
აშშ-ის პრეზიდენტის ულტიმატუმის ვადა მომავალი კვირის ბოლოს, 5 სექტემბერს იწურება და უკვე ყველასათვის ნათელია, რომ მთავარი პირობა - რომ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები პირად შეხვედრაზე შეთანხმდნენ - ვერ შესრულდება. ამის ფონზე დონალდ ტრამპი მედიასთან უკვე სამმხრივი შეხევდრის შესაძლებლობაზე საუბრობს და სოციალურ ქსელში დამაინტრიგებელ მინიშნებებს აკეთებს.
ამასთან, დასავლურ მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ ტრამპი სერიოზულად განიხილავს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების დიპლომატიური ძალისხმევიდან უკან დახევას მანამ, სანამ ერთი ან ორივე მხარე მეტ მოქნილობას არ გამოიჩენს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი კვირას კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მზადაა შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და ის 5 ქვეყანაც ჩამოთვალა, რომელთაც ამ შეხვედრის მასპინძლობა სურთ: თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, კატარი და შვეიცარია.
რუსეთის პოზიცია კი უცვლელია. კრემლში აცხადებენ, რომ ასეთ შეხვედრაზე თანახმა არიან, ოღონდ გარკვეული პირობებით - თუ მხარეები შეთანხმდებიან შეხვედრის შესაბამის „საპრეზიდენტო დღის წესრიგზე". ამაში კი იგულისხმება, რომ უკრაინა უნდა დათანხმდეს რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიების დათმობას და უარი თქვას უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელოვან ნაწილზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ომი გრძელდება და უკვე შემუშავებულია შემოდგომის საბრძოლო მოქმედებების გეგმა და განსაზღვრულია რუსული არმიის კონკრეტული ამოცანები.
ბოლო დღეებში რუსეთი აგრძელებს ბრუტალურ საჰაერო იერიშებს, მათ შორის კიევზე. თავის მხრივ შეტევები აქვს უკრაინასაც. ამავე დროს პუტინი ჩინეთს ეწვია 4-დღიანი ვიზიტით, რომელივ მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავს ეძღვნება და როგორც დასავლელი ანალიტიკოსები წერენ, იქ იმისთვის ჩადის, რომ იმ ქვეყნების მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს, რომლებიც მას ომში მხარს უჭერენ ცხადად თუ ფარულად.
ომი გრძელდება
რუსეთის გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი აცხადებს, რომ რუსეთის არმია გააგრძელებს შეტევით ქმედებებს. როგორც თავდაცვის სამინისტრო იუწყება, გერასიმოვმა 30 აგვისტოს „შეაჯამა 2025 წლის გაზაფხულ-ზაფხულის კამპანია და დააზუსტა საბრძოლო დაჯგუფებების ამოცანები გრძელვადიან პერსპექტივაში". თავად გერასიმოვის თქმით, ამოცანები განისაზღვრება „შემოდგომის პერიოდისთვის".
გერასიმოვი ირწმუნება, რომ რუსეთის არმია ამჟამად აკონტროლებს ლუგანსკის 99,7%-ს, დონეცკის 79%-ს, ზაპოროჟიეს 74%-ს და ხერსონის 76%-ს.
ტრამპის ანალოგია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა „დეილი ქოლერთან" ინტერვიუში დარწმუნებით განაცხადა, რომ აუცილებლად შედგება სამმხრივი შეხვედრა მისი, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის მონაწილეობით:
„ორმხრივი არ ვიცი, მაგრამ სამმხრივი შედგება. მაგრამ, როგორც იცით, ხალხი ხანდახან მზად არ არის ამისთვის. ანალოგიას ვიყენებ. რამდენიმეჯერ გამოვიყენე. ბავშვი გყავთ, სათამაშო მოედანზე კიდევ ერთი სხვა ბავშვია, მათ ერთმანეთი ეზიზღებათ და იწყებენ მუშტების ქნევას, გინდა, რომ გაჩერდნენ და ისინი აგრძელებენ. ცოტა ხნის შემდეგ მათ ძალიან უხარიათ გაჩერება. გესმით ეს? თითქმის ასეა. ხანდახან ცოტა ხანი უნდა იჩხუბონ, სანამ მათ გაჩერებას შეძლებ. მაგრამ ეს უკვე დიდი ხანია გრძელდება. ბევრი ხალხი მოკვდა", - განაცხადა ტრამპმა.
იმავე დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც შესაძლოა უკრაინის ომთან, სამშვიდობო მოლაპარაკებასა და ამ მოლაპარაკების ჩაშლის მოსალოდნელ შედეგებთან იყოს კავშრში.
ტრამპმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის ცეცხლის რკალში მოქცეული დედამიწის ფონზეა გამოსახული. ფოტოს კი ახლავს წარწერა - „მსოფლიო მალე მიხვდება. ვერაფერი შეაჩერებს იმას, რაც მოდის".
რას წერს დასავლური მედია
„სი-ენ-ენი" ტრამპის ადმინისტრაციის ანონიმ წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან 15 აგვისტოს ალასკაზე შეხვედრის შემდეგ, რომელზეც მაღალი ფსონი იდებოდა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების თვალსაზრისით, ორი კვირა გავიდა, „ტრამპი კი სულ უფრო იმედგაცრუებულია უკრაინაში ომის შეჩერებაში ხელშესახები პროგრესის არარსებობით და ფიქრობს, თუ რა დოზით უნდა იყოს ჩართული კრემლისა და უკრაინის ლიდერებს შორის შეხვედრის შუამავლობაში".
ამავე წყაროს ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირების განცხადებით, პრეზიდენტი „განსაკუთრებით გაღიზიანებულია მოლაპარაკებების ტემპით და რუსეთის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ პროგრესის არარსებობით". ამავე წყაროს ცნობით,
წყარო „ცი-ენ-ენ"-ს უყვება, რომ პროგრესი „მკვეთრად" მას შემდეგ შენელდა, რაც 18 აგვისტოს თეთრ სახლს ევროპელი ლიდერები ეწვივნენ.
პროგრესის არარსებობოს გამო კი ტრამპი ზოგჯერ საკუთარ როლს ამცირებს მოლაპარაკებებში და აცხადებს, რომ „ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო".
გარდა ამისა, გამოცემა „აქსიოს" თეთრი სახლის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპი სერიოზულად განიხილავს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების დიპლომატიური ძალისხმევიდან უკან დახევას. ამავე წყაროს ცნობით, ზოგიერთი ამერიკელი ჩინოვნიკი ევროპელ ლიდერებს უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის გზაზე მთავარ დაბრკოლებად აღიქვამს.