
საქართველოში 257 ათასი მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რაც მთლიანი მოსახლეობის თითქმის 7%-ია. ერთი შეხედვით, 7% შესაძლოა, ბევრი არ იყოს, მაგრამ მცირერიცხოვან ერში, სადაც მძიმე დემოგრაფიული ვითარებაა, ეს ოდენობა საშიშია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 257 ათასი მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ბოლო აღწერის მონაცემების თანახმად, საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 3.914 მილიონს შეადგენს, საიდანაც 93.4% საქართველოს მოქალაქე, 6.6% კი ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხოელია.
ყველასთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ საქართველოში რთული დემოგრაფიული სურათია და მოცემულობას კიდევ უფრო ართულებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მზარდი რაოდენობა. ეს ფაქტი მძიმედ აისახება ისედაც მწვავე დემოგრაფიაზე, დასაქმებისა და კულტურულ მომართულებებზე.
როგორც ორგანიზაცია "ერი და სახელმწიფოს” ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე მიიჩნევს, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ოდენობა საგანგაშოა, რაც დემოგრაფიასთან ერთად, უარყოფითად აისახება ეკონომიკაზეც.
"ადგილობრივი მოსახლეობის მზარდი გადინების ფონზე, რა თქმა უნდა, უცხოელების ეს ოდენობა საგანგაშოა, თანაც საქართველოში კვლავ გრძელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა, მათი წახალისება. იმ ფონზე, რომ ჩვენ თავად მოსაგვარებელი გვაქვს ბინადრობის საკითხი, უძრავი ქონების შეძენის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები იღებენ ბინადრობის უფლებას. პარალელურად, ქართველების მიგრაციამ პერმანენტული ხასიათი მიიღო, ამიტომ სტატისტიკა მართლაც შემაშფოთებელია.
დემოგრაფიას რომ თავი დავანებოთ, ეს უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზეც, რადგან უცხო ქვეყნის მოქალაქეები სამუშაო ადგილებს ართმევენ აქ მცხოვრებ ადამიანებს. რა თქმა უნდა, ხელისუფლების უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს, საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვა. ასეთ ანარქიულ პოლიტიკას ვერ ვნახავთ სხვა ქვეყნებში. თითქმის ყველა სახელმწიფო ცდილობს დაიცვას საკუთარი მოსახლეობა, ეკონომიკურ თუ მიგრაციულ საკითხებში.
როდესაც ქვეყნიდან ჩვენი თანამემამულეების გადინებაზე ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს, რომ მზარდი მიგრაცია დღემდე გრძელდება და წუთითაც არ შეჩერებულა. სულ ახლახანს ვნახეთ ოფიციალური მონაცემები, სადაც წერია, რომ 5500 სკოლის მოსწავლე ვეღარ და აღარ აგრძელებს სწავლას საქართველოში იმის გამო, რომ ოჯახით წავიდა და დატოვა ქვეყანა”, - განუცხადა "რეზონანსს” ზვიად ტომარაძემ.
უკვე რამდენიმე წელია საქართველოს ბუნებრივი მატება არ ჰქონია. ბოლო პერიოდში, ქვეყანაში იმაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. ასე მაგალითად, 2020 წელს დაიბადა - 46 520 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა - 50 537 ადამიანი, 2021 წელს დაიბადა – 45 946 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა - 59 906 ადამიანი, 2022 წელს დაიბადა – 42 319 ადამიანი და გარდაიცვალა – 49 118 ადამიანი, 2023 წელს დაიბადა – 40 214 ადამიანი და გარდაიცვალა – 42 756 ადამიანი, ხოლო 2024 წელს დაიბადა – 39 483 ადამიანი და გარდაიცვალა 43 971 ადამიანი.
სოციოლოგი პაატა აროშიძე ფიქრობს, რომ თუ საქართველოდან ქართველების მიგრაცია და უცხოელების ქვეყანაში შემოდინება გაგრძელდება, ქართველები წლების შემდეგ უმცირესობაში მოვექცევით,
"ჯერჯერობით, უცხოელთა ეს სტატისტიკური მაჩვენებელი საბოლოო არ არის, რადგან დაზუსტებული მონაცემები შემდგომში გახდება ცნობილი, მაგრამ ის, რაც ახლა ვიცით, რა თქმა უნდა, საგანგაშოა. ასეთი შედეგი გვაქვს არა მხოლოდ და მხოლოდ უცხოელთა შემოსვლის, არამედ ქართველთა მიგრირების ხარჯზე. პროცენტულად, საქართველოს იმაზე მეტი ქართველი ტოვებს და მიდის უცხოეთში, ვიდრე უცხოელი შემოდის, რაც იწვევს იმას, რომ სხვადასხვა მიმართულებით ადგილობრივ მუშახელს ანაცვლებს, უცხო ქვეყნის მოქალაქე.
მაგალითად, ავიღოთ მშენებლობა, ყველასათვის ცნობილია, რომ ქართველები უცხოეთში მიდიან მათ შორის სამშენებლო სამუშაოებზეც მაშინ, როდესაც საქართველოში მშენებარე ობიექტებზე, ძირითადად, უცხოელები არიან დასაქმებულნი. შეიძლება ვინმე იფიქროს, რომ ღია ეკონომიკის და შრომის ძალიან საერთაშორისო გადაადგილების პირობებში, ეს არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ჩვენ რომ ვიყოთ ის ერი, რომელიც მრავლდება და წლიდან წლამდე უფრო მეტი ადამიანი იბადება, ვიდრე იღუპება, მაშინ, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა პრობლემატური, მაგრამ ჩვენთან ყველაფერი პირიქითაა. ეს იმას ნიშნავს, რომ გაივლის რაღაც პერიოდი და ქართველები უმცირესობაში აღმოვჩნდებით.
საქართველო არ უნდა იყოს ის ქვეყანა, სადაც უცხოელები დასახლებიან და ბინადრობის და მუშაობის უფლებას მიიღებენ. საქართველო, პირველ რიგში, უნდა იყოს ქართველებისათვის და აქ უნდა შეიქმანს შესაბამისი პირობები. თანამემამულეების უმეტესი ნაწილი უცხოეთში მიდის მძიმე სოციალური პირობებიდან გამომდინარე და აქ შეიძლება დაისვას კითხა, თუ ქართველი გარბის სხვა ქვეყანაში, მაშინ უცხოელი რატომღა ჩამოდის აქ?
განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, რუსეთ-უკრაინის ომი ფონზე, თანაბარი რაოდენობით ჩამოდიან რუსებიც და უკრაინელებიც, იძენენ ბინებს და არის ის ინფორმაციაც, რომ არალეგალურ ბიზნესს ეწევიან. მაგალითად, გახსილი აქვს კაფე-ბარები თავის საცხოვრებელ ბინებში. არ ვიცი სხვა ქალაქში როგორ ჩანს, მაგრამ ბათუმში აშკარაა, რომ უცხოელი ოჯახი ყოდულობს რამდენიმე ათეული დასახელების სასმელს ან დესერტს და ფაქტია, რომ მხოლოდ საკუთარი მოხმარებისათვის არ არის და აქვს ჩრდილოვანი ბიზნესი.
შეიძლება ვინმეს უახლოესი პერიოდისათვის არანაირ პრობლემად არ მოეჩვენოს, მაგრამ გაივლის წლები და ჩვენ მართლაც მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, თუ ასეთი ტემპით გარგძელდება ქართველთა გასვლა უცხოეთში და უცხოელების შემოსვლა საქართველოში”, - განუცხდა "რეზონანსს” პაატა აროშიძემ.