
რუსეთსა და სომხეთს შორის დაწყებული ეკონომიკური დაპირისპირება საქართველოს ეკონომიკაზეც უარყოფით გავლენას მოახდენს. აშკარაა, რომ რუსეთი ემბარგოს უცხადებს სომხეთის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას. ამის მიზეზი კი შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობაა. კერძოდ, სომხეთის კურსის ცვლილება ევროპისკენ, რასაც რუსეთის გაბრაზება მოჰყვა და გადაწყვიტა ეკონომიკური ბერკეტები აამოქმედოს.
ფაქტია, ჩვენს ორ მეზობელ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური დაპირისპირება საქართველოზეც აისახება. პირველ რიგში, ზემო ლარსის მიმართულებით ტრანზიტად გამავალი სატვირთოების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება. აქვე უნდა ითქვას ის გარემოებაც, რომ სომხეთს შეაქვს რუსეთში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ის ნაწილი რაც ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ, ამიტომ შეიძლება ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზარდოს და ჩვენმა ფერმერებმა და მწარმოებლებმაც იხეირონ, მაგრამ ადგილობრივი მომხმარებლისთვის ფასი გაიზარდოს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სფეროს სპეციალისტების აზრი ორად იყოფა. ნაწილი მიიჩნევს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებულმა ეკონომიკურმა დაპირისპირებამ შესაძლოა, მხოლოდ საქართველოს ბიუჯეტს რამდენიმე მილიონიანი ზარალი მოუტანოს, მაგრამ ხალხზე არ აისახება. ნაწილი კი თვლის, რომ ორ ქვეყანას შორის დაწყებული ეკონომიკური დავა გაცილებით სერიოზულია. როცა ორივე მეზობელი ქვეყანა თავიანთი ტვირთების გადასაზიდად ჩვენს ტერიტორიას იყენებენ, ფაქტია, ჩვენც დავზარალდებით.
ანალიტიკოს პაატა ბაირახტარის შეფასებით, ორ მეზობელს შორის გაფუჭებული ეკონომიკური ურთიერთობა ყოველთვის მოქმედებს სხვა მეზობელზეც, რომელსაც აქვს მათთან ეკონომიკური ურთიერთობა. შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ სხვადასხვა მინუსებზე და პლიუსებზე, ბევრი ავწონ-დავწონოთ, მაგრამ ხელშესახები სარგებელი ამ ამბიდნ საქართველოს არ ექნება.
,,არა მგონია ორ მეზობელს შორის გამწვავებული სავაჭრო ურთიერთობები ჩვენთვის რაიმე მნიშვნელოვან პლუსებს შეიცავდეს. ყველა პარამეტრის გათვალისწინებით, არა მგონია ეს ეკონომიკური დავა ჩვენთვის რაიმე დადებით ელემენტებს შეიცავდეს. რაც შეეხება უარყოფით მომენტებს, გარკვეული ნეგატიური ფაქტორები ახლავს ტვირთის გატარების მიმართულებას, რომელიც ჩვენს დერეფანში მოძრაობს. სომხეთის ეკონომიკას საქართველოსთან საკმაოდ მჭიდრო კავშირი აქვს და მათი პრობლემები ჩვენზე დადებითად არ აისახება.
ყოველთვის ვამბობ და კიდევ გავიმეორებ, რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები და რაიმე ტიპის ეკონომიკური დამოკიდებულება ყოველთვის დიდი საფრთხის შემცველია. ეს არის ქვეყანა, რომელიც ძირითად შემთხვევაში ეკონომიკურ ბერკეტებს პოლიტიკური მიზნებითა და ინტერესებით იყენებს. რუსეთი არის ერთ-ერთი ყველაზე არასანდო პარტნიორი არა მხოლოდ ეკონომიკურ ჭრილში, არამედ, ყველა მიმართულებით", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ბაირახტარმა.
რადგან რუსეთი სომხურ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე უარს აცხადებს, საინეტესოა, ეს უკანასკნელი რამდენად აისახება ქართულ პროდუქციაზე და გაიზრდება თუ არა მასზე მოთხოვნა? ბაირახტარის მოსაზრებით, ამ მიმართულებით თეორიული შანსები არსებობს, მაგრამ საქართველოს ეკონომიკისთვის ეს არაფერს შეცვლის.
"მაგალითად, სომხური კონიაკი ,,დაიწუნეს" რუსეთში, რადგან ხარისხი არ შეესაბამება სტანდარტებს. შესაძლებელი ის დანაკლისი, რომელიც ამ კუთხით შეიქმნება მათ ბაზარზე ქართული ბრენდით ჩანაცვლდეს, თუმცა ამას დიდი ეფექტი ვერ ექნება. ვფიქრობ, რაიმე მნიშვნელოვან ეკონომიკურ ბენეფიტს ჩვენი ქვეყანა ვერ მიიღებს", - დასძინა ბაირახტარმა.
საპირისპირო მოსაზრება აქვს აღნიშნულ საკითხთან დაპირისპირება ეკონომისტ აკაკი ცომაიას. მისი აზრით, მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური დაპირისპირება საქრთველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.
"ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური დაპირისპირება და ომი, ვფიქრობ, საქართველოს ეკონომიკაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. საქართველოს შეუძლია შემოიტანოს საქონელი სომხეთიდან და რუსეთში ექსპორტზე საქართველოს სახელით გაუშვას. ამ შემთხვევაში რუსეთის ნაცვლად, სომხეთიდან ექსპორტი საქართველოში გაიზრდება.
რაც შეეხება რუსეთის მხრიდან სომხეთის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, ეს გავლილი თემაა. ზუსტად იგივე ნაბიჯები გადადგა რუსეთმა საქართველოს მიმართ. მაშინ საქართველო მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული რუსეთის ეკონომიკაზე. სომხეთს დღეს უწევს იგივე გზის გავლა და იმავე ნაბიჯების გადადგმა, რაც მაშინ ჩვენმა ქვეყანამ გადადგა.
თავისი გეოპოლიტკური მდგომარეობიდან გამომდინარე სომხეთი უფრო რთულ მდგომარეობაშია, რომ ექსპორტის დივერსიფიცირება შეძლოს. ის ძალიან ბევრი წლის განმავლობაში მხოლოდ რუსეთის ბაზარზე იყო დამოკიდებული. მოკლე დროში მას უფრო გაუჭირდება, მაგრამ თავისთავად, სომხეთის ხელისუფლებას რუსეთის მხრიდან ეკონომიკური წნეხის მოლოდინი უნდა ჰქონოდა.
რაც შეეხება საქართველოს, ამ პროცესებს ჩვენთვის ხელშესახები არაფერი მოჰყვება. ერთადერთი შეიძლება მოხდეს ის, რომ საქართველოს გავლით რუსეთში აღმოჩნდეს სომხური პროდუქცია. ეს კი ქვეყანას და საზოგადოებას ბევრ არაფერს შემატებს", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" აკაკი ცომაიამ.
რაც შეეხება სატრანზიტო შემოსავალს, სომხური სატვირთო მანქანების ნაკადის კლებით, საქართველოს ბიუჯეტს რამოდენიმე მილიონი ლარი დააკლდება, მაგრამ ამას რიგითი მოქალაქე ვერც იგრძნობს.
,,თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე ეს გავლენას ვერ მოახდენს. საბიუჯეტო შემოსავლები დაიკლებს, ეს იქნება და ეს. რაც შეეხება რუსეთის მხრიდან ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე მოთხოვნას შესაძლო ზრდას, ეს შესაძლებელია, მაგრამ თუ საქართველო აქამდე ვერ ახერხებდა სომხურ პროდუქტის ჩანაცვლებას, ახლა როგორ უნდა ჩაანაცვლოს? საქართველოს აქვს თავისი პროდუქცია, რომელსაც რუსულ ბაზარზე ყიდის. ის ახერხებს იმის გაყიდვას, რაც შეუძლია. მეტი რომ შეეძლოს, მეტსაც გაყიდდა. რუსეთის მხრიდან რომც გაიზარდოს მოთხოვნა, მარტივი არაა მისი დამზადება და სომხური პროდუქციის ქართულით ჩანაცვლება. ეს ასე მალე ვერც მოხდება", - უთხრა ,,ბიზნეს -რეზონანსს" აკაკი ცომაიამ.
რამდენიმე დღის წინ ასობით სომხურ სატვირთოს რუსეთში შესვლაზე უარი ეთქვა. მიზეზად რუსული მხარე ფიტოსანიტარულ სტანდარტებს ასახელებს და რუსეთმა სომხური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პარტიების ნაწილი იმპორტიორ ქვეყანაში გააბრუნა.
ადგილობრივი რეგიონული მედიის ინფორმაციით, საქართველოს გავლით რუსეთში მიმავალი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით დატვირთული ასობით სატვირთო იძულებული გახდა ზემო ლარსის გამშვები პუნქტიდან სომხეთში დაბრუნებულიყო. რუსული მხარე კი ამტკიცებს, რომ საქონელი ფიტოსანიტარულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა. თუმცა, აღნიშნულს არ ეთანხმება სომხური მხარე და ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკურ მოტივებზე.
ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი, რომელიც სომხეთს რუსეთთან საქართველოს გავლით აკავშირებს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სომხური ვაჭრობისთვის. აღნიშნული პუნქტს ყოველდღიურად დაახლოებით 150 სომხური სატვირთო მანქანა კვეთს.