
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) დახურვა საბოლოო ეტაპზე გადადის. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პარასკევს განაცხადა, რომ „იუ-ეს-ეიდ“-ის სადავეებს მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისის დირექტორს, რას ვოთს გადასცემს, რათა სააგენტოს „დახურვის პროცესს ზედამხედველობა გაუწიოს“.
„მე ტრამპს ხუმრობით ვუთხარი, რომ ოთხი სამსახური მქონდა. მან მითხრა, ერთ-ერთი ჩემი მეგობრისთვის, რას ვოთისთვის გადამეცა. ასეც მოვიქეცი.
„იანვრიდან მოყოლებული გადასახადის გადამხდელებს ათობით მილიარდი დოლარი დავაზოგეთ. სახელმწიფო დეპარტამენტში ძირითადი პროგრამების გადატანით, USAID უკვე ოფიციალურად დახურვის რეჟიმშია. ახლა რასი ხელმძღვანელობს სააგენტოს დახურვას, რომელიც დიდი ხნის წინ ლიანდაგიდან გადავიდა. ვულოცავ მას“, - დაწერა რუბიომ სოციალურ ქსელში.
თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ ვოთმა „იუ-ეს-ეიდ“-ის მოვალეობის შემსრულებელი ადმინისტრატორის როლი ჩაიბარა. პარასკევს გადადგმული ნაბიჯი რუბიოს ერთ-ერთ თანამდებობას ართმევს - თანამდებობას, რომლებიც ასევე მოიცავს ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოვალეობის შემსრულებლის სტატუსს.
„იუ-ეს-ეიდ“-ის საბოლოო დახურვის პროცესის მართვის გარდა, ვოთი უკვე პრეზიდენტის ბიუჯეტის დირექტორია და დროებით ხელმძღვანელობს მომხმარებელთა ფინანსური დაცვის ბიუროს.
პარასკევს ვოთის ბიუჯეტის ოფისმა გამოაცხადა ტრამპის გეგმები, რომლის მიხედვითაც დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის ოდენობის უცხოური დახმარება უნდა გაუქმდეს. ეს ნიშნავს კონგრესის მიერ უკვე დამტკიცებული თანხების უკან დაბრუნების მცდელობას. კონგრესის წევრებმა განცხადება გააკრიტიკეს და გააფრთხილეს, რომ ტრამპის ქმედებებმა შეიძლება მთავრობის მუშაობის შეჩერება გამოიწვიოს, რადგან კანონმდებლები 30 სექტემბერს ფისკალური წლის დასასრულისთვის ემზადებიან.
შეგახსენებთ, ტრამპმა რუბიო წელს დანიშნა „იუ-ეს-ეიდ“-ის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელად, რათა სააგენტოს ოპერაციები გაეკონტროლებინა. საააგენტოს სტრუქტურებში ფართომასშტაბიანი შემცირება კი აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ პრაქტიკულად ტრამპის გაპრეზიდენტებისთანავე, 2025 წლის 24 თებერვალს დაიწყო.
10 მარტს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუბიომ გამოაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ექვსკვირიანი აუდიტის შემდეგ ოფიციალურად ხურავს „იუ-ეს-ეიდ“-ის პროგრამების 83%-ს.
20 მარტს, აშშ-ის საერთაშორისო დახმარების პროგრამის ფართომასშტაბიანი რეფორმის გეგმები გამოაცხადეს, რომელიც ფოკუსირებულია ქვეყნის გეოპოლიტიკურ ინტერესებთან შესაბამისობაში მყოფ დაფინანსების პრიორიტეტებზე.
1-ლი ივლისის მდგომარეობით, „იუ-ეს-ეიდ“-მა ოფიციალურად შეწყვიტა უცხოური დახმარების პროგრამების ადმინისტრირება. ამ პროგრამების ნაწილი სახელმწიფო დეპარტამენტის მართვაში გადავიდა. ეს გადაწყვეტილებები დიდი დარტყმა აღმოჩნდა სააგენტოსთვის და ორგანიზაციისგან დარჩენილი ნაწილი სახელმწიფო დეპარტამენტს შეუერთდა.
„ოცნების“ პოზიცია
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ხშირად გამოთქვამდნენ კრიტიკას „იუ-ეს-ეიდ“-ის საქმიანობის მიმართ. მათი შეფასებები ძირითადად ეხებოდა ორგანიზაციის პროგრამების მიზნობრიობას და გავლენას საქართველოში.
„წარმოიდგინეთ, როცა ვსაუბრობ „დიფ სთეითზე“, რამდენი რესურსი აქვთ მათ ფინანსური. წელიწადში სჭირდება მილიონი დოლარი იმისათვის, რომ 300 კაცი ყოველდღე დააყენო რუსთაველის გამზირზე. მათთვის, რა თქმა უნდა, დარტყმა იყო USAID-ისა და NED-ის დაფინანსების გაუქმება, ყველა თვალსაზრისით. მაგრამ, როცა მილიონი დოლარი ჰყოფნის იმას, რომ დღეში 300 კაცი დააყენო რუსთაველის გამზირზე, ეს ხელოვნური მუხტი შეგიძლია, შემოინახო. აბსოლუტურად ხელოვნურია ეს ყველაფერი. ხვალ მომეცით მილიონი დოლარი და 365 დღის განმავლობაში ყოველდღე დაგიყენებთ 300 კაცს რუსთაველის გამზირზე,“ - აცხადებდა პრემიერი ირაკლი კობახიძე ერთი თვის წინ.
მმართველ პარტიაში აღინიშნავენ, რომ „იუ-ეს-ეიდ“-ის დახურვა სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ერთ-ერთი პირველი ამ საკითხზე სწორედ საქართველომ დაიწყო საუბარი და ტრამპის ადმინისტრაციას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.
„ერთადერთი, რაც ჩვენთვის გასაკვირია ამ ყველაფრის ფონზე, არის აშშ-ის ადმინისტრაციის დუმილი საქართველოსთან მიმართებით, მაშინ, როდესაც აბსოლუტურად ყველაფერში თანხვედრა გვაქვს, მაშინ, როდესაც ამ და სხვა მიმართულებაშიც ბატონი ტრამპის მხარდამჭერები ვიყავით და ვართ. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ მინიმალურ მადლიერებას ველოდით და სამწუხაროდ, ჯერჯერობით აბსოლუტური დუმილია, რაც ლოგიკურ კითხვის ნიშნებს აჩენს ჩვენს გუნდში“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.