
სამუშაო ძალების და წარმოების არათანაბარი განაწილება დედაქალაქისთვის დიდი გამოწვევაა. იმის გამო, რომ რეგიონები ვერ ვითარდება, მიგრაციული პროცესი გააქტიურებულია და ადამიანები სულ უფრო და უფრო მოიწევენ თბილისისკენ დასაქმების და საცხოვრებელი ადგილის შეცვლის მიზნით. ამ დროს პატარა ქალაქები და სოფლები ცარიელდებიან. ფაქტობრივად მთელი ეკონომიკური რესურსი თბილისში იყრის თავს, შემდეგ უკვე ბათუმში, რომელიც კიდევ ერთი თავკომბალა ქალაქია, სადაც მაღალი მიგრაცია შეინიშნება.
როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ერთ-ერთი გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში შეიძლება იყოს პატარა ქალაქების განვითარება, როგორიცაა გორი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ფოთი, თელავი, ბოლნისი და სხვა. ამით ხალხს საშუალება მიეცემა, ახლომდებარე დასახლებებიდან თბილისში კი არ გამოიქცეს, ადგილობრივ ადმინისტრაციულ ცენტრში ჩავიდეს დასაქმების ან რაიმე ბიზნესის წამოწყების მიზნით. აუცილებელი პირობაა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება და მცირე ქალაქების ურბანული განვითარება, რისი მაგალითებიც განვითარებულ ქვეყნებში, მათ შორის, აშშ-ში ათეულათასობითაა.
როგორც აკადემიკოსმა ავთო სილაგაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ აღნიშნა, მიგრაციას განაპირობებს ის სოციალური გარემო, რომელიც სოფელშია შექმნილი. ადგილზე კულტურულ-შემეცნებითი ობიექტების დიდი სიმცირეა, არ არის გართობისთვის საკმარისი პირობები და სხვა, რის გამოც ახალგაზრდებს რეგიონში ცხოვრება აღარ სურთ.
,,შეიძლება თბილისში ჩასული ადამიანი სულაც უმუშევრად დარჩეს, მაგრამ იმ განწყობით, რომ ის ქალაქის მკვიდრია და სოფელს არის მოშორებული, მაინც ასე ცხოვრებას ამჯობინებს. რა თქმა უნდა, ეს არასწორი მსჯელობაა. 1990-იანი წლებიდან დაწყებული, ეს პრობლემა დგას საქართველოს წინაშე. მიუხედავად სხვადასხვა პროგრამისა და ხელისუფლების მცდელობისა, ძნელი იქნება ამ პრობლემასთან გამკლავება.
იმისათვის, რომ დეცენტრალზიაცია მოხდეს, რეგიონების როლი უნდა გაიზარდოს, ამისთვის მნიშვნელოვანია თვითმმართველობების ფინანსური გაძლიერება, რადგან მუნიციპალიტეტებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. ადგილობრივი პრობლემა რეგიონის კვიდრმა უკეთ იცის და მისი გადაჭრის გზაც. შეზღუდული ფინანსური რესურსის პირობებში ზოგჯერ ელემენტარული პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობაც არ არის. ამიტომ თვითმმართველობების ფუნქცია უნდა გაიზარდოს", - განაცხადა სილაგაძემ ჩვენთან საუბრისას.
პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ რეალურ გზად აკადემიკოსი რეალური სექტორის განვითარებას მიიჩნევს.
,,სოფლად მთელი ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს და ამ დროს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე მთლიანი შიგა პროდუქტის მეხუთედიც არ მოდის. ეს კატასტროფული შედეგია. ხელისუფლებამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მაქსიმალურად უნდა გაანაწილოს რესურსები ცენტრსა და რეგიონებს შორის. მე მხედველობაში მაქვს ინვესტიციები, გრანტები და საბიუჯეტო სახსრები, რომლებიც არა სოციალური ტიპის პროექტებში, არამედ რეალური სექტორის გასაძლიერებლად უნდა იხარჯებოდეს. გარდა იმისა, რომ თბილისი ურბანულად არის თავკომბალა, ეკონომიკური კუთხითაც ზუსტად ასეა", - განაცხადა ავთო სილაგაძემ.
პატარა ქალაქების განვითარების შესაძლებლობასა და ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურებაზე საუბრობენ სპეციალისტებიც. სამშენებლო დარგის სპეციალისტმა, ინჟინერ-მშენებელმა გიორგი შვანგირაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ისაუბრა რეალურად რა პრობლემის წინაშეა თბილისი, რამდენად ქმნის ცენტრალიზაცია პრობლემას და რა უნდა გაკეთდეს მდგომარეობის გამოსასწორებლად.
,,ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, ვინც უნდა შექმნას დოვლათი და ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტი გახდეს, ქვეყნიდან გადის, ეს დიდი გამოწვევაა. დასაქმების ხელშემწყობი ღონისძიებები უნდა გააქტიურდეს და რეგიონები განვავითაროთ. როცა ადამიანი ბიზნესს იწყებს პატარა ქალაქში, მაგალითად, გორში, გარანტია არ აქვს, რომ იმუშავებს. ამისთვის მნიშვნელოვანია, მთავრობამ სტიმული მისცეს, გადასახადები შეამციროს, ზარალის შემთხვევაში, სუბსიდირება განახორციელოს და ა.შ.
პრობლემა თბილისისთვის ნამდვილად მასშტაბურია, ვინაიდან ცენტრალიზაციამ გამოიწვია მისი გადაქცევა ბეტონის ქალაქად. ყველა უბანში მშენებლობებია, საცობებია, ქუჩების განტვირთვაც რეალურად ვერ ხერხდება. არსად ჩანს ზრუნვა, რომ სხვა ქალაქებს შეუწყონ ხელი და ადგილობრივ მოქალაქეებს დაეხმარონ“, - განაცხადა გიორგი შვანგირაძემ და დასძინა, რომ ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს სახელმწიფო სამსახურების გადასვლა რამდენიმე პატარა ქალაქში, რაც დასაქმების კუთხითად დადებით გავლენას მოახდენს.
,,სახელმწიფო სამსახურების სხვადასხვა ქალაქში გადასვლა არ იქნებოდა ურიგო, თავის დროზე ქუთაისში პარლამენტის გადატანის იდეაც ამით იყო განპირობებული. ეს გადაწყვეტილება დაბალი ფენის საზოგადოებისთვისაც ძალიან ხელსაყრელი აღმოჩნდა და ახალი სამუშაო ადგილის შექმნასაც შეუწყო ხელი. ცხადია, ეს დიდ ადამიანურ რესურსს მოითხოვს, რაც განვითარებას მისცემს ბიძგს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანაში მაღალი შიდა მიგრაცია უკვე მთავარ პრობლემად იქცა, არა მარტო ქთბილისის ცენტრალური ნაწილისთვის, გარეუბნებისთვისაც. საცობებს და გადატვირთულობას რომ თავი დავანებოთ, ცალკე საკითხია ეკოლოგია, დაბინძურებული ჰაერი. ავტომობილების რაოდენობა, ფაქტობრივად, გაათმაგებულია, ხოლო გზები დაახლოებით იმ დონეზე დარჩა, როგორიც საბჭოთა პერიოდში იყო.
კოლაფსი გარდაუვალი იქნება, თუკი დროულად არ დაიწყება პრობლემის დაძლევაზე მუშაობა და პატარა ქალაქების როლს არ გავაძლიერებთ“, - აღნიშნა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ გიორგი შვანგირაძემ.