მარიამ ვეკუა
27.08.2025

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის რიტორიკა ისევ უცვლელია- თუ მოსკოვი უახლოეს ორ კვირაში არ დათანხმდება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას, ვაშინგტონი ეკონომიკური სანქციებით იმოქმედებს. ტრამპი აცხადებს, რომ მსოფლიო ომში ჩართვას არ გეგმავს, თუმცა, „ეკონომიკური ომი" რუსეთისთვის მძიმე შედეგებს მოიტანს. რა ზომებს მიიღებს აშშ-ს პრეზიდენტი და იმოქმედებს თუ არა სავარაუდო ეკონომიკური წნეხი რუსეთზე.

დასავლელი ექსპერტები განიხილავენ დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო "ეკონომიკური ომის" დაწყების პერსპექტივას და მის შესაძლო გავლენებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტრამპის მიერ დაგეგმილი სანქციები, როგორიცაა "მეორადი ტარიფები" და მაღალი ტარიფები სხვა ქვეყნებზე, განსაკუთრებით დააზარალებს რუსულ ნავთობის ექსპორტს.

ალექსანდრ კოლიანდრი ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (CEPA) უფროსი მკვლევარი განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებს ენერგორესურსებზე. მისი თქმით, ტრამპის მიერ განხილული „მეორადი სანქციები" და მაღალი ტარიფები, რომლებიც სხვა ქვეყნებსაც შეეხებათ, ყველაზე მძაფრ გავლენას რუსულ ნავთობის ექსპორტზე იქონიებს:

„ეს ნამდვილად მიაყენებს დარტყმას რუსეთს. ნავთობის ვაჭრობა განადგურდება, მაგრამ ეს ძალიან მტკივნეული იქნება თვითონ შეერთებული შტატებისთვისაც. რუსეთი დღეში დაახლოებით 5 მილიონ ბარელ ნავთობს ყიდის, და ამ რაოდენობის სწრაფად ჩანაცვლება შეუძლებელია ისე, რომ ფასები არ აიწიოს."

კოლიანდრის ხედვით, ტრამპის ნაბიჯი ერთდროულად შეიძლება იქცეს როგორც რუსეთისთვის დამანგრეველ ეკონომიკურ იარაღად, ასევე მთელი მსოფლიოსთვის ინფლაციის ამაჩქარებელ ბომბად.

„ნავთობის ფასები ყველა ქვეყანას გაუძვირდება - მათ შორის ამერიკასა და დასავლეთ ევროპასაც. ეს იქნება ცუდი ამბავი მსოფლიო ეკონომიკისთვის"-დასძინა მან.

ელინა რიბაკოვა, საერთაშორისო მიმართულებებით, პეტერსონის უნივერსისტეტის უფროსი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ტრამპი ეკონომიკურ ომში შესაძლოა სწორედ ნავთობზე ფასებიის რეგულირებასა და მეორეადი სანქციების დაწესებას გულისხმობდეს.

„თუ ნავთობის ფასი დარჩება დაბალ ნიშნულზე, რუსეთი ამას იგრძნობს, და მინდა გითხრათ , რომ უკვე გრძნობს კიდეც... ეს დარტყმა მათ აიძულებს ყურადღება სამხედრო ხარჯების გარდა სხვა პრობლემებზე გააამახვილონ, ეს იქნება ერთგვარი ყურადღების გადატანაც ერთი მიმართულებიდან მეორეზე" - განაცხადა რიბაკოვამ.

ტრამპის განცხადებას, ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებით კონსტანტინ სონინი - ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორიც გამოეხმაურა, რომელიც რუსულ ეკონომიკას იკვლევს.

სონინის თქმით, ტრამპის მიერ პირდაპირი სავაჭრო სანქციების დაწესება დიდად რუსეთს არ დააზარალებს, რადგან აშშ-რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები ისედაც ძალიან მცირეა:

„რუსეთის ვაჭრობა შეერთებულ შტატებთან ძალიან მცირეა - შესაბამისად, თუნდაც ამერიკულ კომპანიებს საერთოდ აუკრძალონ რუსეთთან ვაჭრობა, ზიანი რუსეთზე ძალიან მცირე იქნება."

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მზადაა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დააწესოს, თუ მოსკოვი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას არ დასთანხმდება.

რას ამბობს აშშ-ს პრეზიდენტი

„მინდა ეს ომი დასრულდეს. ძალიან, ძალიან სერიოზულია ის, რაც მხედველობაში მაქვს, თუ ამის გაკეთება მომიწევს, მაგრამ მინდა, რომ ეს დასრულდეს", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს, როდესაც ჰკითხეს, დაემუქრება თუ არა რუსეთს შედეგები.

„ჩვენ გვაქვს ეკონომიკური სანქციები. მე ეკონომიკურზე ვსაუბრობ, რადგან მსოფლიო ომში არ ჩავერთვებით. ეს არ იქნება მსოფლიო ომი, არამედ ეს იქნება ეკონომიკური ომი. ეკონომიკური ომი ცუდი იქნება და ეს ცუდი იქნება რუსეთისთვის და მე ეს არ მინდა", - აღნიშნა ტრამპმა.

გარდა ამისა, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს ჰკითხა, გააცნო თუ არა მოსკოვმა მას მოსაზრება ზელენსკის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. ჟურნალისტმა ახსენა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, რამდენიმე დღის წინ ნათქვამი სიტყვები, რომ მოსკოვი ზელენსკის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ლეგიტიმურ ხელმომწერად არ მიიჩნევს.

„არ აქვს მნიშვნელობა რას ამბობენ. ეს ყველაფერი სისულელეა. ისინი ყველა პოზირებენ. ეს ყველაფერი სისულელეა, ყველა პოზირებს", - უპასუხა ტრამპმ

საინტერესოა ისიც, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ინდოეთისთვის დაწესებული 50%-იანი ტარიფები ამოქმედდა.

BBC-ის ინფორმაციით, ინდოეთი, მას შემდეგ რაც ტრამპმა ქვეყანას რუსული ნავთობისა და იარაღის შესყიდვებისთვის დამატებით 25%-იანი ჯარიმა დააკისრა, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტარიფების გადამხდელ ქვეყნებს შორის მოექცა.

გარდა ამისა, გამოცემა წერს, რომ ამან, შეიძლება, დარტყმა მიაყენოს ინდოეთის ექსპორტსა და ეკონომიკურ ზრდას იმის გათვალისწინებით, რომ აშშ, ბოლო დრომდე, ინდოეთის უდიდესი სავაჭრო პარტნიორი იყო.

მიმდინარე თვის დასაწყისში ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ პირობა დადო, რომ შეამცირებს გადასახადებს მათი ეკონომიკური ზემოქმედების შესამსუბუქებლად. მან ასევე გამოთქვა მხარდაჭერა შიდა თვითკმარობის გაზრდის მიმართ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×