პეკინში აცხადებენ, რომ ჩინეთმა და რუსეთმა თავისი უსაფრთხოება ერთობლივად უნდა დაიცვან
მარიამ ვეკუა
26.08.2025

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებასთან დაკავშირებით წამოყენებული ახალი ულტიმატუმის ვადის გასვლამდე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩინეთს ეწვევა. ამის ფონზე ვაშინგტონსა და პეკინში საგულისხმო განცხადებები კეთდება. სამშაბათს ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა პეკინში რუსული დელეგაციის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ჩინეთმა და რუსეთმა თავიანთი უსაფრთხოების და განვითარების ინტერესები ერთობლივად უნდა დაიცვან. პარალელურად დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთთან და ჩინეთთან ბირთვულ განიარაღებაზე მუშაობს და ამავდროულად ეკონომიკური სანქციებსაც განიხილავს.

დონალდ ტრამპმა 22 აგვისტოს ერთგვარი ულტიმატუმი წამოაყენა - თუ უახლოეს ორ კვირაში უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები პირად შეხვედრასა და სამშიდობო მოლაპარაკების დაწყებაზე ვერ შეთანხმდებიან, ის ახალ სანქციებს დაუწესებს რუსეთს, ან საერთოდ არაფერს მოიმოქმედებს. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ვისი მიზეზით ვერ მოხდება შეთანხმება შეხვედრაზე.

ეს ვადა 5 სექტემბერს გადის. რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ პუტინი 4-დღიანი ვიზიტით ეწვევა ჩინეთს. იგი დაესწრება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის, რომელიც 31 აგვისტოდან 1-ლ სექტემბრამდე ტიანცინში გაიმართება. სამიტზე ასევე მოსალოდნელია ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის, მონაწილეობა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩინეთისა და რუსეთის სტრატეგიულ კოორდინაციას გლობალური სამხრეთის ქვეყნებთან.

3 სექტემბერს კი პუტინი პეკინში მე-2 მსოფლიო ომის დამთავრების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს დაესწრება. გარდა ამისა, პეკინში დაგეგმილია რუსული და ჩინური დელეგაციების მასშტაბური შეხვედრები.

ორშაბათს კი ჩინეთში რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის, სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი ჩავიდა, რომელიც უსაფრთხოების ფორუმზე ათობით გლობალური სამხრეთ ქვეყნების ლიდერს შეხვდება. უკვე შედგა ვოლოდინის შეხვედრა სი ძინპინთან, რომლის დროსაც ჩინეთის პრეზიდენტმა ასეთი განცხადება გააკეთა:

„ჩინეთმა და რუსეთმა ტრადიციული მეგობრობა უნდა გააგრძელონ და სტრატეგიული ურთიერთნდობა უნდა გააღრმავონ. უფრო სამართლიანი საერთაშორისო წესრიგის შექმნის მიზნით, მხარეებმა თავიანთი უსაფრთხოებისა და განვითარების ინტერესები ერთობლივად უნდა დაიცვან".

მისივე თქმით, ჩინეთმა და რუსეთმა გლობალური სამხრეთის ქვეყნები „უნდა გააერთიანონ", რადგანაც „ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობები მსოფლიო მშვიდობის სტაბილურობის წყაროს წარმოადგენს".

ამის პარალელურად აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის აცხადებს, რომ რომ აშშ რუსეთთან და ჩინეთთან ბირთვულ განიარაღებაზე მუშაობს და ეს საკითხი ალასკაში პუტინთან შეხვედრის დროს განიხილა. მისივე თქმით, რუსეთი ამისთვის მზად არის და ფიქრობს, რომ ჩინეთიც მზად იქნება.

ამის შესახებ ტრამპმა ვაშინგტონში სამხრეთ კორეის პრეზიდენტ ლი ჯე მიუნგთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

„ერთი რამ, რასაც რუსეთთან და ჩინეთთან ვცდილობთ, ბირთვული განიარაღებაა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი რამაა, რაც პრეზიდენტ პუტინთან იმ დღეს განვიხილე. მხოლოდ ეს არ ყოფილა, სხვა რაღაცებიც იყო, მაგრამ ვფიქრობ, ბირთვული განიარაღება ძალიან დიდი მიზანია, თუმცა რუსეთი ამის გასაკეთებლად მზად არის და ვფიქრობ, რომ ჩინეთი ასევე მზად იქნება. ვერ დავუშვებთ, რომ ბირთვული იარაღი გავრცელდეს. ბირთვული შეიარაღება უნდა შევაჩეროთ, ზედმეტად დიდი ძალაა", - თქვა ტრამპმა.

გარდა ამისა, ორშაბათს ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთმა შეერთებულ შტატებს იშვიათი მინერალები უნდა მიაწოდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სანქციებს დაუწესებს

„მათ 200%-იანი ტარიფი ან მსგავსი სანქციები უნდა დავაწესოთ".-განაცხადა პრეზიდნეტმა.

ინდოელი ექსპორტიორებიც ოთხშაბათიდან ემზადებიან, რომ აშშ-ის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვებისთვის დამატებით 25%-იანი ტარიფების დაწესებას გაუმკლავდნენ.

ექსპერტების შეფასებები

ექსპერტები საუბრობენ, თუ რა შეიძლება მოჰყვეს აშშ-ის მიერ რუსეთის და მისი მოკავშირეების დასაქნცირებას და აღნიშნავენ, რომ ეს ნაბიჯი წარმოადგენს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ახალ ეტაპს, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთზე ეკონომიკური წნეხის გაზრდას, თუმცა, ამავდროულად, შეიძლება გამოიწვიოს გლობალური ენერგეტიკული ბაზრების დესტაბილიზაცია.

რუსული ეკონომიკის ექსპერტი ალექსანდრ კოლიანდერი კი ტრამპის სანქციებზე აკეთებს აქცენტს:

„ეს ნაბიჯი ნამდვილად დააზარალებს რუსეთს, მაგრამ ასევე ძალიან მტკივნეული იქნება შეერთებული შტატებისთვისაც. ვფიქრობ, ტრამპის სანქციები შესაძლოა არ განხორციელდეს დაგეგმილ ფორმატში. ტრამპის სანქციებმა შეიძლება აშშ-ს მოკავშირეებიც კი დააზარალოს, რაც ხელს შეუშლის გლობალური ეკონომიკის სტაბილურობას."

დასავლელი ანალიტიკოსები სი ძინპინის განცხადებებს „გლობალური წესრიგის გადახედვის მცდელობად" აფასებენ. ფინანსური ეკონომიკის სპეციალისტი ანდრიუ ჯეი სინკლერი „ტელეგრამზე" წერს:

„ჩინეთი ცდილობს შექმნას პარალელური გლობალური სისტემა აშშ-ის მეთაურობით არსებული სისტემის გვერდით, რაც შესაძლოა გამოიწვიოს გლობალური ძალების ბალანსის ცვლილება. ეს ახალი რეალობაა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×