალური მმართველობის „უფრო სამართლიანი და თანასწორი სისტემის შესაქმნელად". გარდა ამისა, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ პეკინი მოუწოდებს ორგანიზაციის სხვა წევრ ქვეყნებს, არაკონფრონტაციის პრინციპის დაცვა განაგრძონ.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ ჩინეთს სურს გლობალური სამხრეთის ლიდერი ის გახდეს და არა ამერიკა. მისივე თქმით, სწორედ ეს იგულისხმება გლობალური მმართველობის უფრო ეფექტური სისტემის შექმნაში.

„ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო წესრიგის გადახედვა უნდა მოხდეს და დომინანტი ამერიკა არ უნდა იყოს. ამიტომ არის, რომ ჩინეთი ავითარებს გლობალური სამხრეთის შექმნას, რათა ის გახდეს მთავარი მამოძრავებელი ძალა ამ მიმართულებით - გლობალური სამხრეთის ლიდერი სახელმწიფო. სწორედ ამიტომ გაახმოვანა ჩინეთმა, რასაც რუსეთი მხარს უჭერს", განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×